მოქალაქეები პარლამენტის მუშაობაზე დაკვირვებას მობილური აპლიკაციით შეძლებენ

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, საპარლამენტო საქმიანობას ელექტრონულად მიადევნონ თვალი. ამ მიზნით, შეიქმნა ახალი აპლიკაცია GeoParliament, რომლის ჩამოტვირთვა Play Store-დან უკვე შესაძლებელია.
GeoParliament App შეიქმნა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი საპარლამენტო პროექტის მხარდაჭერით და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) თანამშრომლობით.
მობილური აპლიკაციისა და პარლამენტის ვებ-გვერდის საჯარო ინფორმაციის მოდულის გამოყენებით შესაძლებელი იქნება პარლამენტის საჯარო ინფორმაციის გაცნობა, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა და პარლამენტში შეკითხვების გაგზავნა.
“აპლიკაციის GeoParliament App მეშვეობით შესაძლებელია მობილურიდან ადევნო თვალი პარლამენტის მუშაობას, გააგზავნო კომენტარი კანონპროექტზე, გაეცნო დღის წესრიგს, საპარლამენტო და ბიუროს სხდომების განრიგს, საპარლამენტო განხილვებისა და ახალ კანონმდებლობაზე მსჯელობის თარიღებს. საჯარო ინფორმაციის მოდული, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდშია ინტეგრირებული, აადვილებს წვდომას პარლამენტის საჯარო ინფორმაციაზე და შესაძლებლობას იძლევა ელექტრონულად გამოითხოვო ინფორმაცია პარლამენტის ბიუჯეტის, ხარჯებისა და შესყიდვების შესახებ“, - ამბობს ლევან ავალიშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორი.
“დემოკრატია ევროკავშირის საკვანძო ღირებულება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საფუძველია. ახალი სისტემა პარლამენტის მიმართ ევროკავშირის ხელშეწყობის მაგალითია. იმედი გვაქვს, რომ მისი მეშვეობით საკანონმდებლო პროცესი უფრო ღია და ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისათვის”, -ამბობს ვინსენტ რეი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი.
ღია პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანას აერთიანებს. მიმდინარე წელს საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის როლს ასრულებს და 2018 წლის ივლისში OGP-ის მეხუთე ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს.
ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ ღია პარლამენტის განვითარებას მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გამტკიცებას ემსახურება.