შრომის ინსპექია უსაფრთხოების წესებისა და შრომითი ხელშეკრულების დარღვევისთვის დამსაქმებლებს სანქციებს არ დაუწესებს

“იქ სადაც ირღვევა სოციალური სტანდარტები, ყოველთვის შესაძლებელია სოციალური აფეთქება”
“ინვესტორისათვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო და სტაბილური ბიზნესგარემო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მარტივი, ნათელი და მხოლოდ აუცილებელი რეგულაციები”
“წინა პროექტში პირადპირ ეწერა, რომ ინსპექტორებს შეეძლოთ საწარმო გაეჩერებინათ თავიანთი ვარაუდების საფუძველზე, რაც ეკონომიკურად და პოლიტიკურად მიზანშეუწონელი იყო იმ ფონზე, რაც საქართველოს ეკონომიკაში ხდება. ამ ვარიანტში კი შესაძლებელია ეტაპობრივ განვითარებაზე ვისაუბროთ და არა ხისტ დამოკიდებულებაზე. ახლა მთავრია როგორ მოხდება ამის განვითარება. ეს დეპარტამენტი სარეკომენდაციო-აუდიტორულ ორგანოდ უნდა იქცეს, რომელიც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მაკონტროლებელშიც გადაიზარდოს, თუ ელემენტარული პირობებიც კი არ არის დაცული საწარმოში და ვიღაცას შეგნებულად არ უნდა ამის აღმოფხვრა.”-აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი მიხეილ კორძახია.
ყველა თანხმდება, რომ დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, თუმცა მთავარი შეკითხვა, რაც შრომის ინსპექციის საკითხზე მუშაობის დროს გაჩნდა, ბიზნესს უკავშირდება- იქნება ეს ზედმეტი რეგულაცია ბიზნესისთვის თუ მივიღებთ უსაფრთხო შრომის შედეგად გაზრდილ შრომისნაყოფიერებას. ბიზნესასოციაციის ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობებში დამატებითი რგოლის შექმნა შრომით ურთიერთობებს დააზარალებს და შესაბამისი მიზნებისათვის ბიზნესის წარმოებასაც გაართულებს.
“შრომითი უფლებების დასაცავად დასაქმებულს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში არაერთი ინსტრუმენტი გააჩნია, დაწყებული დამსაქმებელთან ინდივიდუალური მოლაპარაკებით, დამთავრებული სასამართლოთი. ყოველი ახალი რეგულაციისათვის ბიზნესსაც და საზოგადოებასაც გარკვეული ფასის გადახდა გვიწევს, რადგან ყველაფერი საბოლოო ჯამში ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულებაზე აისახება, რომელსაც ვყიდულობთ ჩვენ - მომხმარებლები.ინვესტორისათვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო და სტაბილური ბიზნესგარემო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მარტივი, ნათელი და მხოლოდ აუცილებელი რეგულაციები” -აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.
eugeorgia.info-ს შეკითხვაზე- ხომ არ იქნება ეს დამატებითი ტვირთი ბიზნესისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სანქციებისა და სადამსჯელო ზომების ამოქმედება ამ ეტაპზე არ იგეგმება და შრომის ინსპექტორები მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან.
“ბიზნესს დავეხმარებით შემუშავებული სტანდარტების დანერგვაში. ასევე, აუცილებელია ცნობიერების დონის ამაღლება, როგორც დამსაქმებლებში, ასევე დასაქმებულებში, რომ იცოდნენ ის სტანდარტები და სამუშაო გარემო, რომელშიც უნდა უწევდეთ მუშაობა. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც ხანგრძლივ პროცესთანაა დაკავშირებლი. ამ ეტაპზე არ მოხდება ჩარევა სანქციებით, ჩვენი ინსპექტორები შრომის უსაფრთხოებისა თუ შრომის კანონმდებლობის უფლებების გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციებითა და შესაბამისი წინდადებით მიმართავენ”-აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელზა ჯგერენაია.
სანქცირებისა და კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს პროფკავშირებს. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს აუცილებლად მიაჩნია სადამსჯელო ღონისძებების გატარება. ამასთან, ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ სამმხრივი კონტოლის გარეშე ინსპექცია კვლავ ისეთ კორუფციულ სახეს მიიღებს, რის გამოც ის 2006 წელს გაუქმდა.
“აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მეწარმეს უსაფრთხოებასა თუ შრომის პირობებთან დაკავშირებით საწარმოში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. ერთხელ, ორჯერ თუ არ გაითვალისწინა, ამის შემდეგ სანქცია უნდა დაწესდეს. სხვაგვარად შედეგის მიღწევა შეუძლებელია. სამმხრივ კონტროლში კი ვგულისხმობთ იმას, რომ გარკვეული პრევენცია მოხდეს და არ იქცეს რაღაც კორუმპირებულ სტრუქტურად. ეფექტური მუშაობისთვის საჭიროა მას ზედამხედველობას უწევდეს, როგორც პროფკავშირები, ასევე დამსაქმებელები” - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი
შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასა და დაცვას საქართველოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებაც ავალდებულებს. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების 30-ე დანართის მიხედვით, საქართველომ დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის შესახებ კანონმდებლობა ევროპულთან უნდა დაახლოვოს, თუმცა ამისათვის ქვეყანას ვადა შეთანხმების ძალაში შესვლიდან 3-დან 5 წლამდე აქვს. როგორია ევროპული სტანდარტი და რას ავალდებულებს ასოცირების შეთანხმება საქართველოს-eugeorgia.info-მ ამ შეკითხვით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს სოციალურ და შრომის საკითხებში, ოლივერ რაისნერს მიმართა.
“ევროკავშირის ქვეყნებში შეიძლება შრომის უფრო მაღალი სტანდარტი იყოს, ვიდრე დადგენილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. არ ვამბობთ, რომ ეს ზუსტად ასე უნდა იყოს საქართველოშიც. ჩვენთვისაც და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისთვისაც მნიშვნელოვანია დასაქმებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დაზიანდეს”- ამბობს ოლივერ რაისნერი. რაისნერის განცხადებითვე, შრომის უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულებაა.
“რამდენიმე კვირის წინ ორი მუშა დაიღუპა მშენებლობაზე, ეს არ უნდა ხდებოდეს. იქ სადაც ირღვევა სოციალური სტანდარტები, ყოველთვის შესაძლებელია სოციალური აფეთქება. სოციალური კონფლიქტები უნდა მოგვარდეს არა მხოლოდ შრომის ინსპექციის შექმნით, არამედ ხელფასების, დეკრეტისა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევითაც. ეს შექმნის სტაბილურ გარემოს, რაც ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია. ამისთვის საჭიროა სტაბილური შრომითი ურთიერთობები, კანონის უზენაესობა და კარგად განათლებული მუშახელი. ასოცირების შეთანხმება კი ამ რეფორმების სწორად გატარების შესაძლებლობას იძლევა.” -აცხადებს ოლივერ რაისნერი.
საქართველოს ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შრომის ინსპექტორებს მაკონტროლებელ ფუნქციასაც მისცემს, შესაბამისად, პირველ ეტაპზე, სპეციალური პროგრამით გადამზადებული ინსპექტორები შრომით დავებსა და საჩივრებს განიხილავენ და რეკომენდაციებს გასცემენ. როგორც კი საკანონმდებლო ბაზა შემუშავდება და საერთაშორისო სტანდარტები დაინერგება, ინსპექცია ყველა საწარმოსა თუ ორგანიზაცია-დაწესებულებისათვის სავალდებულო გახდება. ასევე, ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული სადამსჯელო ზომები და სანქციები, თუმცა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამ საკითხზე სოციალურ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით მსჯელობა გაგრძელდება.
მაიკო გაბულდანი