მარეგულირებელი კომისია სწავლობს დაარღვიეს თუ არა კანონი “რუსთავი 2”-მა და “მაესტრომ” რეკლამის განთავსების ახალი წესების ძალაში შესვლის დღეს

”მაესტროზე” ყველაზე მაღალრეიტინგიან და პოპულარულ სერიალებს 7, 8 ან 10 სპონსორი ჰყავდა, ახლა ამ რეგულაციების გამო 3-4 სპონსორზე მეტს ვერ ვსვამთ”
ახალმა წესებმა მაუწყებლებში გაუგებრობა ცვლილებების ამოქმედების პირველივე დღეს გამოიწვია. 1 აპრილს “რუსთავი 2”-მა და “მაესტრომ” საინფორმაციო გამოშვებაში მთავრობის სხდომის პირდაპირი ტრანსლირებისას პრემიერ-მინისტრის მიმართვა რეკლამით შეწყვიტეს, რაც ტელეკომპანიებმა ახალ რეგულაციებზე გადასვლის პროცესს დაუკავშირეს.
“მაუწყებლობის შესახებ კანონში” წერია, რომ დაუშვებელია ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიების, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლისა და რელიგიური ცერემონიის რეკლამით შეწყვეტა. ამასთან, დღეს მოქმედი ნორმით, რომელიც კანონის ძველ რედაქციაშიც იყო, მაუწყებელს საინფორმაციო გამოშვება მე-16 წუთიდან შეუძლია რეკლამით გაჭრას.
როგორც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განმარტა, თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლის რეკლამით შეწყვეტასთან დაკავშირებული ნორმა 2004 წელს „მაუწყებლობის შესახებ კანონის”მიღების დღიდან მოქმედებს, ტელეკომპანია კი თავად განსაზღვრავს გაუშვას თუ არა პირდაპირ ეთერში მაღალი თანამდებობის პირების მიმართვა.
თუ ცვლილებებამდე ტელევიზიებს საერთო ხანგრძლივობის 20% ჰქონდა რეკლამისთვის განკუთვნილი და ამ დროს საკუთარი სურვილის მიხედვით ანაწილებდა, ახლა სამაუწყებლო საათში რეკლამა ან ტელეშოპინგი 12 წუთს არ უნდა აჭარბებდეს. 12-წუთიანი შეზღუდვაა ევროდირექტივის 23-ე მუხლშიც, თუმცა საქართველოს ამ ნორმის განხორციელება ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში შეეძლო. სწორედ, ვადებთან დაკავშირებით გაისმა ყველაზე დიდი კრიტიკა კანონში შეტანილი ცვლილებების მისამართით, ვინაიდან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს 3-დან 5 წლამდე აქვს დრო იმისათვის, რომ სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციები ევროპულ სამართალს დაუახლოვოს, ვადის ათვლა კი მხოლოდ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ იწყება.
“ვთანხმდებით, რომ მომხმარებელთა უფლებები დასაცავია და ალტერნატიულ მედიაშიც უნდა გადანაწილდეს ფულადი შემოსავლები, მაგრამ დროის მომენტია მნიშვნელოვანი, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო 5 წლის განმავლობაში მომხდარიყო იმპლემენტაცია. ამან ნეგატიური გავლენა არ უნდა მოახდინოს ბაზარზე.”- აცხადებს“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მედიაანალიტიკოსი მამუკა ანდღულაძე.
“ძალაში რჩება ძველი რეგულაცია ახალ ამბებთან დაკავშირებით, სადაც სარეკლამო ჭრა არაუმეტეს 15 წუთში ერთხელ შეიძლება იყოს. ევროდირექტივით კი არის არაუმეტეს 30 წუთისა, ეს ცვლილება ძალაში მხოლოდ 2017 წლიდან შედის. ასევე, ერთი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება სასპონსორო განმარტება. ვინაიდან, დღეს არ არის გამიჯნული სარეკლამო და სასპონსორო მომსახურება, გამოდის, რომ საათში ლიმიტი არ იქნება მხოლოდ 12 წუთი, ამას დაემატება 4 წუთი სასპონსორო მომსახურების განთავსებისთვის, მთლიანობაში, პირველ წელს 16-წუთიანი ლიმიტი გამოდის. პრაიმტაიმში, საათში საშუალოდ ისედაც 16- 17 წუთი ჰქონდათ რეკლამა“- ამბობს კახა ბექაური
მაუწყებლები უკვე საუბრობენ შეზღუდვების უარყოფით შედეგებზე. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გაყიდვების განყოფილების უფროსმა eugeorgia.info-ს განუცხადა, რომ დაკვეთა დროებით შეაჩერა კომპანიების ნაწილმა, რომელსაც მარკეტინგულად დაგეგმილი ჰქონდა სპონსორობა, რომელიც აპრილშიც უნდა გაგრძელებულიყო.
“პრობლემაა ის, რომ რეკლამის მომწოდებელს დაგეგმილი ჰქონდა პიარკამპანია, ჩატარებული ჰქონდა მარკეტინგული კვლევა- რა უნდა გაეკეთებინა მომდევნო წელს. ეს ძირითადად ეხება საერთაშორისო კომპანიებს. ახლა კი მიმდინარეობს გადალაგების პროცესი. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ აღარ გვრჩება დრო ღონისძიებების მხარდაჭერისთვის. უამრავი კომპანიაა, რომელიც ვერ შეძლებს საკუთარი პროდუქტისა თუ “ივენთის” პოპულარიზაციას. ხარისხიან პროდუქტში ფულის გადახდას შევამცირებთ და ხარისხიც დავარდება.- აცხადებს კონსტანტინე ბათმანიდი.
შემოსავლების შემცირებას ელოდებიან ტელეკომპანია “მაესტროშიც”. გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, გასული წლის შემოსავლებიდან მესამედი სასპონსორო გაყიდვებზე მოდიოდა, კანონში შესული ცვლილებების შემდეგ კი სასპონსორო გაყიდვებიდან შემოსავალი საგრძნობლად შემცირდება.
კიდევ ერთი დეტალი, რაც მაუწყებლების უკმაყოფილებას იწვევს მცოცავი საათია. მიღებული ცვლილებებით სამაუწყებლო საათი განმარტებულია, როგორც სარეკლამო წყვეტების განსათავსებლად გამოყენებული მცოცავი საათი ანუ ყოველი წამის მომდევნო 60 წუთი. მაუწყებლების განცხადებით, მცოცავი საათი ბადეს არასატბილურს ხდის, რადგან წამიდან 60 წუთის განმავლობაში უკვე იწყება რეგულირება. მცოცავი საათის შესახებ ევროდირექტივაში მითითება არ არის.
“სატელევიზიო სარეკლამო მომსახურება ყველაზე ეფექტურია. როდესაც არ არის ლიმიტი რეკლამის განთავსებაზე, ეს სარეკლამო ბაზარზე ფასებს აგდებს. ასევე, როდესაც ტელევიზიაში რეკლამის განთავსება იაფია, ეს სხვა არხებს ართმევს სარეკლამო შემოსავლებს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სარეკლამო ბაზრის კლებას. ლიმიტების დაწესება გამოიწვევს ფასის ზრდას, ტელევიზიებს რეკლამის რაოდენობა შეუმცირდებათ, მაგრამ შემოსავალი არ დაიკლებს, რადგან ფასს გაზრდიან და შესაბამისად, რეკლამის ნაწილი გადაინაცვლებს სხვა მედიასაშუალებებში- რეგიონულში, რადიოსა თუ ინტერნეტში.”- ამბობს კახა ბექაური.
“გასაგებია, რომ შეზღუდვების დაბალანსება შესაძლებელია ფასების აწევით, რაც ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაწყობს და “მაესტრომ” დატოვა უცვლელი. ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით ფასების გაზრდა არარაციონალურია. “- აცხადებს ტელეკომპანია“მაესტროს” გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი თენგო კანდელაკი.
“თუ 2-3 ტელევიზიაზე იყო გათვლილი სარეკლამო ბიუჯეტი, მაშინ რეკლამის განმთავსებლები ორიენტირს აიღებენ ერთ ტელევიზიაზე და ისიც პირველზე. ამბობს ” რუსთავი 2”-ის გაყიდვების განყოფილების უფროსი კონსტანტინე ბათმანიდი.
“კრიზისის დროს, დასუსტებული ლარის პირობებში, ეს სახიფათო ნაბიჯია, ვინაიდან გაზრდის შესაძლებლობას, რომ “ბრენდებმა” შეამცირონ მედიაში ინვესტირება გაყიდვების გაზრდის მიზნით. კლიენტები თითო ადამიანთან კონტაქტის მიხედვით გადახედავენ ფასს და თუ ეს ძალიან ძვირი იქნება, გადავლენ სხვა ქვეყნებში, სადაც უფრო დიდი ბრუნვა ექნებათ, მაგალითად, აზერბაიჯანში, ყაზახეთში. არსებულ გარემოებებში საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა კანონის იმპლემენტაციის დაწყება 2016 წელს, სპონსორობის დროის შემცირებით და კანონის სრულად იმპლემენტაცია 2017 წელს. ასეთ შემთხვევაში ყველა საერთაშორისო კლიენტი მედიაინფლაციას წინასწარ გამოთვლიდა, ასევე დრო ექნებოდათ დიდ და პატარა არხებს მოემზადებინათ სტრატეგია."
დაარღვია თუ არა მაუწყებელმა კანონი, კონკრეტულ შემთხვებებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შეისწავლის. კანონდარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლები პირველ ჯერზე სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებენ, განმეორების შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს დააკისროს ფულადი ჯარიმა, არანაკლებ 2500 ლარისა. ყოველ განმეორებით დარღვევაზე ჯარიმის ოდენობაც შესაბამისად იზრდება და მესამე ჯერზე, შესაძლოა, 10 000 ლარს გადააჭარბოს.