ესტონეთისა და სლოვაკეთის გამოცდილება და რჩევები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
"ხალხი "გაღარიბდა", იმისათვის, რომ გამხდარიყო მდიდარი"
“ჩვენც საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ, ჩვენც გვქონდა თქვენსავით არაეფექტური “კოლხოზის” სისტემა. მოგვიწია გარდაქმნა თავისუფალ საბაზრო პრინციპზე დაფუძნებულ გაერთიანებებად, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნებოდა ევროკავშირში”- გვითხრა საქართველოში ესტონეთის ელჩმა პრიიტ ტურკიმ ევროპის კვირეულის ფარგლებში ევროინტეგრაციის პროცესში ესტონეთის გამოცდილებაზე ილიას უნივერსიტეტში საუბრისას.
1990-იანი წლების დასაწყისში წარმოუდგენელი იყო საუბარი იმაზე, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა ევროკავშირის ან ნატოს წევრი გახდებოდა. არც 1990-იანი წლების ბოლოს კეთებოდა დამაიმედებელი განცხადებები, თუმცა ტალინი ევროპული იდეის ერთგული დარჩა, აქაც ყველაფერი ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით დაიწყო.
“მკაფიოდ დავუყენეთ საკუთარ თავს საკითხი, რომ პირველ რიგში, ესტონეთი უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და არა ევროკავშირია მოწადინებული, რომ მიიღოს ესტონეთი თავის რიგებში. არ ყოფილა მარტივი შეფასების პროცესი, მაგრამ ჩვენ დავარწმუნეთ პარტნიორები და საკუთარი თავი, რომ რეფორმები გაგრძელდებოდა. “
გამონაკლისი არც ბალტიისპირეთის ეს ქვეყანა ყოფილა და აქაც არსებობდა მითები ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ. ტალინშიც შიშობდნენ, რომ პატარა ქვეყნებს დიდ ევროპაში არავინ მოუსმენდა და უცხოელები მათ მიწებს დაეპატრონებოდნენ.
“საქართველოს მსგავსად, ესტონეთშიც ამბობდნენ, რომ როდესაც შევუერთდებით ევროკავშირს, უცხოელები მოვლენ და იყიდიან ჩვენს მიწებსო. ჩვენ არ შეგვიცვლია რეგულაციები. მიწის დაახლოებით 5%-ს ფლობენ უცხოელები და ამ მიმართულებით რადიკალურად არაფერი შეცვლილა. ჩვენთან ბევრი ფინური საზაფხულო სახლია და ეს მხოლოდ კარგია ქვეყნისათვის. ასევე, შიშობდნენ, რომ ევროკავშირის მკაცრი რეგულაციები მცირე ბიზნესს განვითარების საშუალებას არ მისცემდა. მართალია, ბევრმა მცირე კომპანიამ შეწყვიტა არსებობა, თუმცა ამ რეგულაციებმა ქვეყანაში შექმნა გარემო, სადაც გაჩნდა ბევრი ახალი კომპანია და განვითარდა ევროკავშირის დონეზე. დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ევროკავშირში კონკურენტუნარიანი ფერმები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.”
როგორ შეძლო ყოფილი საბჭოთა კავშირის 1.3-მილიონიანმა ქვეყანამ ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნა-ამის პასუხად ესტონელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოსამზადებელ პერიდოში ფულზე მეტად მნიშვნელოვანი ცოდნა და სწორი კომუნიკაცია იყო.
“რთული იყო, მაგრამ რეფორმებით, პროფესიულ ტრენინგებში ინვესტირებით, გავზარდეთ პროდუქტის ხარისხი ყველა ასპექტში. რეფორმების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, განსაკუთრებით, ბიზნესთან დაკავშირებით, უნდა იყოს შესაბამისი კომუნიკაცია- როგორ და როდის უნდა გადადგან ნაბიჯები. გამოცდილება და ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ 90-იან წლებში ესტონეთი უკეთ იყო მომზადებული ლატვიასა და ლიტვასთან შედარებით. ყველა ესტონურ კომპანიას ჰყავდა თავისი პარტნიორი ფინეთში, ყველა სკოლას ჰყავდა ე.წ. ტყუპი სკოლა ფინეთში. ამ დაძმობილების გზით ბევრი ვისწავლეთ და დიდი გამოცდილებაც მივიღეთ. ბევრი ქვეყანა ევროკავშირში, მათ შორის ესტონეთი, მზადაა გამოცდილება გაგიზიაროთ, არამხოლოდ სამთავრობო დონეზე, არამედ ბიზნეს-დონეზე, ხალხთაშორის კონტაქტით, რადგან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა-ამბობს ტურკი.
მძიმე 90-იანი წლების გავლა სლოვაკეთსაც მოუხდა, თუმცა ესტონელების მსგავსად სლოვაკებიც მიხვდნენ, რომ მათი მომავალი ევროკავშირი და ნატო იყო. 1995 წელს გააფორმეს ასოცირების შეთანხმება და რეფორმების რთული გზაც გაიარეს. სლოვაკეთმა დაიწყო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც დაკავშირებული იყო სტრუქტურულ რეფორმებსა და უცხოურ ინვესტიციებთან.
“ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც იყო ძალიან მკაცრი, და ეს თქვენთვისაც ერთგვარი გზავნილია: ხალხი “გაღარიბდა”, იმისათვის, რომ გამხდარიყო უფრო მდიდარი. როდესაც გინდა დაუახლოვდე ევროკავშირის წესებს, გიწევს მეტი ფულის დახარჯვა. ეს შეიძლება რთული იყოს თავიდან, მაგრამ მოგვიანებით აუცილებლად კარგად იქნებით. სხვა გზაა ევრაზიული კავშირი, რომელსაც არანაირი წესები არა აქვს, ევროკავშირის წესები მკაცრია, მაგრამ ამის სანაცვლოდ შენ იღებ სარგებელს-ამბობს რუდოლფ მიხალკა.
ავტოინდუსტრია იყო ერთ-ერთი, რამაც დიდი წვლილი შეიტანა სლოვაკეთის ეკონომიკურ წინსვლაში. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ფოლკსვაგენ ბრატისლავა სლოვაკეთის უდიდესი ექსპორტიორი გახდა. დღეს 5-მილიონიანი ქვეყანა მსოფლიოში ნომერ პირველია, ერთ სულ მოსახლეზე ავტომობილების წარმოებით.
"ჩვენ ვაწარმოებთ უფრო მეტ ავტომობილს ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე თურქეთი, აშშ თუ იაპონია. პირველი დიდი ინვესტირება მოახდინა ფოლკსვაგენმა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოლკსვაგენის ჯგუფი ბრატისლავაშია, სწორედ ამიტომ ყველაზე მაღალი ხარისხის ავტომობილების წარმოება გადმოიტანეს სლოვაკეთში. ეს ძალიან დიდი წარმატება იყო. როგორ მოხდა? ჩვენ გვყავდა კვალიფიციური მუშახელი, ეს უნდა იყოს გზავნილი თქვენთვისაც.”
სლოვაკეთს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში კვალიფიციური და იაფ მუშახელთან ერთად საგადასახადო შეღავათებიც დაეხმარა, სლოვაკი დიპლომატი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას საქართველოსაც დაჰპირდა.
“სლოვაკეთს ჰქონდა ე.წ. საგადასახადო დღესასწაულები. კოკა-კოლა რომ შემოვიდა სლოვაკეთში, დაახლოებით, 10-15 წელი გათავისუფლებული იყო გადასახადებისგან. მათ გახსნეს საწარმოები, დაასაქმეს ხალხი. ერთ-ერთი სფერო, რაშიც შეგვიძლია გამოცდილების გაზიარება სოფლის მეურნეობაა. თქვენთან, მოსახლეობის დაახლოებით 52% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, მაშინ როდესაც სლოვაკეთში 5-6%-ია. უნდა შეამციროთ ეს მაჩვენებელი, ადვილი არ არის, მაგრამ უნდა მოხდეს ინდუსტრიალიზაცია და ინვესტიციები მიმართული უნდა იყოს ამ სექტორის განვითარებისკენ. ეს ერთ-ერთი გამოწვევაა ევროინტეგრაციის გზაზე. უნდა შეცვალოთ მოძველებული სასოფლო-სამეურნეო სისტემა, საკანონმდებლო დაახლოება რთულია, მაგრამ უნდა შეასრულო გარკვეული მოთხოვნები- იქნება ეს პროდუქტის თუ ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით”
1 მაისს სლოვაკეთისა და ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანებიდან 11 წელი გავიდა. 2004 წელს სლოვაკეთსა და ესტონეთთან ერთად ევროკავშირს კიდევ 8 ქვეყანა შეუერთდა (კვიპროსი, ჩეხეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვენია) მოგვიანებით, 2007 წელს გაერთიანების წევრები გახდნენ ბულგარეთი და რუმინეთი. გაფართოების ბოლო რაუნდი 2013 წელს იყო, როდესაც ერთიან ევროპულ ოჯახს ბალკანეთის ქვეყანა- ხორვატია შეუერთდა. როდის იქნება გაფართოების შემდეგი რაუნდი, არც ევროპაში და არც მის სამეზობლოში, არავინ იცის.
“არ გეტყვით, რომ, მაგალითად, 2020 წელს გახდებით წევრი, და ვერც ვერავინ გეტყვით ამას. არიან ქვეყნები, ვინც ამას ემხრობა და არიან ისეთებიც, ვინც წინააღმდეგია. ახლა თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია თავად პროცესი, საკანონმდებლო დაახლოება, ჰაერის, წყლის ხარისხი. თუ მიიღებ ევროპულ წესებს, ეს წყალი უსაფრთხო იქნება შენთვის და შენი შვილებისთვის, ამისთვის არ გჭირდება ევროკავშირის წევრობა, თავად გარემო შეცვლის შენი ცხოვრების ხარისხს. ევროკავშირის კანონმდებლობასა და წესებთან დაახლოება შეიძლება მტკივნეული იყოს ხალხისთვის, მაგრამ ეს კარგია სამომავლოდ.”- ამბობს სლოვაკეთის ელჩი საქართველოში.
“გულწრფელად რომ გითხრათ, საქართველო დღეს არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ თუ თქვენ განახორციელებთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ეს იქნება ევროკავშირისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. მიზანი მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესიც ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოების ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ესტონეთის შემთხვევაში, 10 წელი დასჭირდა ამ პროცესს, მას შემდეგ, რაც დაიწყო მოლაპარკებები წევრობის შესახებ. ასოცირების შეთანხმება გაძლევთ ჩარჩოს თუ როგორ უნდა განავითაროთ და მოახდინოთ საზოგადოების ტრანსფორმაცია” -აცხადებს ესტონეთის ელჩი საქართველოში.
მაიკო გაბულდანი