აფხაზური მხარე: ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ენერგია ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება
"ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორი, ასლან ბასარია აცხადებს, http://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20160203/1017062570.html რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ენერგია ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება: "ზამთარში ენგურჰესი პრაქტიკულად მხოლოდ აფხაზეთისთვის მუშაობს," - ამბობს ბასარია. აქამდე ცნობილი იყო, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ს ქართული, 40%-ს კი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი მოიხმარდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, ესკო-ს ინფორმაციით, სექტემბრიდან მარტის ჩათვლით, როდესაც მდინარეებში წყლის დონე კლებულობს, დენის შიდა მოხმარება კი იზრდება, საქართველო ელექტროენერგიას მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთშიც ყიდულობს. 2015 წელს ჩვენმა ქვეყანამ რუსეთიდან 511 მლნ კვტსთ დენი იყიდა.
"ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორის, ასლან ბასარიას ინფორმაციას "ეხო კავკაზასთან" ინტერვიუში ენგურჰესის დირექტორი,ლევან მებონიაც ადასტურებს: მებონია აცხადებს, რომ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დიდი წილი აფხაზეთს მიეწოდება. "98% მიდის აფხაზეთში. 40-60%-იან ბალანსს ვიცავთ სეზონების მიხედვით. გაზაფხულზე და შემოდგომით აფხაზეთში მიდის ელექტროენერგიის 85%, ზოგიერთ თვეში ( დეკემბერსა და იანვარში) კი 100%."
მებონია "ეხო კავკაზასთან" საუბარში ამბობს, რომ აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის "ენგურჰესის" მიერ გამომუშვებული ელექტროენერგიის განაწილების თაობაზე სიტყვიერი შეთანხმება 25 წლის წინ შედგა და ამ შეთანხმების შესახებ არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად დენის მოხმარებაზე შეზღუდვაა დაწესებული. მებონია "ეხო კავკაზასთან" საუბარში შეზღუდვის მიზეზებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე წყალსაცავში წყლის დონე დაბალია და თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვებს არ დააწესებს, წყლის არსებული დონე ჰესს მაქსიმუმ თებერვლის ბოლომდე ეყოფა, შემდეგ კი მის მიერ გამომუშავებული ენერგია აფხაზეთს დღის განმავლობაში მხოლოდ 2-3 საათს ეყოფა.
"გვალვის გამო წყალსაცავში წყლის დონე ნორმასთან შედარებით 15 მ-ით დაბალია, აფხაზეთში კი ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა. 2010-დან 2014 წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3-4%-ის ფარგლებში იზრდებოდა. 2015 წელს კი 9%-ით გაიზარდა. თუ შესაბამისი ზომები არ გატარდება, არ მოხდება მრიცხველების მოდერნიზაცია, არ გაიზრდება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღება, ერთი კი არა, ორი ენგურჰესიც არ ეყოფა ასეთ დატვირთვას. ჯერჯერობით (საქართველოსთვის) აქვს რაღაც ეკონომიკური აზრი (სადგურის შენარჩუნებას), მაგრამ თუ ელექტროენერგიის მოხმარება ასეთი ტემპით გაიზრდება და მოხმარებული დენის შემოსავალი არ შემოვა, სიტუაცია კრიტიკულ მდგომარეობამდე მივა," -ამბობს მებონია.
ლევან მებონია აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე გალის რაიონში იმყოფებოდა და მისი ვიზიტის მთავარი მიზანი სწორედ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარება იყო.
ასლან ბასარიამ ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: რომ "წყლის დონის აღდგენისთვის ჰესის თანდათობითი გამორთვა საკმარისი არ არის. ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ, ეკონომია 2-2,5-ჯერ უნდა გავზარდოთ, რის უფლებასაც თავს ვერ მივცემთ." მისი თქმით, ამ ეტაპზე რუსული ელექტრონერგიის მიწოდების თაობაზე მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარეობს.
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად 10 მლრდ კვტსთ-ზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. 2015 წელს ქვეყანამ 11 მლრდ კვტსთ-ზე მეტი დენი მოიხმარა.
ამჟამად ქვეყანაში ელექტროენერგიას 64 ჰიდროელექტროსადგური და 3 თბოელექტროსადგური აწარმოებს. არსებული ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრეა 2791.96 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 8,806 მლრდ კვტ.სთ-ს. რაც შეეხება თბოელექტროსადგურებს, მათი დადგმული სიმძლავრე 682 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება 5,01 მლრდ კვტ.სთ.
"ენგურჰესის” წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება. მისი წილი საქართველოს მთლიან ენერგობალანსში 40 პროცენტია. "ჰესის სამანქანო დარბაზი და ქვესადგური რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, წყალსაცავი კი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.
იმის გამო, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 80% ჰიდროსადგურებზე მოდის, დენის შიდა წარმოებას სეზონურობით ხასიათდება: აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით, როდესაც მდინარეებში წყლის დონე მაღალია, ელექტროენერგიის წარმოება მატულობს. ზაფხულში დენის მოხმარება ნაკლებია და შესაბამისად, ამ დროს ქვეყანას ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანაც შეუძლია. სექტემბრიდან მარტის ჩათვლით, როდესაც მდინარეებში წყლის დონე კლებულობს, დენის შიდა მოხმარება კი იზრდება, საქართველო ელექტროენერგიას მეზობელ ქვეყნებში - თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში ყიდულობს.
2010 -2015 წლებში ყველაზე მეტი - 793 მლნ 34 ათასი კვტსთ ელექტროენერგია საქართველომ 2014 წელს იყიდა, აქედან 607 მლნ კვტსთ - რუსეთიდან. 2015 წელს ჩვენმა ქვეყანამ რუსეთიდან 511 მლნ კვტსთ დენი იყიდა.
როგორც ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაცია მოწმობს, საქართველო ელექტროენერგიის ყველაზე დიდ ნაწილს რუსეთსა და აზერბაიჯანში ყიდულობს. შესაბამისად, იმპორტზე დამოკიდებულებაც სწორედ ამ ქვეყნების მიმართ იზრდება.
ელექტროენერგიის იმპორტ–ექსპორტის სტატისტიკა
საქართველოს ენერგოსისტემის ელექტროენერგიის იმპორტ–ექსპორტის სტატისტიკა 2010–2015 წწ (მლნ. კვტსთ)
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 | |
---|---|---|---|---|---|---|
იმპორტი თურქეთიდან | 0.00014 | 0.0028 | 0.0006 | - | - | - |
ექსპორტი თურქეთში | -303.37 | -218.625 | -79.01 | -0.005 | -236.49 | -419.493 |
იმპორტი აზერბაიჯანიდან | 10.14 | 23.42 | 97.54 | 23.56 | 184.23 | 101.694 |
ექსპორტი აზერბაიჯანში | -14.34 | -5.924 | -11.79 | -6.61 | -8.03 | -0.015 |
იმპორტი სომხეთიდან | - | - | 0.0004 | 0.001 | 2.10 | 86.532 |
ექსპორტი სომხეთში | -89.45 | -117.474 | -67.91 | -73.16 | -140.46 | -70.851 |
იმპორტი რუსეთიდან | 211.94 | 447.542 | 517.05 | 460.55 | 607.01 | 511.000 |
ექსპორტი რუსეთში | -1117.12 | -588.575 | -369.44 | -370.61 | -160.08 | -169.574 |
იმპორტი სულ: | 222.08 | 470.96 | 614.59 | 484.11 | 793.34 | 699.23 |
ექსპორტი სულ: | -1524.28 | -930.6 | -528.15 | -450.39 | -545.06 | -659.93 |
რუსული სახელმწიფო კომპანია ”ინტერ რაო-ეეს”-ის თავმჯდომარემ, ევგენი დოდმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა "ენგურჰესის" ერთობლივი მართვის თაობაზე მეორანდუმს ხელი 2008 წლის 31 დეკემბერს მოაწერეს. ხეთაგურმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით - ქართული მხარის ფინანსური დაინტერესებით, ენგურჰესის უსაფრთხოებით და მთლიანად ენერგო სისტემის უსაფრთხოებით.
ხეთაგურის თქმით, ყოველწლიურად აფხაზეთის ტერიტორიაზე ენგურჰესიდან 1,2 მილიარდ კვტ ელექტროენერგია გადიოდა, რომლის საფასურის გადახდაც არ ხდებოდა. მემორანდუმით კი ”ინტერ რაომ” განაცხადა თანხმობა, რომ გადაიხდიდა იმ ელექტროენერგიის საფასურს, რომლის მიწოდებაც ჰესის საშუალებით აფხაზეთისთვის ხდებოდა და ეს საქართველოს დამატებით 15 მლნ ლარის შემოსავალს მისცემდა. მინისტრის თქმით, ”ინტერ რაო” დათანხმდა, აღებული ვალდებულებების შესრულების გარანტად წარმოედგინა მისი აქტივები საქართველოში. რუსული კომპანია ფლობს თბილისის ენეგროგამანაწილებელი კომპანია ”თელასის” აქციათა 75%-ს; ასევე მე-9 და მე-10 ენერგობლოკებს (ეს უკანასკნელი ამჟამად არ ფუნქციონირებს); რუსული კომპანიის მართვაშია ჰიდროელექტროსადგურები - ხრამი I და ხრამი II.