ევროპიდან საქართველოს გავლით ირანული ტვირთების გადაზიდვა დაიწყო
თეირანი ახალი კომბინირებული სატრანზიტო მარშრუტის ამოქმედებაზე მუშაობს, რომელიც ირანის სამხრეთში მდებარე პორტს, ბანდერ-აბასს, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ევროპასთან დააკავშირებს.
როგორც ირანის რკინიგზის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ჰუსეინ აშურიმ, განაცხადა, ახალი დერეფნის ამუშავებაზე სამი ქვეყნის მთავრობებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. საუბარია, ბათუმის პორტის გამოყენებით ბულგარეთსა და რუმინეთში გადაზიდვების უზრუნველყოფაზე, მომავალში კი ამ მარშრუტს ჩინეთიც მიურთდება.
ახალ დერეფანში როგორც რკინიგზა და საზღვაო პორტები, ასევე საავტომობილო მაგისტრალებიც ჩაერთვება. ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, მისი მეშვეობით, ევროკავშირში ტვირთები 45 დღის ნაცვლად 22-23 დღეში ჩავა, რაც ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
როგორც eugeorgia.info -სთვის გახდა ცნობილი, ახალი სატრანსპორტო კორიდორით უკვე ისარგებლა ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ. მენეჯმენტმა ფირმის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა, აღნიშნა, რომ საცდელად უკრაინული მზესუმზირის ზეთით დატვირთული ორი კონტეინერი ირანში უკვე გაგზავნა.
„ვაკვირდებით, როგორი იქნება გადაზიდვების ფასი, ხანგრძლივობა, როგორ მუშაობენ სასაზღვრო და საბაჟო სამსახურები მეზობელ ქვეყნებში. ირანიდან კი პოლიეთილენის გრანულებს გადავტვირთავთ ბულგარეთში. პირველ ეტაპზე, თვეში 400-500 კონტეინერის გადაზიდვაზე შევთანხმდით, თუმცა, ეს ზღვაში წვეთია ირანის მოთხოვნებთან შედარებით“, - აღნიშნეს კომპანიაში.
მენეჯმენტის განცხადებით, აღნიშნულ მარშრუტს დიდ კონკურენციას უწევს ირან-თურქეთის საავტომობილო გზა (რკინიგზა ორ ქვეყანას შორის, თითქმის, არ ფუნქციონირებს).
„ირანში თურქეთის საზღვართან თავისუფალი ეკონომიკური ზონაა, სადაც შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს. აზერბაიჯანთან კი რკინიგზა აქამდე არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, არც თეზ-ია. უახლოესი თავისუფალი ეკონომიკური ზონა საზღვრიდან 150 კმ-ში, ანზალის პორტთან მდებარეობს.ამიტომ ირანის ტერიტორიაზე ოფიციალური გადასახადის გადახდა გვიწევს, რაც ხარჯებს ზრდის და მომსახურებას აძვირებს“, - აღნიშნეს კომპანიაში.
მენეჯმენტის თქმით, ამ ეტაპზე, თურქეთი-ირანის მონაკვეთით ტრანსპორტირება საქართველო-აზერბაიჯანთან შედარებით 30%-ით იაფია. კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად კომპანია ბაქოში გემზე საქონლის გადატვირთვას გეგმავს, რომელიც პირდაპირ ანზალის პორტში გაემართება.
„ვმუშაობთ მეტი ტვირთის მოზიდვაზე, რათა გემი შეივსოს და რენტაბელური გახდეს მისი გამოყენება“, - აღნიშნეს კომპანიაში.
გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ირან-აზერბაიჯანის შემაერთებელი 400 კმ-იანი რეშტ-ასტარას მონაკვეთის მშენებლობა, ირანი დიდ ყურადღებას აქცევს აღნიშნულ სატრანსპორტო დერეფანს, შესაბამისად, ქართველი გადამზიდავი იმედოვნებს, რომ საზღვართან თავისუფალი ეკონომიკური ზონაც გაიხსნება.
„საქართველო-აზერბაიჯანის უპირატესობა ამ ეტაპზე თურქეთთან შედარებით ის არის, რომ საავტომობილო გზები ჩვენთან ნაკლებად გადატვირთულია“, - აღნიშნეს კომპანიაში.
ბელა ნოზაძე