ევროკავშირმა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად 100 მილიონი დოლარი გამოუყო.

ევროკავშირმა საქართველოს პროგრამა “DCFTA Facility” ფარგლებში 100 მილიონი დოლარი გამოუყო. აღნიშნული თანხა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობას მოხმარდება.
ფინანსური რესურსი "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა" „საქართველოს ბანკს" გადასცა, რომელიც პროგრამას ოპერირებას გაუწევს - შესაბამისი ხელშეკრულება ორგანიზაციებს შორის დღეს თბილისში გაფორმდა.
„დაფინანსების ეს მექანიზმი მცირე და საშუალო საწარმოებს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში, წარმოების მოდერნიზაციასა და ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებაში დაეხმარება. შედეგად, ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში და გააუმჯობესებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს“, - აცხადებენ ევრობანკში. აღსანიშნავია, რომ 100 მილიონი დოლარიდან 10 მილიონი დოლარი ქალი მეწარმეებისთვის არის განსაზღვრული.
პროგრამა “DCFTA Facility”-ის ფარგლებში გათვალისწინებული სარგებელი და შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის:
- მეწარმეები კრედიტებს ადგილობრივ ვალუტაში მიიღებენ, რომელთა ვადიანობა 5 წლამდე, ხოლო შეღავათიანი პერიოდი - 2 წლით განისაზღვრება. ევრობანკში საპროცენტო განაკვეთის მოცულობას არ ასახელებენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ სხვა სესხებთან შედარებით ხელსაყრელი იქნება.
- საინვესტიციო მასტიმულირებელი ფაქტორის სახით, სესხის 15% საწარმოებს უკან დაუბრუნდებათ, რაც ნიშნავს, რომ ამ თანხას, პრაქტიკულად, საჩუქრად მიიღებენ.
- პირველი სესხის რისკის დაზღვევა უზრუნველყოფილია საწარმოებისთვის განსაზღვრული საკრედიტო პორტფელის, თითქმის, 10 პროცენტზე.
- პროგრამის ფარგლებში მცირე და საშუალო საწარმოები საერთაშორისო ექსპერტებისგან უფასო ტექნიკური დახმარებას მიიღებენ.
- საწარმოებს ახალ ტექნოლოგიებსა და აპრატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდებაში ხელს შეუწყობენ.
„საქართველომ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესში, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს ეფუძნება. ეს შეთანხმება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. საქართველოში მოქმედ საწარმოებს განვითარების უშველებელი პოტენციალი ექმნებათ.თუმცა, მნიშვნელოვანია მათი მომზადება მაღალი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად და ეფექტური კონკურენციისთვის. მიმაჩნია, რომ ევროკავშირის გრანტი და ევრობანკის სესხი ტექნიკურ დახმარებასთან ერთად დამატებით სარგებელს მისცემს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ასევე მომხმარებლებს“, - განაცხადა ევროპის კომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატერინა მატერნოვამ.
აღსანიშნავია, რომ ამ მოცულობის გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი ადგილობრივ ვალუტაში საქართველოში მოქმედ არცერთ კომერციულ ბანკს აქამდე არ მიუღია. როგორც ევრობანკში აცხადებენ, ეს სესხების დედოლარიზაციის მაღალი დონის დაწევის მიზნით ხორციელდება.
“DCFTA Facility”-ის პროგრამის მოქმედების არეალი საქართველოსთან ერთად მოლდავეთსა და უკრაინასაც მოიცავს, მისი მთლიანი ღირებულება კი, დაახლოებით, 200 მილიონი ევროა. შესაბამისად, პროგრამიდან ყველაზე დიდი წილი საქართველოს ერგო.
ბელა ნოზაძე