"ჰიპი" აგარაში კონცენტრატების ქარხანას ყიდის და ინვესტიციებს ბიომეურნეობაში დებს
„ჰიპ ჯორჯია“ აგარაში ვაშლის კონცენტრატის ქარხანას უკვე მეორე წელია უშედეგოდ ყიდის.
ბავშვთა კვების ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ საქართველოში კონცენტრატების ქარხანა 2009 წელს შეიძინა (მანამდე საწარმო ბიზნესმენ გოჩა ძასოხოვს ეკუთვნოდა). როგორც ქართველი მენეჯერი აცხადებს, საწარმო უკვე მეორე წელია, გაჩერებულია, რადგან კონცენტრატების ბიზნესი არასახარბიელო მდგომარეობაშია.
“ვაშლი მოსახლეობისგან არც შარშან და არც წელს ჩაგვიბარებია, რადგან საერთაშორისო ბაზარზე კონცენტრატებზე ფასი 30%-ით დაეცა და კილოგრამი 1000 ევრო ღირს. მიზეზი ემბარგოა, რომელიც რუსეთმა ევროპულ ქვეყნებს გამოუცხადა. კონცენტრატებისგან წვენები მზადდება, რომლის დიდი ნაწილი ევროპიდან ექსპორტზე სწორედ რუსეთში შედიოდა. გარდა ამისა, მეორე წელია უკვე, პოლონეთში, რომელიც ვაშლის მსხვილი მწარმოებელია, დიდი მოსავალი მოდის, შესაბამისად, ვაშლის კონცენტრატი ძალიან გაიაფდა და კონკურენციას აქედან ვეღარ ვუწევთ”, - აღნიშნა არჩილ ჟვანიამ.
“ჰიპის” მენეჯერის განცხადებით, კიდევ ერთი პრობლემა ნედლეულის ბაზის პერმანენტული შემცირებაა.
“საქმიანობა 2007 წელს დავიწყეთ, იმ დროს საქართველოში 150 ათასი ტონა ვაშლი მოდიოდა, თუმცა, დღეს ამ მოცულობისგან მხოლოდ მესამედიღა დარჩა. გლეხები საბჭოთა პერიოდის ამორტიზირებულ ვაშლის ხეებს, რომლებიც აღარ არის მოსავლიანი, ჭრიან და სანაცვლოდ ერთწლიანი კულტურები მოჰყავთ, ან თანამედროვე ჯიშის ვაშლის ბაღებს აშენებენ, რომელსაც ბაზარზე ძვირად აბარებენ. ამასთანავე, ლიახვის ხეობა, რომელიც ხილს ყველაზე დიდი რაოდენობით აწარმოებდა, საქართველოს კონტროლის ქვეშ აღარ არის”, - აღნიშნა არჩილ ჟვანიამ.
მისი თქმით, ქარხანას დიდი სიმძლავრეები აქვს და მხოლოდ ხილის კონცენტრატის წარმოება შეუძლია. იმ რაოდენობის ხილი, რომელიც წარმოებას რენტაბელურს გახდის, საქართველოში მხოლოდ ვაშლია.
“რა თქმა უნდა, შესაძლებელია ქარხნის გადაიარაღება და მაგალითად, პიურეს საწარმოო ხაზის დამატება, თუმცა, სერიოზულ ინვესტიციებს მოითხოვს, რამდენიმე მილიონს... ჩვენ ვამჯობინებთ მის გაყიდვას და სხვა მიმართულებით ბიზნესის წამოწყებას”, - განაცხადა არჩილ ჟვანიამ.
მისი თქმით, კომპანიამ უკვე შეიძინა ცხინვალთან ახლოს სოფელ ფხვენისში 80 ჰა მიწის ტერიტორია, სადაც ბიომეურნეობის მოწყობას გეგმავს.
“ვგეგმავთ ბიოლოგიურად სუფთა ერთწლიანი კულტურები - კარტოფილი, ხახვი, ხორბალი - მოვიყვანოთ, ასევე ვაპირებთ მსხლის ბაღების გაშენებას, რაზეც არის მოთხოვნა. ბიომეურნეობის მოწყობას, დაახლოებით, სამი წელი წელი სჭირდება. პროდუქტს ექსპორტზე გერმანიაში გავიტანთ, რადგან საქართველოში ხალხი მზად არ არის, ბიოსაკვებში ორმაგი ფასი გადაიხადოს. ასევე ვგეგმავთ საქონლის ბიოფერმის მოწყობას. თუ მთლიანი ჯაჭვი არ ააწყე - ბიოსაკვები, ბიოსაქონელი და ა.შ., ამ ტიპის ბიზნესს მომგებიანს ვერ გახდი. მსგავსი მეურნეობა 2000 ჰა მიწაზე “ჰიპს” პოლონეთშიც აქვს და იქიდან მარაგდება”, - აღნიშნა არჩილ ჟვანიამ.
როგორც მენეჯერი აცხადებს, გერმანული კომპანია საქართველოში დამატებით მიწების მოძიებასს და შესყიდვას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ “ჰიპმა” ქვეყანაში სულ 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
ბელა ნოზაძე