ევროკავშირის საბჭო საქართველოსთან ენერგოსექტორში კავშირების გაღრმავების ინიციატივით გამოდის
ევროკავშირის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან გაზისა და ელექტოენერგიის სფეროში კავშირების გაღრმავების ინიციატივით გამოდიან, - ამის შესახებ საუბარია დასკვნით დოკუმენტში, რომელიც ევროპელმა დიპლომატებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაზის უწყვეტი მიწოდება და ენერგორესურსების სტაბილური გამოყენება, მათ შორის ენერგოეფექტურობის აუთვისებელი პოტენციალის შესწავლა, თამაშობს მნიშვნელოვან როლს ენერგოწყაროების დივერსიფიკაციასა და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური მდგრადობის განმტკიცებაში.
საბჭოს განცხადებით, საჭიროა ეფექტურად ფუნქციონირებადი ენერგობაზრებისა და სტაბილური, გამჭვირვალე, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის არსებობა.
“ევროკავშირის საბჭო გამოდის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენებს შორის გაზისა და ელექტროენერგიის სფეროში ურთიერთკავშირების შემდგომი გაფართოების, განახლებადი ენერგიის სფეროში ინვესტიციების გაზრდის, ასევე ბირთვული უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მოწოდებით”, - ნათქვამის ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე აღნიშნავენ, რომ საავტომობილო, სარკინიზო, საზღვაო და საჰაერო კავშირების გაუმჯობესება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ეკონომიკური განვითარებისა და მობილურობის გაზრდისთვის აუცილებელია.
“ამ მიზნის მისაღწევად არანაკლებ მნიშვნელოვანია სატრანსპორტო სფეროში მიზნობრივი რეფორმების გატარება”, - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების საკითხზე მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სტაბილურობას.
დოკუმენტშია აღნიშნულია, რომ საბჭო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების მიერ რეფორმებში მიღწეულ წარმატებას აღიარებს. საბჭოს განცხადებით, მნიშვნელოვანია მათი გაგრძელება სასამართლო სისტემაში, კორუფციასთან ბრძოლასა და სახელმწიფო მართვაში.
ევროკავშირის საბჭო ასევე მიესალმება პროგრესს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან, რაც “უზრუნველყოფს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოციირების და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარების პროცესს”.
ევროკავშირის საბჭოს ცნობით, აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგ სამიტზე გაგრძელდება, რომელიც მომავალი წლის ნოემბერში, ბრიუსელში გაიმართება.