ქართული კივი გერმანიის შემდეგ ექსპორტზე იაპონიაში გავიდა
კომპანია „ნერგეტამ“ კივის საცდელი პარტია იაპონიის სუპერმარკეტების ქსელებში შეიტანა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა და განვითარების დირექტორმა, კონსტანტინე ვეკუამ eugeorgia.info-ს განუცხადა, ქართული კივი წარმატებით გაიყიდა ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა, ტოკიო, ოსაკა, კიოტო, ჰიროშიმა, ნაგასაკი და ფუკუოკა.
მეწარმის თქმით, პროდუქციის ტრანსპორტირებას იაპონიამდე, დაახლოებით, 60 დღე დასჭირდა, შესაბამისად, პირველ ეტაპზე ერთი კონტეინერის მოცულობით (22 ტონა) კივი გაგზავნეს, პროდუქციამ დანიშნულების ადგილზე უვნებლად ჩააღწია, პარტნიორი იაპონური ხილის სადისტრიბუციო კომპანია კი კმაყოფილია მომხმარებელთა და ქსელების შეფასებით.
„მომავალ სეზონზე რაც კი იქნება საექსპორტო სტანდარტის, სულ უნდათ, რომ წაიღონ“, - აღნიშნა კონსტანტინე ვეკუამ.
თუმცა, ექსპორტიორმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მაინც „ნერგეტას“ უმნიშვნელოვანეს ბაზრად რჩება, რადგან იქ, კივის გარდა, მომავალში სხვა ქართული პროდუქციის რეალიზებაც შესაძლებელია.
„ამის გამო ჩვენ ვაფასებთ იმ ურთიერთობებს, რაც გვაქვს ევროპულ საცალო ქსელთან. ამავე დროს, დაინტერესებული ვართ ისეთი ბაზრების და პარტნიორების მოძიებით, რომლებისთვისაც პრიორიტეტი არის პროდუქტის გემო და ხარისხი და მხარს უჭერენ მწარმოებლის სახელისა და მისი წარმოშობის ადგილის მარკეტინგს. ბედნიერები ვართ, რომ იაპონიაში შევიძინეთ ასეთი სტრატეგიული დისტრიბუტორი. მათ საკუთარ მიზნად დაისახეს ქართული კივის ისეთივე პოპულარიზება იაპონიის ბაზარზე, როგორიც ახალზელანდიური კივია“, - აღნიშნა მეწარმემ.
„კვების პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, იაპონია, ალბათ, კიდევ უფრო მკაცრია, ვიდრე ევროკავშირი. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ პლანტაციის მართვის სტანდარტის - „გლობალგაპის“- დაცვასა და დახვეწას. ამ სტანდარტს იაპონიაც აღიარებს“,- დასძინა, თავის მხრივ, „ნერგეტას“ თანადამფუძნებელმა და საოპერაციო დირექტორმა, გიგა ჯაპავამ.
კომპანია „ნერგეტა“ 2009 წელს დაფუძნდა და ფლობს 24 ჰა-ზე გაშენებულ კივის პლანტაციას, ასევე, ხილის სორტირებისა და სამაცივრე მეურნეობას ზუგდიდის რაიონის სოფლებში, ინგირსა და კახათში. კომპანიამ პირველად ქართული კივი გერმანიაში ექსპორტზე გაიტანა. „ნერგეტას“ ბრენდით კივი ცნობილი სუპერმარკეტების ქსელში “Lidle” იყიდებოდა.