მთავრობა ქართული პროდუქტის დაზღვევის თემაზე მსჯელობს
მეწარმეები სახელმწიფოსგან ექსპორტის დაზღვევას ითხოვენ. „დაზღვევა თუ გვექნება, პროდუქციის ექპორტზე გატანის გადაწყვეტილებას მარტივად მივიღებთ,“- აცხადებს მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი, რომელიც ევროპაში პროდუქციის გატანას მომავალი წლიდან გეგმავს. მთავრობაში პროდუქციის ექსპორტის შესაძლო დაზღვევის მექანიზმებზე მსჯელობენ.
მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი ირინა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე რთული ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად პარტნიორის მოძებნა და მასთან თანამშრომლობის დამყარებაა, რაც დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. „ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ფართო არჩევანია, ამიტომ საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად ძალიან დიდი მარკეტინგული აქტივობა დაგვჭირდება. ქართული კომპანიების მზაობა დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა ისინი ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას,“ - ამბობს გაფრინდაშვილი.
მისივე თქმით, მარნეულის სასურსათო ქარხანაში ახლა იწყებენ ევროკავშირის მოთხოვნათა შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად მუშაობას. „ჩვენი წარმოების პროცესი ისე არის აწყობილი, რომ სერტიფიცირების პრობლემა არ იქნება. ამ მხრივ ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ხელისშემშლელი ფაქტორი არ გვექნება,“- ამბობს დირექტორი და იქვე ერთ-ერთ სერიოზულ დაბრკოლებაზე ამახვილებს ყურადღებას: „ხშირად ხდება, რომ დიდი ქსელები რეალიზებული პროდუქტიდან მიღებული თანხის გადახდის გადავადებს ითხოვენ, უნდათ, რომ საქონელი კონსიგნაციაზე წაიღონ. თუ დისტრიბუტორმა ეს თანხა ვერ აანაზღაურა, დაზღვევის მექანიზმი მოქმედებს და ადგილობრივ მწარმოებელს ამ დანაკარგს აუნაზღაურებს". გაფრინდაშვილის თქმით, ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია დამკვიდრებული. დაზღვევის არსებობის შემთხვევაში მეწარმე ადვილად გადაწყვეტს, რომ პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს.
მსგავსი ტიპის რისკებს გამორიცხავს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ილია კვიტაიშვილი: „თუ ვლაპარაკობთ ევროკავშირზე, მსგავსი ტიპის არასანდო ურთიერთობა გამორიცხულია,“ - აცხადებს კვიტაიშვილი - "წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ უზარმაზარმა სადისტრიბუციო ქსელმა, მაგალითად „Safeway“–მ თანხა არ გადაიხადოს? ამის შანსი, პრაქტიკულად არ არსებობს“.
21 მარტს ეკონომიკის სამინისტროში ექსპორტის საინფორმაციო ცენტრი დაფუძნდა, რომლის მიზანია ექსპორტიორების პრობლემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მისი ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტებისთვის გადაცემა. „ამ სააგენტოს მიზანია, დამწყები ბიზნესის და ასევე, ექსპორტის ხელშეწყობა. რაც შეეხება ექსპორტის დაფინანსების და დაზღვევის მექანიზმებს, ამ მიმართულებით ჩვენ ვმსჯელობთ მთავრობაში, თუ რა ფორმით შევიმუშავოთ ეს პროცედურა. ექსპორტის დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია და უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგმება,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ.