კახეთში მსხვილფეხა საქონლის დაუდგენელი დაავადება გავრცელდა
კერძო ვეტექიმები ლაბორატორიული კვლევის გარეშე დიაგნოზს ვერ ადგენენ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს კი ინფორმაცია არ აქვს.
სიღნაღის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის რაიონში მსხვილფეხა საქონელი მასობრივად დაავადდა. არის შემთხვევები, როცა დაავადების გამო საქონელი იღუპება. მოსახლეობის აზრით, მსხვილფეხა საქონელში გავრცელებული დაავადება, შესაძლოა კვანძოვანი დერმატიტი იყოს. ეს დაავადება მეზობელ აზერბაიჯანში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. "აგროგანვითარების ჯგუფში" აცხადებენ, რომ კახეთში შესაძლოა, ერთდროულად საქონლის რამდენიმე დაავადება იყოს გავრცელებული. კერძო ვეტექიმებს ლაბორატორიული კვლევის გარეშე ზუსტი დიაგნოზის დადგენა უჭირთ. ლაბორატორიული კვლევის ჩატარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია, სააგენტოს კი კახეთში საქონლის მასობრივი დაავადების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.
"ძროხა ნახირში გვყავდა მიბარებული. მენახირემ ნახირი მინდვრიდან ამოიყვანა და საქონელი პატრონებს ჩააბარა: რაღაც დაავადება გავრცელდა. მსგავსი აქამდე არაფერი გვინახია. არ ვიცით, რა დაავადებაა და საქონელს როგორ ვუშველოთ,"- ამბობს სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში მცხოვრები ოთარ ვარდიაშვილი.
დაავადების ზუსტი დიაგნოზის დადგენა უჭირს სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მცხოვრებ ელენე მირიანაშვილსაც, რომელიც პროფესიით ვეტექიმია და ამ სფეროში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს: "დაავადება გავრცელდა დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და გურჯაანში. ვეტერინარიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება მაქვს და დაავადების ასეთი ფორმა ჯერ არ შემხვედრია. საქონელს აქვს მაღალი ტემპერატურა, უსივდებათ კიდურები და კუნთოვანი ქსოვილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების გამო უჭირთ ჭამა, რის გამოც ზოგჯერ კახექსიური სიგამხდრე ვითარდება. არის საქონლის სიკვდილიანობის ცალკეული შემთხვევები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადამიანს ძროხა რომ უკვდება, დახმარებაზე უარს ხომ ვერ ვეტყვი. მაგრამ როგორ დავეხმარო? ლაბორატორიული ანალიზის გარეშე ზუსტი დიაგნოზის დადგენა შეუძლებელია. რაიონის მთავარი ვეტექიმი საქმის კურსშია".
რამდენიმე ძროხა დაუავადდა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მცხოვრებ მარინა კავკავაშვილსაც: "მოვიყვანეთ ვეტექიმი, მაგრამ დაავადების ზუსტი დიაგნოზი ვერ დავადგინეთ. საქონელს ანტიბიოტიკებით ვუმკურნალეთ და სიკვდილს გადავარჩინეთ. მაგრამ, მაინტერესებს რას აკეთებს სახელმწიფო. ვეტექიმს ხომ უნდა მიეწოდებინა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ინფორმაცია, რომ კახეთში რაღაც დაავადება გავრცელდა. მინდა ვიცოდე, რა დაავადება აქვს საქონელს, გადადის თუ არა ეს დაავადება საქონელიდან ადამიანზე, შეიძლება თუ არა, რომ ჩემს სამ შვილს ამ საქონლის რძე, რძის პროდუქტები და ხორცი ვაჭამო, არსებობს თუ არა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა და თუ არსებობს, სად შევიძინო. ინტერნეტში ჩვენ თვითონ მოვიძიეთ ინფორმაცია. გავარკვიეთ, რომ აზერბაიჯანში არის გავრცელებული მსხვილფეხა საქონლის ინფექციური დაავადება - კვანძოვანი დერმატიტი. ის სიმპტომები, რაც ამ დაავადებას აქვს, ძალიან ჰგავს კახეთში გავრცელებული დავადების ნიშნებს. შესაძლოა, ეს დაავადება საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა. სახელმწფოს უნდა ჰქონოდა ინფორმაცია აზერბაიჯანში მსხვილფეხა საქონელში გავრცელებული ამ დაავადების შესახებ და პრევენციული ღონისძიებებიც გაეტარებინა."
კახეთში გავრცელებული გაურკვეველი დაავადების შესახებ ინფორმაცია აქვს „აგრო განვითარების ჯგუფის" მთავარ ვეტერინარს მიხეილ ჭიჭაყუასაც, თუმცა დაავადების ზუსტი განსაზღვრა მასაც უჭირს: "გლეხებმა და ფერმერებმა რეკომენდაციისთვის მოგვმართეს დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონიდან. ასეთივე სიმპტომებით დაავადება დაფიქსირდა გარდაბანშიც. მსგავსი, მაგრამ რამდენიმე შემთხვევა გასულ წელსაც იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. სისხლის ანალიზის და ლაბორატორიული დასკვნის გარეშე დაავადების ზუსტი განსაზღვრა არ შემიძლია. განვიხილავთ რამდენიმე სავარაუდო ვარიანტს, რომლებსაც ამჟამად ვერ დავასახელებ. შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე დაავადებაც იყოს გავრცელებული. წელს გვალვის გამო საქონელი ცუდად გამოიკვება და დასუსტებულია. არის საქონლის სიკვდილიანობის ცალკეული შემთხვევები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დაავადება კონტროლს ექვემდებარება და თუ საქონელი ძალიან დასუსტებული არ არის, მკურნალობის შემთხვევაში მისი გადარჩენა შეიძლება. ფაქტია, რომ დაავადება ფართოდ ვრცელდება და სიტუაციას მუდმივი კონტროლი და ყურადღების მიქცევა სჭირდება".
www.eugeorgia.info კომენტარისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც დაუკავშირდა. სააგენტოში განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ ლაბორატორორიული დასკვნის საფუძველზე ზუსტი დაავადების განსაზღვრა, მაგრამ მსხვილფეხა საქონელში გავრცელებული დაავადების შესახებ არც სააგენტოს ხელმძღვანელობას და არც რაიონების მთავარ ვეტექიმებს ინფორმაცია არ აქვთ. თუმცა, www.eugeorgia.info-სთან საუბარში კერძო ვეტექიმი ელენე მირიანაშვილი აცხადებს, რომ სიღნაღის რაიონის მთავარი ვეტექიმი ჰამლეტ ღლიღვაშვილი რაიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია.
კვანძოვანი დერმატიტი აზერბაიჯანში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის წარმომადგენელი სააგენტო trend.az-თან საუბარში აცხადებს, რომ: "ჰაერის ტემპერატურის დაწევასთან ერთად ქვეყანაში კვანძოვანი დერმატიტით დაავადებული საქონლის რიცხვი მკვეთრად შემცირდა. ამ დროისთვის დაფიქსირებულია დაავადების 2800 შემთხვევა. 2600 სული საქონელი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა, 200 კიდევ გადის მკურნალობის კურსს, 40 სული საქონელი კი დაიღუპა". როგორც აზერბაიჯანში აცხადებენ, დაავადება თავდაპირველად ირანში, თურქეთსა და ერაყში გავრცელდა.
კვანძოვანი დერმატიტი ინფექციური დაავადებაა, რომელიც სისხლისმწოველ მწერს - კოღოს, ან ბუზს გადააქვს. ინკუბაციის პერიოდი 2-დან 4 კვირამდე გრძელდება. დაავადებულ საქონელს აღენიშნება ტემპერატურის მატება +40 გრადუსამდე. ქვეითდება მადა. დაავადებიდან 48 სთ-ის შემდეგ კი საქონელს კანზე უჩნდება რამდენიმე ერთეული, ან ასობით მრგვალი ფორმის და 0,2-5 სმ რადიუსის მქონე კვანძი. ლიმფური კვანძები მკვეთრად იკვეთება. დაავადებული საქონელი წონაში სწრაფად იკლებს. იღუპება კვანძოვანი დერმატიტით დაინფიცირებულ ცხოველთა დაახლოებით 10%. დაავადებას თან ახლავს მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგი - მცირდება საქონლის პროდუქტიულობა და გარკვეული ხნით მათ აღარ შეუძლით შთამომავლობის მოცემა. კვანძოვანი დერმატიტი ცხოველიდან ადამიანზე არ გადადის. ამ დაავადების ზუსტი განსაზღვრიისთვის აუცილებელია ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება.