უვიზო რეჟიმის მისაღებად სავიზო რეჟიმის გამკაცრება ევროკავშირს არ მოუთხოვია
„თბილისი არის ერთადერთი ადგილი სამხრეთ კავკასიაში, სადაც ჩვენ ყველას შეგვიძლია შევიკრიბოთ და მონაწილეობა მივიღოთ საერთაშორისო სემინარებში, ვორქშოპებში. სულ მცირე, მეზობელი ქვეყნებისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის მაინც უნდა შეამსუბუქონ ეს პროცედურები.”
მარტის პირველი კვირის ჩათვლით, საქართველო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელთა რამდენიმე მისიას უმასპინძლებს. ევროპელი ექსპერტები შეისწავლიან როგორ ასრულებს ქვეყანა სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დროს შემუშავებულ კანონებს, მათ შორის, გაეცნობიან მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებაა. ხელისუფლებამაც ევროკავშირის დირექტივით ახსნა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ახალი სავიზო რეგულაციების შემოღება, რის შედეგადაც, უვიზო მიმოსვლა 24 ქვეყანასთან გაუქმდა, იმ ქვეყნის მოქალაქეებს კი რომელთანაც უვიზო რეჟიმი შენარჩუნდა, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადა 360-დან 90 დღემდე შეუმცირდათ, მათ შორის არიან ევროკავშირისა და აშშ-ის მოქალაქეები.
EU-Georgia.info დაინტერესედა, არის თუ არა მსგავსი ზომები ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში მითითებული და რას გულისხმობს რეალურად ევროკავშირი სავიზო პოლიტიკის მოწესრიგებაში.
“სავიზო რეჟიმის გამკაცრება არ არის ევროკავშირის მოთხოვნა და მსგავსი ფორმულირებით ეს საკითხი საერთოდ არ ფიგურირებს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში. სავიზო პოლიტიკის მოწესრიგება ვრცელი თემაა და ბევრ სხვა საკითხთან ერთად ის მოიცავს ერთიანი ბაზის შექმნას, სტატისტიკური მონაცემების სრულყოფას, ვიზის კატეგორების ჩამოყალიბებას და განსაზღვრას და ასე შემდეგ. ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა არის ზოგადი დოკუმენტი და იქ არ არის მოთხოვნა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის ესა თუ ის რეგულაცია და/ან დირექტივა. ქვეყანა ამ შემთხვევაში თავად წყვეტს ამ საკითხს,“ -აცხადებს „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.
“ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით 1792 პირმა მიმართა, აქედან უარი ეთქვა 228 პირს. ძირითადად, თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი უთხრეს ერაყისა (138 შემთხვევა) და ეგვიპტის (26 შემთხვევა) მოქალაქეებს. ერაყი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთანაც 1 სექტემბრიდან ამოქმედებული რეგულაციებით უვიზოდ მიმოსვლა შეიზღუდა.
საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებების უარყოფით შედეგებზე “საქართველოს რეფორმათა ასოციაციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი სერგი კაპანაძეც გვესაუბრა.
“ევროკავშირისა და აშშ-ის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნის 90 დღემდე შეზღუდვა გაუმართელებელი იყო. პრობლემები შეუქმნეს ჩვენსავე მოქალაქეებს ჯავახეთში, რომლებიც დღესაც გაურკვევლობაში არიან. გაურთულეს მდგომარეობა სტუდენტებს. ქვეყნების რაოდენობა, საიდანაც უვიზოდ შეეძლოთ ჩამოსვლა, ასევე შეზღუდეს. საბოლოო ჯამში, ცვლილებები იყო ცალსახად უარყოფითი, მოუფიქრებლად მომზადდა,”- აცხადებს კაპანაძე.
EU-Georgia.info პირადად გაესაუბრა სომხეთის მოქალაქე სტუდენტს, რომელსაც სავიზო რეგულაციებმა საქართველოში პრობლემები შეუქმნა. არა არუთინიანი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტია. ახალი რეგულაციების თანახმად, მას საქართველოში უვიზოდ ყოფნის 90- დღიანი ვადა დეკემბრის ბოლოს ამოეწურა.
“პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც დეკემბრის ბოლოს სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. ახალი კანონი 1 სექტემბერს შევიდა ძალაში და არ ვიცოდით, როგორ უნდა აგვეღო სტუდენტური ვიზა. იუსტიციის სამინისტროდან გვამისამართებდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ა.შ. კანონის თანახმად, 90-ზე მეტი დღის განმავლობაში ვერ დავრჩებით საქართველოში. ვინაიდან ვიზის აღებას დიდი დრო სჭირდებოდა, უნივერსიტეტმა გადაწყვიტა თოთოეული ჩვენგანისთვის 180 ლარი მოეცა, საზღვარზე ჯარიმის გადასახდელად. “
არუთინიანისთვის საზღვარზე ჯარიმის გადახდა არ მოუთხოვიათ და ისიც კი უთხრეს, რომ საქართველოში ვიზის გარეშე კიდევ 20 დღე შეეძლო დარჩენილიყო, თუმცა, რამდენიმე დღეში, თბილისში სემინარზე დასასწრებად ჩამოსვლა უკვე ვეღარ შეძლო. ვიზის არქონის მიზეზით, საზღვარზე გადმოსვლის ნება არ დართეს.
“ამ დროს ელექტრონული სისტემა მოქმედებდა, მითხრეს რომ კომპიუტერში ეწერა 0 დღე და მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ვუხსნიდი, რომ დეკემბრის ბოლოს საზღვარზე მითხრეს, რომ კიდევ 20 დღით შემეძლო დავრჩენილიყავი საქართველოში. პოლიციელმა დაიწყო დღეების დათვლა და აღმოაჩინა, რომ 90- დღეზე მეტი გამომდიოდა და გადაწყვიტა 180 ლარით დავეჯარიმებინე. მომთხოვეს ქართულენოვან დოკუმენტზე ხელმოწერა, მე მოვითხოვე რუსული ან ინგლისური ვარიანტი, თარგმნაზეც კი უარი მითხრეს. თავიდან, არ ვაწერდი ხელს, შემდეგ მითხრეს, რომ მომავალში ქვეყანაში შესვლისას პრობლემები შემექმნებოდა და მეც გადავწყვიტე მომეწერა ხელი. კარგი იქნება თუ დახვეწენ კანონს. როგორც მოგეხსენებათ, სომხეთსა და აზრებაიჯანს დაძაბული ურთიერთობა აქვთ და თბილისი არის ერთადერთი ადგილი სამხრეთ კავკასიაში, სადაც ჩვენ ყველას შეგვიძლია შევიკრიბოთ და მონაწილეობა მივიღოთ საერთაშორისო სემინარებში, ვორქშოპებში. სულ მცირე, მეზობელი ქვეყნებისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის მაინც უნდა შეამსუბუქონ ეს პროცედურები.”
ხარვეზებს ხელისუფლებაც აღიარებს და პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ განაცხადა შეცდომების გამოსწორების თაობაზე, თუმცა EU-Georgia.info-ს შეკითხვაზე იგეგმება თუ არა ცვლილებები და ხომ არ განიხილება რომელიმე მიღებული ზომის გაუქმება, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რესურსების განვითარების სააგენტო წერილობით ასე გვპასუხობს:
“იმ უცხოელებისთვის, რომლებიც კანონის ამოქმედების დროს საქართველოში იყვნენ და ვერ მოასწრეს ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის საკითხების მოწესრიგება, დაწესდა გარკვეული საშეღავათო ნორმა: თუ 2014 წლის 27 ნოემბრამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთხელ მაინც ფლობდა საქართველოში ბინადრობის ნებართვას ან საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 2014 წლის 17 მარტის შემდეგ და 27 ნოემბრისათვის იმყოფებოდა საქართველოში, ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით, საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის (ვიზა, ბინადრობა) წარდგენის გარეშე შეუძლია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლებს.”
საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ უკვე გადაიდგა ნაბიჯი და სავიზო რეჟიმის გამარტივების მიზნით ამუშავდა ელექტრონული სავიზო პორტალი, რომლის მეშვეობითაც 102 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ვიზის აღება ონლაინ რეჟიმში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეეძლებათ. იუსტიციის მინისტრი კი პოზიციას მაინც არ იცვლის და აღნიშნულ საკანონმდებლო რეფორმას ისევ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას უკავშირებს.
“მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემმა რეფორმამ, რომელშიც ბევრი სხვა უწყებაც იყო ჩართული, მიიყვანა ქვეყანა წარმატებამდე და ჩვენ დავხურეთ ვიზალიბერალიზაციის პირველი ფაზა. ამიტომ, ძალიან დიდი სიამოვნებით ვიბრალებ ამ რეფორმას, რადგან ეს იყო ქვეყნის დიდი წარმატება,"-აცხადებს თეა წულუკიანი, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავების კომისიას თავმჯდომარეობდა.
“დადებითი, შეიძლება ითქვას, ის იყო, რომ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ დავიწყეთ მიგრაციის რეგულირება, რაც ევროკავშირის მოთხოვნა იყო, თუმცა ამის გაკეთება შესაძლებელი იყო ასეთი რადიკალური ცვლილებების გარეშეც. ეს ყველაფერი მერე დავაბრალეთ ევროკავშირს, მათი მოთხოვნით გავაკეთეთო, ამ დროს, ეს მოთხოვნები ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა. ელექტრონული ვიზების პორტალი საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა გარკვეულ პრობლემებს უგვარებს იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც საქართველოს საკონსულოები არა აქვს. ამ ეტაპზე საზღვარზე ვიზის გაცემის გაუქმება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. შეიძლება, მომდევნო ეტაპებზე ეს გაგვეკეთებინა, მაგრამ რატომ იყო აუცილებელი ახლა ამ ცვლილების გატარება, გაუგებარია,”- ამბობს სერგი კაპანაძე EU-Georgia.info-სთან საუბარში.
სანამ საიმიგრაციო კანონმდებლობის აღსრულების პროცესს შეისწავლის, დღეს საქართველოში მყოფი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისია ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკებთან ბრძოლის, ასევე, სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს ეცნობა.
სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის 25 თებერვალს გადაეცა. გეგმის პირველი ნაწილი ანუ საკანონმდებლო ბაზის რეგულირება ქვეყანამ წარმატებით განახორციელა და 2014 წლის ევროკომისიის 29 ოქტომბრის ანგარიშისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 17 ნოემბერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ფორმალურად გადავიდა დასკვნით ფაზაზე- ანუ დაიწყო მიღებული კანონების განხორციელება. სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრული პასპორტების ჩათვლით; საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები, თუმცა სამოქმედო გეგმაში არ არის მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის რომელიმე რეგულაცია ან დირექტივა მიიღოს.
სანამ ევროპელი ექსპერტები სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის მიმდინარეობას შეაფასებენ, ევროკავშირი მაისში რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დღის წესრიგს ადგენს. მიიღებს თუ არა საქართველო რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლის რეკომენდაციას და შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში ბიომეტრული პასპორტით 90 დღის განმავლობაში გადაადგილებას ეს ევროპელი ექსპერტების დასკვნებსა და შეფასებებზეც იქნება დამოკიდებული.
მაიკო გაბულდანი