ახალი სავიზო რეგულაციები - ხარვეზები და შედეგები
”ძნელია ვიფიქროთ, რა დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს საინვესტიციო გარემოზე საქართველოში უვიზოდ ყოფნის უფლების მქონე ქვეყნების ჩამონათვალის შემცირებამ, ისევე, როგორც უვიზოდ ყოფნის ვადის 90 დღემდე დაყვანამ”.
საქართველოს სავიზო პოლიტიკის გამკაცრების საკითხი კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი კანონი სულ ნახევარი წელია რაც ძალაში შევიდა, ის უკვე მკაფიოდ აისახა უცხოელ ჩამომსვლელთა რაოდენობაზე. არაერთმა უკმაყოფილო უცხოელმა ინვესტორმა, სტუდენტმა თუ ვიზიტორმა ბოლო პერიოდში საჯაროდ განაცხადა, რომ კანონი მათ საქართველოში ჩამოსვლას აფერხებს.
ხშირ შემთხვევაში უცხოელებს არ აქვთ საჭირო ინფორმაცია საქართველოს ვიზის მიღების წესების ცვლილების შესახებ. კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა, 2014 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი კანონის მიხედვით, რამდენიმე სახის ვიზა არსებობს: მოკლევადიანი და გრძელვადიანი. ამასთან, ვიზების სახეობა კიდევ რამდენიმე კატეგორიებად იყოფა. ესენია:
A − დიპლომატიური,
B − სპეციალური,
C − ორდინალური,
D − საიმიგრაციო
T − ტრანზიტული.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი კანონის მიხედვით, დიპლომატიური, ანუ A კატეგორიის ვიზა სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო, მეგობრული, არაოფიციალური ვიზიტით მომავალ უცხო სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებზე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლებზე გაიცემა.
სპეციალური, ანუ B კატეგორიის, ვიზა გაიცემა უცხო სახელმწიფოს დელეგაციათა წევრებზე, მათ თანმხლებ ოჯახის წევრებსა და სხვა პირებზე;
რაც შეეხება ტურისტულ ვიზას, ის ორდინალურ, ანუ c კატეგორიას მიეკუთვნება და გაიცემა ტურისტული მიზნით, ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად მომავალ პირებზე. ასევე, სამეცნიერო სემინარის, კონფერენციისა და სხვა სახის სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული, ან სპორტული ღონისძიებების მონაწილეებზე.
საიმიგრაციო, ანუ D კატეგორიის ვიზა კი გაიცემა საქართველოში შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით მომავალ პირებზე; კომპანიების, ფირმების წარმომადგენლებზე, კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. ასევე, საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით მომავალ პირებზე; საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად და ოჯახის გაერთიანების მიზნით მომავალ უცხოელებზე.
მოკლევადიან და გრძელვადიან ვიზებს ერთმანეთისგან მოქმედების ვადები განასხვავებთ. მოკლევადიანი ვიზა შეიძლება იყოს ერთჯერადი, 30 დღემდე მოქმედების ვადით, ან მრავალჯერადი, 5 წლამდე მოქმედების ვადით, 180 დღეში 90 დღის ყოფნის უფლებით. (90 დღე შეიძლება იყოს როგორც უწყვეტი პერიოდი, ისე შეიძლება შედგებოდეს რამდენიმედღიანი პერიოდებისგან − 30+30+30; 10+15+35+30 და ასე შემდეგ). გრძელვადიანი ვიზა კი გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით 90 დღის მოქმედების ვადით და წარმოადგენს დიპლომატიური აკრედიტაციის ან ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობას.
რაც შეეხება ვიზის გაცემის ვადებს, როგორც კანონში წერია, მოკლევადიანი ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება განაცხადისა და საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. გრძელვადიანი ვიზის გაცემასთან დაკავშირებით კი 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
ახალ კანონში, სავიზო პოლიტიკის გამკაცრება კიდევ რამდენიმე მუხლით გამოიხატა. კერძოდ, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა ახლა უკვე 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრება, მაშინ როდესაც ძველი რეგულაციებით 360 დღეს მოიცავდა. ამას გარდა, შემცირდა იმ ქვეყნების რაოდენობაც რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვთ.
ამ ცვლილებებთან დაკავშირებით იურისტებს შენიშვნები აქვთ:
”ძნელია ვიფიქროთ რა დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს საინვესტიციო გარემოზე საქართველოში უვიზოდ ყოფნის უფლების მქონე ქვეყნების ჩამონათვალის შემცირებამ, ისევე, როგორც უვიზოდ ყოფნის ვადის 90 დღემდე დაყვანამ. უნდა აღინიშნოს, რომ კანონში ახლად შესული ცვლილებები ნაკლებად ეხება ტურისტულ ვიზებს, რადგან ის ძირითადად ორიენტირებულია საქართველოში გრძელვადიანი ვიზის, ან ბინადრობის ნებართვის მიღებით დაინტერესებულ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე,” - ამბობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი, სამართლის სპეციალისტი, ნინო მერებაშვილი.
იურისტებს შენიშვნები აქვთ კიდევ ერთ რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ განაცხადის ხელახლა გაკეთებისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა გაემგზავროს საკუთარ ქვეყანაში და მხოლოდ საკუთარი ქვეყნიდან გააკეთოს განაცხადი, რაც კიდევ ერთი დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორია.
კანონი ითვალისწინებს საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის საკუთარ სამშობლოში დაბრუნების გარეშე საიმიგრაციო ვიზის მიღების უფლების მინიჭებას. თუმცა, იურისტები აქაც ხედავენ პრობლემას:
„მოცემული რეგულაციები მხოლოდ ტრანზიტულ პერიოდში, ე.ი პირველ მარტამდე მოქმედებს. მეორე მხრივ კი, საიმიგრაციო ვიზის ასაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს 45 დღით ადრე, მანამ, სანამ ამოიწურება მათი ვიზის მოქმედების ვადა. აღნიშნული 45-დღიანი დაცვის ვალდებულების შესახებ კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ინფორმირებულები არ არიან,“ - ამბოს ნინო ერემაშვილი.
ახალი რეგულაციებით დაბნეულები არიან საქართველოში მყოფი უცხოელი სტუდენტებიც:
„ახალი რეგულაცია ძალიან უცნაურია. ვფიქრობ, არცერთ ქვეყანას არ აქვს მსგავსი რამ. როდესაც მე ჩამოვდივარ აქ და ვსწავლობ, არ უნდა შემექნას პრობლემა ვიზის გაგრძელებაზე და ამისთვის ჩემს ქვეყანაში დაბრუნება არ უნდა მომიხდეს. ძალიან ბევრი სტუდენტი ვიცი საქართველოში, ვისაც ვიზებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ,“ - ამბობს სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი, ნიგერიელი კელეჩი მიქაელი.
ახალი სავიზო რეგულაციების შედეგად გამოწვეული პრობლემების განმუხტვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოელებისათვის ახალი სერვისის უზრუნველყოფით სცადა. დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ამოქმედდა ვებგვერდი - www.evisa.gov.ge, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილში მყოფ უცხოელს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ვიზის მისაღებად განაცხადი ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად გააკეთოს. ამ სერვისის გამოყენების უფლება მხოლოდ ტურისტული და საქმიანი, მოკლევადიანი ვიზის მსურველებს აქვთ. თუმცა, ვიზაზე ელექტრონულად განაცხადის გაკეთება არ შეუძლიათ იმ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და ვიზის ხელახლა აღება სურთ.
თამთა ჯიჯავაძე