ფრანსუა ოლანდი: საქართველოსთვის ევროპული ბაზარი ხელმისაწვდომი გახდება
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოსთვის ევროპული ბაზარი ხელმისაწვდომი გახდება. ამის შესახებ საფრანგეთი სპრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქართულ-ფრანგულ ბიზნესფორუმზე განაცხადა.
"ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას ყველა ელოდება. აქ უკვე იმედზე აღარ არის საუბარი. ჩვენ ოფიციალურად მოვაწერთ ხელს ამ შეთანხმებას. ასოცირების შეთანხმება გულისხმობს როგორც პოლიტიკური პრინციპების დაცვას და ევროპული ღირებულებების გაზიარებას, ისე კომერციულ ნაწილს და თავისუფალ ვაჭრობას. ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება ივნისში და ეს პროცესი ევროპულ საწარმოებს შესაძლებლობას მისცემს, რომ უფრო მარტივად ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ თავიანთი საქმიანობა განახორციელონ. საქართველოსთვის კი ხელმისაწვდომი გახდება დიდი ევროპული ბაზარი", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველომ ამ შეთანხმების ჩარჩოებში არსებული პირობები უნდა დაიცვას. „ეს შეთანხმება არის თქვენთვის ჩვენი ბაზრების გახსნის საკითხი, რა თქმა უნდა, გარკვეული რეფორმების ჩატარების შემდეგ. გარკვეული ეტაპები არსებობს, რომლებიც უნდა გავიაროთ და არ არის საჭირო დაჩქარება. ამან შეიძლება ვითარება უფრო გაართულოს. სანამ სხვა პერსპექტივებზე ვისაუბრებთ, ჯერ მიზანშეწონილია სწორედ ასოცირების შეთანხმების ჩარჩოებში არსებული პირობების დაცვა და შესრულება. შემდეგ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად", - განაცხადა ოლანდმა.