ევროპაში თაფლის გასატანად მეფუტკრეებს ლაბორატორია სჭირდებათ
საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის გამგეობის თავმჯდომარე, ფერმერთა გაერთიანება „ქართული ფუტკრის“ პრეზიდენტი, კომპანია „ბრეტის“ გენერალური დირექტორი გიორგი კეპაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ევროპის ბაზრებზე ქართული თაფლის გასატანად საქართველოში თაფლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორია უნდა გაიხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თაფლის ექსპორტი ევროპაში ვერასოდეს დაიწყება.
„ჩვენს კომპანიას შეუძლია ევროპის ბაზარზე წელიწადში 600 ტონა თაფლი გაიტანოს. ზემო ფონიჭალისა და თელეთის საზღვარზეა ჩვენი მეურნეობა. ტექნოლოგიური ხაზი საფრანგეთში შევიძინეთ. ეს არის ფირმა „ტომასის“ ტექნიკა, რაც ამ დარგში საუკეთესოდ ითვლება.
ამ ეტაპზე ძირითადად თაფლის წარმოებაზე ვმუშაობთ. ქარხანაში გვაქვს საკუთარი ლაბორატორია, რომელიც მთელ ტექნოლოგიურ პროცესს აკონტროლებს.
რიგაში 46 სინჯი გვქონდა გაგზავნილი. ფული სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტომ გადაიხადა - თითო სინჯში 2000 ლარი. ამიტომ ვამბობთ, რომ ლაბორატორია აქ უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, სინჯების შემოწმება იქნება უფრო იაფი და ხელმისაწვდომი და საქართველოში წარმოებული თაფლის ხარისხიც უფრო კარგად გაკონტროლდება.
აი, ეს ყველაფერი რომ მოგვარდება, მაშინ იქნება ჩვენი მომავალი დამოკიდებული ჩვენზე. მეწარმის ვალია, რომ მისმა პროდუქციამ ევროკავშირის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და კლიენტი მონახოს. ამას მის მაგივრად სხვა არავინ გააკეთებს. მაგრამ მეწარმეს საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე ევროპაში გატანის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მისი წარმოება სახელმწიფოს მხრიდან გაკონტროლდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ მოხდება არასოდეს,“- ამბობს გიორგი კეპაშვილი.