ესტონეთის გამოცდილება - დანგრეული ეკონომიკიდან „ბალტიის სასწაულამდე“

საქართველოს წარმატების მისაღწევად კომპლექსური რეფორმების დაჩქარება მოუწევს.
რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებამ ესტონეთის ბიზნესგარემო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. დღეს ბალტიის ამ ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი საგადასახადო სისტემა აქვს, თუმცა ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით ესტონეთში არაერთი თანმდევი რეფორმა გატარდა. ერთ-ერთი პირველი საჯარო სექტორში ბიუროკრატიის შემცირება იყო. ბოლო წლების მონაცემებით, ესტონეთში სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა 29 384-ია. საქართველოში კი 2015 წელს მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაში 116 442 ადამიანი მუშაობდა.
დამოუკიდებლობის რამდენიმე წელი ესტონეთისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ძლიერი ეკონომიკა შეექმნა. დღეს ესტონეთს „ბალტიის სასწაულს“ უწოდებენ. 2015 წლის მონაცემებით, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ესტონეთი მერვე ადგილზეა, ბიზნესის სიმარტივის კუთხით კი მე-17 ადგილს იკავებს. მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი საგადასახადო სისტემა დღეს სწორედ ესტონეთს აქვს.
„ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩვენმა პოლიტიკოსებმა გააცნობიერეს, რომ ესტონეთი პატარა ქვეყანაა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს. ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა, ყოველივე ეს კი უპირატესობებად უნდა გვექცია. ჩვენ ვერც ესტონეთის ზომას შევცვლიდით და ვერც მის მდებარეობას. ვიფიქრეთ, მიუხედავად იმისა, რომ ვართ პატარა, შეიძლება, ვიყოთ საინტერესო რეგიონულ დონეზე. უპირატესობად ითვლებოდა ის, რომ გვყავდა იაფი მუშახელი, დინამიური ბიზნესგარემო, ყოველივე ამან მოიზიდა ინვესტიციები. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ იმართებოდა სახელმწიფო, ყოველთვის გვქონდა ლიბერალური ეკონომიკა და დაბალი ბიუროკრატია“, აცხადებს ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ესტონეთში არაერთი საგადასახადო რეფორმა გატარდა, ყოველი მომდევნო ცვლილება კი ქვეყანაში საგადასახადო სისტემის კიდევ უფრო ლიბერალიზაციას ითვალისწინებდა. 2000 წელს გატარებულმა რეფორმამ ესტონეთში არსებულ ბიზნესგარემოსა და ინვესტიციების მოზიდვაზე მყისიერად იმუშავა. ბიზნესი რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან გათავისუფლდა და მხოლოდ განაწილებული მოგება დაიბეგრა 20%-ით. ესტონური მოდელი ბევრი ქვეყნისთვის აღმოჩნდა საინტერესო. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, საქართველოში უახლოეს მომავალში სწორედ ესტონური ელემენტები ამოქმედდება. ამასთან, იგეგმება საგადასახადო-ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობის მაქსიმალური რეგლამენტირება, რათა თითოეული შემოწმება დროში იყოს განსაზღვრული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობა მუშაობს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტზე, რათა ეკონომიკური დანაშაულისას, თავიდან იყოს აცილებული წინასწარი პატიმრობები. ასევე, განხორციელდება ფინანსური პოლიციის მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტირება.
„საგადასახადო სისტემის რეფორმირებამ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ძლიერი ეკონომიკის ჩამოყალიბებასა და ინვესტიციების მოზიდვის პროცესში. უნდა ყოფილიყო, რაც შეიძლება მარტივი და თანასწორი ყველასთვის. ეს, რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. პატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ასეთი გზავნილები, შენ უნდა შესთავაზო რაღაც უნიკალური და განსხვავებული“, -აცხადებს პრიიტ ტურკი.
დღეს საქართველოში 6 ტიპის გადასახადი მოქმედებს - საშემოსავლო - 20%, მოგების-15%, აქციზი - დიფერენცირებული, დღგ - 18%, საბაჟო - დიფერენცირებული, ქონების - არა უმეტეს 1%. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ბიზნესს ესტონეთის მსგავსად არადამამძიმებელი საგადასახადო ტვირთი აქვს. თუმცა არის ბევრი ფაქტორი, რის გამოც შეიძლება, ინვესტორმა საქართველოში ფულის ჩადებისგან თავი შეიკავოს. „ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბაზარი პატარაა, ქართველი მუშახელი კი არ გამოირჩევა ისეთი უნარებით, როგორსაც 21-ე საუკუნე მოითხოვს, საქართველომ ინვესტორს ყველასგან განსხვავებული და უნიკალური რამ უნდა შესთავაზოს.
„ვფიქრობთ, რომ 4 გადასახადი საერთოდ გასაუქმებელია - მოგების, საშემოსავლო, ქონებისა და იმპორტის. ქონებისა და იმპორტის გადასახადებიდან ბიუჯეტში არ შედის დიდი თანხა, იმპორტიდან დაახლოებით 100 მილიონზე, ქონებიდან კი დაახლოებით 250 მილიონზეა ლაპარაკი. ჯამში ეს ოთხივე გადასახადი რომ დავთვალოთ, საქმე ეხება 3 მილიარდ 300 მილიონ ლარს, ჩვენი ბიუროკრატიის ხარჯები სწორედ ამ თახნით უნდა შევკვეცოთ, ეს ფული დარჩეს ბიზნესში, აღარ გადაუხადონ სახელმწიფოს, ეს იქნება შიდა ინვესტიციების წახალისება. თუ ამას გავაკეთებთ, რამდენიმე ათეული ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მყისიერად. ისედაც პატარა ეკონომიკიდან სახელმწიფო ძალიან დიდ თანხას აძლევს ბიუროკრატიას. მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ქვეყნები, რომლებსაც არა აქვთ ბუნბერივი წიაღისეული და მოახერხეს სწრაფად გამდიდრება, სწორედ ამ გზით წავიდნენ. სახელმწიფოები, რომლებიც მეტ ფულს ტოვებენ ეკონომიკაში და ნაკლებ ფულს ხარჯავენ ბიუროკრატიისთის, იზრდებოდნენ გაცილებით სწრაფად“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
ესტონეთის ერთ-ერთი პირველი რეფორმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ბიუროკრატიას ეხებოდა, შემცირდა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, შესაბამისად შემცირდა საჯარო სექტორისთვის გამოყოფილი ხარჯებიც. ესტონეთში, რომლის მოსახლეობაც 1 315 819- ია, Eurostat-ის ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო წლებში სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა 29 384-ია. 23 920 მოქალაქე სახელმწიფო ადმინისტრაციულ სააგენტოებში მუშაობს, 5464 ადამიანი კი ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციულ სტრუქტურებშია დასაქმებული. ესტონეთის ყველა სამინისტროში ერთად მხოლოდ 2 889 ადამიანი მუშაობს. საქართველოში კი, რომლის მოსახლეობაც 3 729 500-ია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, 2015 წელს მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაში დასაქმებულია 116 442 ადამიანი, მათ შრომის ანაზღაურებაზე კი ბიუჯეტიდან გასულ წელს მილიარდ 407 მილიონ 933 ათასი ლარი გამოიყო. საინტერესოა საჯარო მოხელეთა რაოდენობის ზრდის ტენდენციაც. 2014 წელს მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაში 111 337 ადამიანი მუშაობდა, მხოლოდ 1 წელიწადში მათი რაოდენობა კი 5 000-ზე მეტით გაიზარდა.
„ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებასა და შემდეგ ამ თანხის დანაზოგში გადამისამართებას შეიძლება ითქვას, საზღვარი არა აქვს, რაც მეტს დაზოგავ, ცხადია, უკეთესია. თუმცა დღეს საქართველოში ამ მიმართულებით ძალიან დიდი პრობლემა არ არის. სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯი ფარდობით მაჩვენებლებში მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ, ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების მიმართ მაღალი არ არის, საშუალოზე დაბალია. თუმცა შეიძლება დავზოგოთ თანხები, რაც გადავა ეროვნულ დანაზოგში, შემდეგ მთავრობას შეეძლება, ბიუჯეტის დეფიციტი შეამციროს, ან ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადოს ეს ფული. სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირება ეკონომიკურად მომგებიანი იქნება, მაგრამ პოლიტიკურად ამ ნაბიჯის გადადგმა თვითმკვლელობის ტოლფასია. ბიუროკრატიასთან მეტი პრობლემა გვაქვს სხვა მიმართულებით, ხელისუფლების სხვადასხვა შტო სწრაფად ვერ იღებს გადაწყვტილებებს, დროში იწელება პროცესი. რთულია, მთავრობასთან მოლაპარაკება. სწრაფად ვერ შემოჰყავს ინვესტორი და სწრაფად ვერ იწყება ბიზნესის კეთების პროცესი“, - აცხადებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.
„ვფიქრობ, რომ ბიუროკრატია საჯარო სექტორში ყველა ქვეყნის გამოწვევაა. თუ გინდა, რომ მმართველი გუნდი იყოს ეფექტიანი, იქ დასაქმებულების ნაწილმა უნდა დატოვოს სამუშაო ადგილი. ეს არ არის მარტივი პროცესი. ხელისუფლებამ მოსახლეობას უნდა აუხსნას, რატომ არ სჭირდება ამდენი ხალხი საჯარო სექტორში, მაგრამ მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სამთავრობო სტრუქტურებში, არიან განათლებული და მოაზროვნე მოქალაქეები, მათ კი შეუძლიათ, სამსახური იპოვონ კერძო სექტორში. ესტონეთის ხელისუფლების პრიორიტეტია სწორედ ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული კერძო სექტორში. ჩვენ შევძელით, შეგვექმნა პატარა, თუმცა ეფექტიანი მთავრობა. ელექტრონული მმართველობის მეშვეობით ვახერხებთ, რომ ნაკლები ბიუროკრატია გვქონდეს“, ამბობს ესტონეთის ელჩი საქართველოში.
ბიზნესის განვითარების მიზნით დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე ესტონეთმა პრივატიზაციის პროგრამა დაიწყო. ეს პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია. ძალიან ცოტა კომპანია თუ საწარმო რჩება დღემდე ესტონეთში სახელმწიფოს სრულ მფლობელობაში. ეს არის ქვეყნის მთავარი პორტი, ეროვნული ლატარეა, ფოსტა. ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე eugeorgia.info-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მსგავსი პროგრამა საქართველოშიც უნდა განხორციელდეს.
„სახელმწიფოს მფლობელობაში ბევრი მიწაა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნახევარი თუ მეტი რჩება, ამის პრივატიზება შეიძლება, მაგრამ რთულია, რადგან უცხოელებზე ფაქტობრივად, აკრძალულია მიწის გაყიდვა. შიდა ინვესტორი კი არ არის ისეთი, რომ ამდენი ფული გადაიხადოს. თელასის 25%-იანი წილი გვაქვს, რას ცვლის ეს? არის სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობა, რეზიდენციები, სახელმწიფო საწარმოები, რომელთა შენახვა ძვირი უჯდება სახელმწიფოს. ყოველივე ამის პრივატიზება შესაძლებელია“, - ამბობს ბესო ნამჩავაძე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინვესტიციების მოზიდვის გზაზე მიწის აღრიცხვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. 2 წლის წინ ესტონური კომპანიის „პორტ არტურ გრუპის“ მიერ საქართველოში დაფუძნებულმა შპს PAG-ის დირექტორმა ვეტიკი ვილჯომ საქართველოში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც გაირკვა, რომ მიწას, რომელიც ესტონურმა ბიზნესჯგუფმა რუსთავში მერიისგან აუქციონზე იყიდა, რამდენიმე კერძო მფლობელი უკვე ჰყავდა. საკადასტრო რუკის მიხედვით, ტერიტორია გარდაბნის რაიონს ეკუთვნოდა და ქონება ამ რაიონის თვითმართველობას 2006 წელს ჰქონდა გაყიდული. სასამართლო დავა ამ საკითხზე დღემდე გრძელდება. ესტონელი ინვესტორი, რომელიც საქართველოში 100 სკანდინავიური კომპანიის შემოყვანას გეგმავდა, მიწის ნაკვეთისთვის გადახდილი 3 400 000 დოლარის უკან დაბრუნებას ითხოვს. "გადასახადის გადამხდელთა კავშირის" დირექტორი გიგლა მიქაუტაძე ამბობს, რომ მიწის აღრიცხვის მოწესრიგება ინვესტიციების მოზიდვის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგს 2015 წელს მეთოდოლოგიაში დაემატა მიწის მენეჯმენტი. ეს გულისხმობს, რამდენად კარგად მუშაობს კადასტრი. ვერ ვიტყვი, რომ საშინელი ვითარება გვაქვს, მაგრამ არც ისე კარგი სიტუაციაა, თუ გაუმჯობესდება ხარისხობრივად, ჩვენი პოზიციაც ბიზნესის კეთების რეიტინგში წინ გადაინაცვლებს. შეიძლება, მიწა დაარეგისტრირო მარტივად, მაგრამ მერე აღმოჩნდეს, რომ ეს მიწა ვიღაცის ყოფილა. თუ კადასტრი არ მოწესრიგდა, ბიზნესმენი არ არის დაცული, რომ მისი ქონება არ გახდება შემდეგ სადავო“, - ამბობს გიგლა მიქაუტაძე.
ესტონეთში ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ბალტიის ქვეყანაში ბიზნესის წარმატებას უმეტესწილად ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის სწორი კომუნიკაცია განაპირობებს. ნებისმიერ მოქალაქეს ესტონეთში კომპანიის დაფუძნება ონლაინ - 5 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. ესტონეთი არ აწესებს კონტროლსა და რაიმე სახის აკრძალვას უცხოურ ინვესტიციებზე. უცხოური კაპიტალდაბანდებების მოცულობა არ არის ლიმიტირებული, კომპანია შეიძლება, 100 პროცენტით სხვა ქვეყნის მოქალაქის მფლობელობაში იყოს. არაესტონური კომპანია ქვეყანაში ზუსტად იმავე უფლებებით სარგებლობს, რითიც ადგილობრივი. ლიცენზიის მოპოვების ვალდებულება აქვთ მხოლოდ რამდენიმე სფეროში. ეს ეხება ფარმაცევტულ ბაზარს, პორტს, აეროპორტს, რკინიგზას, ტელეკომუნიკაციებს და კიდევ რამდენიმე სექტორს. სასამართლო დავები ინვესტორებთან ესტონეთში ძალიან იშვიათია, სასამართლო ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალია. ერთადერთი პრეტენზია, რაც შეიძლება, ესტონეთის მართლმსაჯულებასთან მოქალაქეს ჰქონდეს, საქმის ნელი ტემპით განხილვაა. არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ უცხოელ ინვესტორებს კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები ესტონეთში პრობლემებს არ უქმნით. მიუხედავად ამისა, 2013 წელს ესტონეთის ხელისუფლებამ 2013-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც საჯარო უწყებების გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის გაზრდას, კორუფციული გარიგებების გამოვლენასა და გამოძიებას ითვალისწინებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ესტონეთის ეკონომიკის წარმატებას განაპირობებს ქვეყანაში არსებული სტაბილურობაა. ესტონეთში ძალიან იშვიათად იმართება საპროტეტო აქციები, შეკრებების დროს კი თითქმის არასდროს ხდება დაპირისპირება.
„კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, ინვესტორებისთვის ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ ინვესტიციას საფრთხე არ ემუქრებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, არასდროს ვყოფილიყავით ასოცირებული საბჭოთა კავშირთან, შეგვექმნა ახალი იმიჯი, ახლა ესტონეთი აღარ აღიქმება საბჭოთა კავშირის ყოფილ ნაწილად, დღეს ჩვენს ქვეყანასთან ასოცირდება ელექტრონული მმართველობა, IT ტექნოლოგიები. წარმატებას განაპირობებს ასევე ჩვენი ადგილმდებარეობა, ახლოს ვართ ისეთ ქვეყნებთან, როგორიც შვედეთი, ფინეთი და გერმანიაა. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, როგორ ვაკეთოთ ბიზნესი ევროპულად“, - ამბობს ესტონეთის ელჩი საქართველოში.
"გადასახადის გადამხდელთა კავშირის" დირექტორი გიგლა მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ცვლილებები ბიზნესისთვის კარგი გზავნილი იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ქვეყანა ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდეს, სხვა მიმართულებით არის მუშაობა საჭირო.
„კვირიკაშვილმა ძალიან კარგი ინიციატივები გააჟღერა. როდის განხორციელდება, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ ეს 4 ინიციატივა ძალაში მალე შევა, ძალიან კარგი გზავნილი იქნება ბიზნესისთვის. ოპტიმისტური განცხადებისგან თავს შევიკავებ, ამას, რა თქმა უნდა, არ მოჰყვება ინვსტიციების რამდენჯერმე გაზრდა. ერთ-ერთი ფაქტორი არის პოლიტიკური სტაბილურობა. გადასახადი რაც არ უნდა დაბალი იყოს, ბიზნესმენი თუ არ არის დაცული, არ არის დარწმუნებული იმაში, რომ მისი საკუთრება ხელშეუხებელი იქნება, ამის გარანტი არ არის სასამართლო და ზოგადად სახელმწიფო, ამ ქვეყანაში ფულს არ ჩადებს. პრიორიტეტებად რომ დავყოთ, ინვესტიციების მოზიდვისას ყველაზე მთავარია პოლიტიკური სტაბილურობა და საკუთრების დაცვის გარანტიები, შემდეგ მოდის საგადასახადო შეღავათები“, - ამბობს გიგლა მიქაუტაძე.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე ცვლილებების შესახებ ფინანსთა სამინისტროს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, გაზაფხულზე შევა.
ავტორი: ხატია შამანაური