ქართული მწვანილი რუსეთში ვეღარ იყიდება - „ჰერბია“ პროდუქციის გატანას ჰოლანდიაში გეგმავს
კომპანია „ჰერბია“ ჰოლანდიაში მწვანილის ექსპორტზე ხელშეკრულებას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გააფორმებს. კომპანიამ წყალტუბოს რაიონში 3 ჰა სასათბურე მეურნეობა 10 წლის წინ მოაწყო და ერთადერთია საქართველოში, რომელიც ევროკავშირში ბოსტნეულის შესატანად საჭირო საერთაშორისო სერთიფიკატს - GLOBAL GAP-ს ფლობს.
როგორც „ჰერბიას“ დამფუძნებელმა, ზურაბ ჯანელიძემ eugeorgia.info-ს განუცხადა, საცდელი პარტიები ჰოლანდიაში ჯერ კიდევ გასულ წელს გაგზავნა, ამჟამად კი მოლაპარაკებებს უკვე გრძელვადიან თანამშრომლობაზე აწარმოებს.
„ჰერბიაში“ არ აკონკრეტებენ ხელშეკრულების მოცულობას, თუმცა, აღნიშნავენ, რომ საწყის ეტაპზე მაქსიმალური მოცულობა 30 ტონა იქნება. პროდუქტების ასორტიმენტში კი მწვანილის გარდა, სალათები, მათ შორის, „რუკოლა“ და „აისბერგი“ შედის, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის არატრადიციული სახეობებია.
აღსანიშნავია, რომ მწვანილზე ფასები, რომელიც იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო პროდუქტია, უკვე მესამე წელია, რეკორდულად მცირდება. მიზეზი ძირითად ბაზარზე, დსთ-ში, შექმნილი პრობლემებია.
„1 კგ ცერეცო და ოხრახუში დღეს 1,5 ლარი ღირს, რაც ძალიან დაბალია. ამ სეზონზე მწვანილის მაქსიმალური ფასი 3 ლარს არ გადასცდენია, მაშინ როცა ადრე 10-15 ლარიც კი ღირდა. რუსეთში ძველებურად ვეღარ ვყიდით, კონკურენციას ირანული და უზბეკური მწვანილი გვიწევს“, - განუცხადა eugeorgia.info -ს ვასილ ჯანელიძემ, რომელიც წყალტუბოში საკუთარ სათბურს ფლობს, ამავე დროს სხვა ფერმერების პროდუქციის ექსპორტსაც ახორციელებს.
„მოსკოველმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ადგილზე 1 კილოგრამი მწვანილი ლარ-ნახევარი ღირს, აქ როგორ გადავუხადო ფერმერებს იგივე თანხა, მარტო ტრანსპორტირება კილოგრამზე 70 თეთრი ჯდება“, - აღნიშნა ექსპორტიორმა.
ვასილ ჯანელიძის თქმით, ადგილობრივ მწარმოებლებს შემცირებული რეალიზაციის ფონზე საბანკო სესხების მომსახურება მძიმე ტვირთად აწვებათ.
ევროკავშირში ქართული მწვანილის რეალიზაციის პოტენციალი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა" შეისწავლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩვენი პროდუქცია ექსპორტირების შემთხვევაში ევროპული ბაზრის 0,2%-ს დაიკავებს. 1 კგ ქართული მწვანილის მინიმალური ფასი 2-3, მაქსიმალური კი - 6 ევრო იქნება. ამ ეტაპზე საუბარია ოხრახუშის, კამას, ქინძის და რუკოლას წარმოებაზე.
ბელა ნოზაძე