საქართველოში 800 ათასი დოლარის კაკალი იმპორტზე შემოდის - რა პერსპექტივები აქვს "ჩენდლერის" ჯიშის ბაღების გაშენებას
თხილისგან განსხვავებით, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, ქვეყანაში კაკლის დეფიციტია. საქართველოში წელიწადში, დაახლოებით, 700-900 ათასი დოლარის კაკლის იმპორტი ხორციელდება. ამავე დროს, 1 ჰა-ზე საშუალო მოგება კაკლის ახალი ჯიშის, ჩანდლერის გაშენების შემთხვევაში - 7 ათასი ლარია. კაკლის, როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურის პერსპექტივებზე ევროკავშირის პროექტის, ENPARD-ის დაფინანსებით კვლევა ჩატარდა. სახელწოდებით - “კაკლის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი საქართველოში, აჭარის რეგიონში” კვლევა “PMC კვლევითმა ცენტრმა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განახორციელა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბოლო წლებამდე საქართველოში კაკალი ფერმერულ მეურნეობაში არ მოჰყავდათ და ის, ძირითადად, გზის პირებში ჩარიგებული ხეების ხარჯზე იკრიფებოდა. მათ შეწამვლა-მოვლაზე კი არავინ ზრუნავდა. ბოლო წლებში დაიწყო კაკლის ბაღები გაშენება ფერმერულ მეურნეობებში. დღესდღეობით, სრულად მსხმოიარე ბაღები არ არსებობს, თუმცა რამდენიმე წელიწადში ის საქართველოს ბევრ რეგიონში და მათ შორის აჭარაშიც იქნება, სადაც ჩანდლერის კაკლის გაშენების ღონისძიებები 2016 წელს დაიწყო და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.
კაკლის წარმოება მსოფლიოში
როგორც კვლევის ავტორები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, მსოფლიოში კაკლის წარმოებამ 2013 წელს 3.5 მლნ. ტონას მიაღწია, რაც მკვეთრად აღემატება წინა წლების წარმოების დონეს.
2010 - 2014 წწ. საშუალო მონაცემებით, კაკლის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნები არიან:
• ჩინეთი - 1.6 მლნ. ტ
• ირანი - 0.4 მლნ.ტ.
• აშშ - 0.4 მლნ.ტ.
• თურქეთი - 0.2 მლნ.ტ.
• უკრაინა - 0.1 მლნ.ტ.
2015 წელს კაკლის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ: თურქეთი, იტალია, ჩინეთი, მექსიკა, ესპანეთი, ხოლო ექსპორტიორები - აშშ, ჩილე,, მექსიკა, საფრანგეთი, ჩინეთი.
საქართველოში კაკლის წარმოება
საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 6 ათას ტონა კაკალი იწარმოება (გამონაკლისი იყო 2013 წელი, როცა წარმოების დონემ 10 ათას ტონას გადააჭარბა). რეგიონებში ყველაზე დაწინაურებული ამ მხრივ აჭარაა - 1,3 ათასი ტონა.
როგორც ბევრი სხვა საკვები პროდუქტის შემთხვევაში, კაკლის იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება მის ექსპორტს. იმპორტმა 2015 წელს 395 ტონა ( 890,5 ათასი დოლარი შეადგინა), 2014 წელსა 256 ტონა იყო (817.1 ათასი დოლარი).
კაკლის იმპორტის 75% მოდის უკრაინაზე, 21% - ყირგიზეთზე, დანარჩენი კი - არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და სხვა ქვეყნებზე, რაც შეეხება ექსპორტს, საკმაოდ მცირე მოცულობაა - 49 ტონა (42,6 ათასი დოლარი).
საქართველოში წარმოებული კაკალი მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს და განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში იგრძნობა დეფიციტი, რომელიც ივსება იმპორ. განსაკუთრებით, მაღალია კაკალზე მოთხოვნა ახალი წლის პერიოდში და ფასიც მნიშვნელოვნად, სწორედ ამ დროს იზრდება. ვინაიდან ნიგოზს განაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ სამზარეულოში, მასზე მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია, რაც მის მაღალ ფასშიც აისახება.
აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში შემოიტანა „ჩანდლერის“ ნერგები. 2013-2015 წლებში 67 -ჰა - ზე დაირგო 21 750 ძირი. გეგმის მიხედვით, წლევანდელის ჩათვლით, სულ 273 ჰა-ზე 90 ათასი ძირი დაირგვება. ამავე დროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, კაკალი გაშენდა 458 ჰა-ზე. “ჩანდლერის” ჯიშის კაკლის სადემონსტრაციო ნაკვეთები გაკეთდა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, 2014-2015 წლებში, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით
ფასები
1 კგ ნიგვზის საშუალო ფასები საქართველოში 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, 20,3 ლარი იყო, 2015 წლის აგვისტოში - 26.4 ლარი.
რაც შეეხება კაკლის მოყვანის რენტაბელობას, სრული მსხმოიარობის დროს მაღალი მოსავლის პირობებში მოგების მარჟა საკმაოდ მაღალია,
როგორც კვლევის ავტორებმა გამოთვალეს, 1 ჰა ჩანდლერის კაკლის მოსავლელად მთლიანი საოპერაციო ხარჯი 2 200 ლარია,1 კგ კაკლის თვითღირებულება - 1,05 ლარი, მოგება კი (საშუალო მოსავლის შემთხვევაში) - 7 000 ლარი, მაღალი მოსავლის - 9 600 ლარი. 1 კგ კაკალი, საშუალოდ, 4 ლარი ღირს.
კვლევის ავტორების გათვლებით, დამატებული ღირებულება ნიგვზის შემთხვევაში გაცილებით მაღალია, ვიდრე კაკლის რეალიზაციის დროს, კერძოდ, ფერმერის ფასი 1 კგ ნიგოზზე:14 -16 ლარია (დამატებული ღირებულება: 7 -9 ლარი), შუამავალის ფასი: 18 – 20 ლარი (დამატებული ღირებულება: 3 -5 ლარი), საცალო მოვაჭრის (ღია ბაზარში) ფასი: 21 – 23 ლარი (დამატებული ღირებულება: 2 –4 ლარი), სუპერმარკეტის ფასი: 24 – 26 ლარი (დამატებული ღირებულება: 2-4 ლარი).
ჩანდლერის კულტივაცია
აჭარასა და მთლიანად საქართველოში. ჩანდლერის კაკლის ძირების გაშენების სტანდარტული რაოდენობა 1 ჰა-ზე 280 ძირია (დაშორებით 6X6). ერთი ჰექტრის გაშენება, საშუალოდ, 8-9 ათასი ლარი ჯდება. კაკალი მსხმოიარობაში დარგვიდან მესამე წელს, ხოლო სრულ მსხმოიარობაში მეშვიდე, მერვე წელს შედის. მოსავლიანობა სრული მსხმოიარობისას არის 2-2,5 ტონა/ჰა. ვინაიდან, სრულ მსხმოიარობაში მყოფი ჩანდლერის ჯიშის კაკალი, დღეს საქართველოში არ არსებობს, აღნიშნულ კვლევაში მოყვანილი გაანგარიშებები, ძირითადად. ეყრდნობა ექსპერტთა მოსაზრებებს.
ორმოების მომზადება და სასუქების შეტანა კაკლის ბაღის გასაშენებლად საჭიროა ნიადაგის წინასწარ მომზადება, რაც მოიცავს ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა: პლანტაჟი, ჯვარედინი ხვნა, დადისკვა და ფარცხვა. კაკლის დარგვისას მცენარის განლაგება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორია სახეობა, ჯიში და ნიადაგი. ზოგადად, კაკალი ირგვება 10×10 მ, 8×10 მ, 8×8 მ-ზე, ხოლო ჩანდლერის ჯიშის ნერგები ირგვება 6×6მ-ზე და 6×5 მ-ზე. დარგვამდე საჭიროა 0,70 მ სიღრმის და 1 მეტრამდე დიამტერის ორმოს მომზადება და მასში 15-20 კგ. ორგანული სასუქების (გადამწვარი ნაკელი და სხვა გადამწვარი ორგანული მასა) შეტანა. ასევე საჭიროა ფოსფორისა და კალიუმის შემცველი სასუქების დამატება. კაკლის გასაშენებლად ოპტიმალური პერიოდია გვიანი შემოდგომა (ნოემბერი) და ადრე გაზაფხული (მარტი). ნერგების დარგვა, მორწყვა და აკვრა კაკლის ნერგების დარგვის შემდეგ აუცილებელია მათი მორწვა და აკვრა. ასევე რეკომენდებულია პირველი სამი წლის განმავლობაში რიგთაშორის ჩაირგოს სოიო, ლობიო ან სხვა სათოხნი პარკოსანი კულტურები, რომელიც შემდეგ იხვნება ნიადაგში. მოვლა ძირითადად, გულისხმობს კაკალის მიწის დამუშავებას, მცენარეების ირგვლივ შემობარვას, ნიადაგის გაფხვიერებას და სასუქების შეტანას. გვალვისა და ცხელი
ამინდების შემთხვევაში მორწყვაც საჭიროა.
კაკლის მოსავლიანობა მერყეობს 3-დან 7 ტონამდე 1 ჰა-ზე და იბერტყება როცა სრულ სიმწიფეს მიაღწევს. ადრე დაკრეფის შემთხვევაში კაკლის გული გაშრობისას პატარავდება და ცუდად ინახება.
მოსავლის აღების შემდეგ, იმ კაკლებს, რომლებსაც მწვანე გარსი აქვთ შემორჩენილი აცლიან მას, რეცხავენ სუფთა წყალში და აშრობენ მზეზე ან სპეციალურ საშრობში. კაკლის შენახვისთვის სათავსოში ოპტიმალური ტემერატურაა 3-10°C. ასეთ პირობებში იგი ინახება ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ანალიზი და რეკომენდაციები
კვლევის ავტორების მიერ წარმოების ხელის შემშლელ ფაქტორად დასახელდა სანერგე მეურნეობების სიმცირე, ნერგზე მაღალი ფასი და ასევე ჩანდლერის ჯიშის და ზოგადად, კაკლის მოვლა-მოყვანის შესახებ ცოდნის სიმწირე. “ფაქტობრივად, ქვეყანაში ახლა იწყება კაკლის სამრეწველო ბაღების გაშენება და შესაბამისად კაკლის პლანტაციების მოვლის პრაქტიკა დღეს ინერგება, რაც საფუძვლიან შიშს აჩენს დარგის სპეციალისტებში, იმის შესახებ, თუ რამდენად გაამართლებს მოსავლიანობის თვალსაზრისით, ჩანდლერის კაკალი საქართველოში”, - აღნიშნულია კვლევაში.
კაკლის მოსავლის აღების შემდგომი დაბინავება-გადამუშავება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია ამ დარგის ღირებულებათა ჯაჭვში.სპეციალისტების განცხადებით, სწორედ აქ იქმნება დამატებული ღირებულების უდიდესი წილი. თუმცა, ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს კაკლის სატეხი და დამხარისხებელი დანადგარები, რომელიც კაკლის სამრეწველო წარმოების გაზრდასთან ერთად საჭირო გახდება. “აღარაფერს ვამბობთ იმ შესაძლებლობაზე, როდესაც შეიძლება კაკლისგან მთელი რიგი გადამუშავებული პროდუქტების მიღება, როგორიცაა კაკლის ზეთი, კაკლის კარაქი და სხვა. ამ ეტაპზე ქვეყანაში არც ეს მიმართულებებია განვითარებული”, - აღნიშნულია კვლევაში.
გასაღების კუთხით, ძირითადი პრობლემაა ჯაჭვის მონაწილეებს შორის (ფერმერები, შუამავლები, სუპერმარკეტები, საცალო გამყიდველები ბაზარზე) საკონტრაქტო ურთიერთობების არარსებობა. ამავე დროს, ექსპერტები აცხადებენ, რომ სამომავლოდ, კაკლის წარმოების გაზრდის შემთხვევაში, საჭირო გახდება საექსპორტო ბაზრების მოძიება და დივერსიფიკაცია.
“საქართველოსთვის ძირითადი კაკლოვანი ხილი - თხილი უკვე კარგად არის ცნობილი მსოფლიო ბაზარზე და კარგი რეპუტაციითაც სარგებლობს. ეს მდგომარეობა კარგად უნდა იქნეს გამოყენებული კაკლის შემთხვევაშიც, რომ ქართული თხილის ექსპორტიორებისთვის მომავალში მოხდეს ასევე კაკლის შეთავაზებაც”, - მიიჩნევენ კვლევის ავტორები.
სასაწყობე მეურნეობებისა და გადამუშავების განვითარებისათვის რეკომენდებულია ისეთი კოოპერატივების ხელშეწყობა, რომლებიც ორიენტირებული იქნება კაკლის შენახვა- დასაწყობებაზე და შუამავალი რგოლის გარეშე ექსპორტიორებთან თანამშრომლობაზე. ასევე, კოოპერატივის ფარგლებში, შესაძლებელია, გადამამუშავებელი საწარმოს დაფუძნებაც, რაც ხელს შეუწყობს ფერმერისთვის დამატებული ღირებულების შექმნას. ამ კუთხით, შესაძლებელია კერძო-საჯარო პარტნიორობის განხილვაც. კაკლის სექტორის ეფექტური განვითარებისთვის აუცილებელია ცოდნის ამაღლება თანამედროვე მეთოდებითა და მიდგომებით.
ამავე დროს, კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. აქვს შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი ევროპასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, აშშ-სთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, კანადასთან და იაპონიასთან. წელს, ასევე გაღრმავდა სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან. მაღალი ხარისხის კაკლის წარმოებისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს შეუძლია განახორციელოს კაკლის ექსპორტი ზემოხსენებულ ქვეყნებში.