ხულოელმა ფერმერებმა 4 ტონა ქართული ნიორი ევროკავშირში ექსპორტზე გაიტანეს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, რესან ჩოგაძის ცნობით, ოთხმა ხულოელმა ფერმერმა ჯემალ ართმელაძემ, მიხეილ ჩოგაძემ, ალექსანდრე იშხნელიძემ და ბიძინა შავაძემ 4 ტონა ქართული ნიორი გერმანიაში გაიტანეს.
ფერმერებმა ნიორი 2015 წლის შემოდგომაზე ჯამში 0.5 ჰა-ზე დათესეს, მანამდე სარეალიზაციოდ ნიორს არ აწარმოებდნენ. საპილოტე პროგრამის ფარგლებში აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-მა „აგროსერვის ცენტრმა“ ფერმერები უკრაინულ მომწოდებელთან დააკავშირა, რომელმაც უზრუნველყო ქართული ნივრის გერმანიაში გატანა. უკრაინულმა მხარემ ქართველ ფერემრებს კილოგრამზე 2.5 აშშ დოლარი გადაუხადა.
„მიმდინარე წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს ნივრის გაშენების პროგრამა. ეს ფერმერები აპირებენ ხელმეორედ ჩაერთონ ამ პროგრამაში, იმდენად, რამდენადაც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და მეტი შემოსავალიც მიიღეს. მაგალითად, ადრე იმავე ფართობზე კარტოფილს თესავდნენ და დაახლოებით 1000 კვ.მ-დან შემოსავალი 700-800 ლარი რჩებოდა, ნივრიდან კი ამ ფართობზე 2500 დოლარი მიიღეს, რაც ცალსახად ბევრად რენტაბელურია“- აღნიშნა რესან ჩოგაძემ.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA), საქართველოდან საბაჟო გადასახადის გარეშე 220 ტონა ნივრის ექსპორტი არის ნებადართული, ხოლო თუ მწარმოებელი გადააჭარბებს ამ ოდენობას ჩვეულებრივ გადაიხდის საბაჟო მოსაკრებელს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნივრის წარმოება 2015 წელს იყო 4200 ტონა, რაც ადგილობრივ ბაზარს თითქმის ვერ უზრუნველყოფს, რადგან ბაზარი ძირითადად ჩინური ნივრით არის გაჯერებული.
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც გრაფიკიდან ჩანს, იმპორტი საგრძნობლად აჭარბებს ექსპორტს. ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაწესებული კვოტა ნივრის წარმოებისთვის შემზღუდველი არ არის.
რესან ჩოგაძის ცნობით, ნივრის პროგრამამ გაამართლა და ხულოელები მოწადინებულები არიან რომ ამ პროგრამაში ჩაერთონ, რადგან ნიორზე მოთხოვნა დიდია. ფერმერ ჯემალ ართმელაძეს ასევე აქვს გაშენებული მოცვი 0,3 ჰა-ზე და კაკალი და თხილი 0,5 ჰა-ზე. ამას გარდა, მას ჰყავს ჰოლანდიური ჯიშის საქონელი და დაჯილდოებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მედლით, როგორც წლის საუკეთესო ფერმერი 2016 წელს. ჯემალ ართმელაძემ მოცვი 2016 წელს გააშენა და წელს უკვე ელოდება მოსავალს. ამ პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და ძირითადად ადგილობრივ სუპერმარკეტებს აბარებენ, რომელთა მიერ შემოთავაზებული ფასი მისაღებია ფერმერებისთვის.
FAO-ს მონაცემებით, მსოფლიოში ნივრის მწარმოებელ ქვეყნებს შორის ჩინეთი ლიდერობს( 20 მლნ ტონა 2014 წელს), რაც მსოფლიო ნივრის ბაზრის 79%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ინდოეთი (1,25 მლნ ტონა), ხოლო მესამეზე - სამხრეთ კორეა (0,35 მლნ ტონა). ჩინური ნივრის ფასი ბოლო წლებში მზარდი იყო 2016 წლისათვის 1 კგ ჩინური ნივრის ფასმა 3.75 აშშ დოლარს გადააჭარბა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2017 წელს ფასები მკვეთრად შემცირდება, რადგან ადგილი აქვს ჭარბ მიწოდებას და სპეკულაციებს.
ევროკავშირის ქვეყნები დაახლოებით 300 ათას ტონა ნიორს აწარმოებენ ყოველწლიურად, შედარებისთვის მსოფლიოში 23 მლნ ტონა იწარმოება. ევროკავშირის უდიდესი ნივრის მწარმოებელია ესპანეთი, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 200 ათას ტონა ნიორს აწარმოებს. იტალია და საფრანგეთი მეორე და მესამე ადგილზე იმყოფებიან. ევროკავშირში ძირითადად ნიორი იმპორტზე ჩინეთიდან და არგენტინიდან შემოდის.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს