ქართლის დედის შემდეგ „მაიჯიპიესი“ ლიტვას გაანათებს
- რას საქმიანობს თქვენი კომპანია?
ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულება მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებაა. 2007 წლიდან დღემდე ქართულ ბაზარზე ლიდერები ვართ GPS მოწყობილობების წარმოებაში. 2013 წლიდან დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ მოგვეხდინა ჩვენი პროდუქციის დივერსიფიცირება და საბოლოო ჯამში, შევჩერდით LED სანათების, ანუ შუქ დიოდური სანათების წარმოებაზე. 2013-2015 წლამდე გვქონდა კვლევისა და განვითარების პერიოდი, მოვიარეთ ბევრი ქარხანა-მწარმოებელი და გამოფენები, 2015-ში კი დავდეთ ჩვენი პროდუქტი LED სანათის სახით და მისი ბრენდი „MLED“-ი, რომლის ქვეშაც ამჟამად ვუშვებთ გარე განათების სანათებს.
ჩვენი პროდუქტი წარმატებით გაიტესტა ამერიკულ კომპანია CREE-ში, რომელიც ლიდერია შუქ-დიოდების წარმოებაში. ჩვენს სანათებში CREE-ს უახლეს, ბოლო თაობის დიოდებს ვიყენებთ. 2015 წელს ჩვენი სანათი CREE -ს ლაბორატორიაში ორჯერ გაიტესტა, ჩატარდა სერიოზული, 24-კომპონენტიანი კვლევა. ჩვენი შექმნილი სანათი ძალიან ინოვაციური აღმოჩნდა იმ გაგებით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს სანათის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე - საუბარია ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებაზე, იმდენად კარგად იყო ჩვენს მიერ გადაწყვეტილი, რომ CREE-მ ნება დაგვრთო, ჩვენს სანათებზე დაგვეტანა CREE LED ბრენდირება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სანათს არამხოლოდ ქართული ინჟინრული გენის სანდოობა გააჩნია, არამედ მასზე CREE -ს სანდოობის ხარისხიც გადმოდის.
- რით განსხვავდება „მაიჯიპიეს“-ის LED სანათები ქართულ ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი პროდუქტისგან?
ის საკმაოდ ინოვაციურია თავისი გადაწყვეტით, რადგან აკმაყოფილებს ევროპული ბაზრის აუცილებელ მოთხოვნას უსაფრთხოების კუთხით - C მარკირებას, რაც გულისხმობს ელექტრომაგნიტურ შესაბამისობას, ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობას, ასევე ადამიანის თვალისთვის უსაფრთხოებას. ანუ, ჩვენი LED სანათი ევროპულ ბაზარზე დაშვებადი გახდა, როგორც კი ამ სტანდარტებთან შესაბამისობაც დაადგინა ავტორიზებულმა პირმა. ჩვენს LED სანათებს გააჩნია ასევე, ძალიან მაღალი ნესტმედეგობის და წყალმედეგობის ხარისხი, მექანიკური დარტყმისადმი მედეგობა.
3 თვის წინ ჩვენი საწარმო თვეში 2 500 LED სანათს აწარმოებდა, შემდეგ ჩამოვიტანეთ უახლესი იტალიური დანადგარი და საწარმო გადავაიარაღეთ. ახლა შეგვიძლია, თვეში 10 000-მდე LED სანათი ვაწარმოოთ. საშუალო ფასი 170 ლარიდან იწყება. LED სანათების დიოდები ამერიკული წარმოებისაა, რაც შეეხება დანარჩენ კომპონენტებს, იქნება ეს კარკასი, ლინზები, მიკროსქემები თუ სხვა, ეს ყველა კომპონენტი ინჟინრულად ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილია და ჩვენი ზედამხედველობით მზადდებასაზღვარგარეთ, რადგან საქართველოში მომიჯნავე დარგები სამწუხაროდ, განვითარებული არ არის და ტექნოლოგიების მასიური წარმოება არ ხდება.
- ვინ არის თქვენი კომპანიის მომხმარებელი?
საქართველოში ძირითადად, მუნიციპალიტეტებთან ვთანამშრომლობთ. განვახორციელეთ პროექტები ქალაქ თელავში, სადაც გარე განათების 70-80% ჩვენი კომპანიის პროდუქციით არის უზრუნველყოფილი, გარდაბანში, ჭიათურაში, ჩხოროწყუში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის ცენტრებში. ქუჩის განათების გარდა ჩვენი სანათები გამოიყენება პარკების, სკვერების განათებისთვის. თბილისში ქართლის დედა ჩვენი განათებულია, გორში მდებარე ქარის ტურბინები ასევე ჩვენი კომპანიის განათებულია, აეროპორტის სტელა ნათდება ჩვენი სანათებით. გარე განათების გარდა, ვაწარმოებთ პროჟექტორებსაც, შარშან ახალგაზრდული ფეხბურთის ჩემპიონატის წინ, პეტრიაშვილის სახ. სტადიონზე ჩვენი პროჟექტორები დამონტაჟდა და „ევრონიუსმა“ და „ევროსპორტმა“ ძალიან დადებითად შეაფასეს განათებულობის ხარისხი.
ჩვენს პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა კერძო სექტორშიცაა, რადგან ძველ, სტანდარტულ სანათებთან შედარებით ჩვენი სანათები 80%-მდე ეკონომიის საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი მაგალითია „ვისოლ“-ის ავტოგასამართი სადგურების ქსელი, სადაც 30 სადგურამდე გავანათეთ და დღეს, 7-ჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ.
- თქვენი პროდუქცია საზღვარგარეთ თუ იყიდება?
ამჟამად გვაქვს მოლაპარაკებები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან - სერიოზული კონტური შეიძინა პროექტმა ლიტვაში. ლიტვის ერთ-ერთი რაიონში ხდება ინფრასტრუქტურული განახლება და სავარაუდოდ, ჩვენს სანათებს შეიძენენ. ყველა ტექნიკურ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, ფასზე თითქმის შეთანხმებულები ვართ, დარჩა მხოლოდ პროცედურული საკითხები და სავარაუდოდ, ჩვენს სტრატეგიულ მეგობარ ლიტვაში, გარე განათების სისტემის მოწყობის პროექტის ფარგლებში, ქართულ LED სანათებს გამოიყენებენ.
ჩვენს კომპანიას წარდგენილი აქვს ასევე წინადადებები ბულგარეთის მუნიციპალიტეტების ერთ-ერთ ასოციაციაში, სავარაუდოდ, მოლაპარაკებებს გავმართავთ სლოვენიის მუნიციპალიტეტებთანაც. შეხვედრები გვქონდა საფრანგეთის რამდენიმე კერძო კომპანიასთან.
გარდა ამისა, ორ წელიწადში ერთხელ ფრანკფურტში საერთაშორისო გამოფენა „Light and Building“ იმართება და წელს, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ფრანკფურტში ჩვენი სანათებით წარვდგებით. ჩვენ ვიქნებით ასეთი სახის პირველი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოდან, რომელიც ფრანკფურტის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ძალიან კარგ საერთაშორისო ასპარეზზე გაგვიყვანს.
- ადგილობრივ ბაზარზე რას გეგმავთ?
საქართველოს მთავრობისთვის სახელმწიფო პროგრამის სახით, LED განათების პროექტი გავამზადეთ: რა და როგორ უნდა შეიცვალოს ამ კუთხით ყველა მუნიციპალიტეტში. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პროგრამა ამუშავდა, რადგან ძალიან დიდი რესურსების დაზოგვაზე ვსაუბრობთ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტისთვის, ჩვენ ბევრად დიდ ქარხანას გავხსნით, სადაც სანათების გარდა, 3-4 მომიჯნავე მიმართულება განვითარდება. სახელმწიფოს მხრიდან ჩვენმა პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ კონკრეტული წინადადებები ჯერ არ არის.
- რა გამოწვევები არსებობს ქართულ ბაზარზე?
საქართველოში ერთ-ერთი პრობლემა სტანდარტების არარსებობაა. როცა შემსყიდველი გარე განათების სისტემისთვის სანათების შეძენაზე ტენდერს აცხადებს, ორი უარყოფითი კომპონენტი იკვეთება: კვალიფიციური ცოდნის ნაკლებობა, რაც შემსყიდველებს ძალიან ცუდ ტენდერებს აცხადებინებს და მეორე, გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში არ არის განსაზღვრული სტანდარტები. მაგალითად, როცა მუნიციპალიტეტი გამზირის განათებისთვის ნათურებს ყიდულობს, ის არ ადგენს პარამეტრებს, რომელიც ევროპაში თანამედროვე სტანდარტებით არის გათვალისწინებული და, რომელიც უზრუნველყოფს სანათის არამხოლოდ განათებას, არამედ მის ელექტრომაგნიტურ თავსებადობას გარემოსთან.
მარტივად რომ ავხსნათ, სანათი რომ ჩაირთვება, შექმნილი ელექტრომაგნიტური ველით არ უნდა დააზიანოს ან შეაფერხოს მის არეალში მოქმედი რადიო გადამცემები, მობილური ხაზები და სხვა ობიექტები, რომელიც გარშემო ინფრასტრუქტურულად შეიძლება იყოს განლაგებული. არსებობს ასევე, 2012 წელს დამტკიცებული სტანდარტი „ლურჯი სპექტრის შუქის გამოფრქვევა LED-ის მიერ“, რომელიც ნორმირებული უნდა იყოს, რადგან თვალის ბადურას აზიანებს. მართალია, საგზაო დეპარტამენტი შესყიდვების დროს ამ ნორმებს ითვალისწინებს, მაგრამ მუნიციპალიტეტებში ამას ყურადღება არ საერთოდ ექცევა.
- როგორ მიგაჩნიათ, რა უნდა გაკეთდეს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისთვის?
ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ჩვენს საზოგადოებას ლტოლვა აქვს მაღალტექნოლოგიური საქონლის როგორც შექმნის, ისე მოხმარების კუთხით. ტელეფონების მოხმარების რაოდენობას და სხვა მსგავს სტატისტიკას თუ გადახედავთ, საინტერესო დასკვნას გააკეთებთ ჩვენი საზოგადოების მაღალტექნოლოგიურ მომხმარებლობაზე. კიდევ ერთი მაგალითია კრიპტოვალუტა, სადაც საქართველოს ბიტკოინების მაინერების რაოდენობით მესამე ადგილი უკავია. მაგრამ მაღალტექნოლოგიური პროდუქტის წარმოების კუთხით განათლების სერიოზული პრობლემა გვაქვს. ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიური ცოდნის წახალისებაზე ცოტა ფული იხარჯება. ვცდილობთ, სოფლის მეურნეობას და ტურიზმს დავუჭიროთ მხარი, მაგრამ ტექნოლოგიურ პროდუქტს არ ვქმნით. მჯერა, რომ ცოდნის ეკონომიკას თუ შევქმნით, ეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენა იქნება.