ჩინური კომპანიები ქართული ჩაის წარმოებაში ინვესტირებას გეგმავენ
მსხვილი ჩინური კომპანიები -Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co. და China Agricultural Science and Technology Entrepreneurship Innovation League The International Committee - საპარტნიორო ფონდს საქართველოში ჩაის ინდუსტრიის აღდგენისა და განვითარების შესახებ საინვესტიციო წინადადებით ეწვივნენ.
ჩინურმა მხარემ საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს ჩაის წარმოების კომპლექსური, ინდუსტრიული ზონის შესახებ მსხვილბიუჯეტიანი ბიზნესგეგმა გააცნო, შეხვედრაზე პროექტის ფინანსურ მოდელზეც იმსჯელეს.
„ჩინელი ინვესტორების მიერ წარმოდგენილი ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და საქართველოში ჩაის პლანტაციის გაშენებას, მის გადამუშავებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას მოიცავს“, - აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.
საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საპარტნიორო ფონდს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინურ კომპანიებს - Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co. და Xinjiang Hualing & Trade Co. -ს შორის წელს მაისში გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრი, ოთარ დანელია და ჩინეთის მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.