თელეთში ყველის ფერმა-საწარმო აშენდება – პროექტის ღირებულება მილიონ 300 ათასი ლარია
სოფელ თელეთში მრავალფუნქციური ყველის ფერმა-საწარმო აშენდება. იდეის ავტორი პროექტ “ქართული ყველის” ხელმძღვანელი და შპს “თელეთის ყველის სახლის” დამფუძნებელი-დირექტორი ანა მიქაძეა. პირველ ეტაპზე დაგეგმილია დღეში დაახლოებით ათი ტონა ყველის წარმოება.
“თუკი რაიმე რეცეპტი მომიპოვებია ბოლო 10 წლის განმავლობაში ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში, ყველა რეცეპტი ამ საწარმოში გაცოცხლდება”, - ამბობს ანა მიქაძე.
ინვესტორი 28 წლის ქართველია, რომელიც თავის ვინაობას ჯერჯერობით არ ამჟღავნებს. პროფესიით ფინანსისტი, ის უკვე წლებია, დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობს.
“ძალიან გამიკვირდა, რომ მან ფერმის აშენება გადაწყვიტა, თუმცა, როგორც თავად ამიხსნა მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია და ამით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თელეთსაც დაეხმარება”, - ამბობს ანა მიქაძე.
ფერმის მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება. პირველ ეტაპზე საწარმოში 10-15 ადამიანი დასაქმდება. ფერმასთან იმოქმედებს მეყველეთა სასწავლო სკოლა და მასთან არსებული კამპუსი, სადაც მსმენელები და უცხოეთიდან მოწვეული ლექტორები იცხოვრებენ. ასევე გაიხსნება მცირე სამუზეუმო სივრცე და აგროტურიზმის ცენტრი. ანა მიქაძე ამბობს, რომ საბოლოოდ, პროექტი 35-50 ადამიანს დაასაქმებს.
“ამას გარდა, ფერმას აუცილებლად დასჭირდება თავისი ინფრასტრუქტურა მიწების სახით, რადგან პირუტყვისთვის საკვების წარმოებას თავად ვაპირებთ. მუშახელი, რომელიც სეზონურად მუშაობს, დაახლოებით 50 კაცამდე იქნება”, - ამბობს ანა მიქაძე.
ფერმა აშენდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით, რაც საშუალებას მისცემს მფლობელებს, წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გაიტანონ. ანა მიქაძის ცნობით, პროდუქციის გატანა სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე უკრაინასა და რუსეთში იგეგმება.
“შემდეგ კი ვეცდებით, რომ ჩვენი ყველი ევროკავშირის ქვეყნებში გავიტანოთ”, - ამბობს ანა მიქაძე.
მისი თქმით, მეყველეთა სასწავლო სკოლის გახსნა იმის გამო გადაწყვიტა, რომ საქართველოში მაღალი დონის დარგობრივი სპეციალისტების ნაკლებობაა. მათი მომზადების მიზნით, Farmer-to-Farmer პროგრამის მეშვეობით, სკოლაში ექსპერტები ევროკავშირიდან და აშშ-დან ჩამოვლენ.
Farmer-to-Farmer წარმოადგენს USAID-ის პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ამერიკელი მოხალისეების ცოდნის გაზიარებას ფერმერებისთვის, კოოპერატივებისთვის, აგრობიზნესისთვის განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. საქართველოში USAID-ის მიერ დაფინანსებულია პროგრამა ACDI/VOCA, რომლის ფარგლებში ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ მოკლევადიანი ტექნიკური სახის დახმარება და საკუთარ მეურნეობაში მოიწვიონ მათთვის სასურველი ექსპერტ-კონსულტანტები აშშ-დან.
“საქართველოში მეყველე სპეციალისტები თითქმის არ გვყავს. ჩვენ ვაპირებთ სპეციალისტების ჩამოყვანას, რომლებიც მასტერკლასებს ჩაატარებენ ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის გურმანებისთვის, რომლებსაც ყველის დამზადების ტექნოლოგიის დაუფლება სურთ. სწორედ ამას ითვალისწინებს აგროტურიზმის ცენტრი, რომლის გახსნასაც პროექტის ფარგლებში ვაპირებთ”, - ამბობს ანა მიქაძე.
პროექტის ღირებულება დაახლოებით მილიონ 300 ათასი ლარია, აქედან თანხის 60% ინვესტიციის სახით ჩაიდო, დანარჩენი 40% კი სახელმწიფომ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის ფარგლებში გამოყო.
ანა მიქაძე დარწმუნებულია, რომ მისი პროექტი კარგი მოტივაცია იქნება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის, რომ მათ საქართველოში ინვესტიციები დაბანდონ.