დევიდ მაკალისტერი: ხვალ ევროპარლამენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარს დაუჭერს
ხვალ ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს, ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ხვალ ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს. ხვალ საქართველოსთვის დიდი დღეა. ამისთვის ორივე მხარემ ვიშრომეთ“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრაა დაგეგმილი. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ბელგიაში იმყოფება და ხმის მიცემის პროცედურას დაესწრება.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირთან დაახლოებისთვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მან საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს მადლობა გადაუხადა და დევიდ მაკალისტერს კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.
„ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიულ პროცესებზე, რეფორმებზე საქართველოში. მან მოგვილოცა არჩევნების შედეგები და გამოთქვა ინტერესი იმ რეფორმების მიმართ, რაც საქართველოში ხორციელდება. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე, ზოგადად, დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე საქართველოში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების, შეიძლება ითქვას, ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, მყარი მხარდაჭერა იმ კურსთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებულ რეზოლუციაზე. ველოდებით ხვალინდელ დღეს. ხვალ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები და ამ მოლოდინს გვიქმნის ის განწყობები, რომელიც არის ევროპარლამენტში. როგორც იცით, ხვალინდელი დღე ასრულებს ევროპარლამენტის მონაწილეობას ამ პროცესში, რასაც ჰქვია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და ჩვენ, ფაქტობრივად, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ იქნება მიღებული“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.
ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფიც, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, საიედ კამალმაც დაუდასტურა.
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების პოლიტიკური ჯგუფის ლიდერთან, საიდ კამალთან. რასაკვირველია, პირველ რიგში, ჯგუფის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჯგუფი უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ეს არის ჯგუფის პოზიცია. საიედ კამალი დაინტერესდა საქართველოში, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. საუბრის თემა იყო, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსთან. ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ ის მზად არის, საქართველოს მხარი დაუჭიროს დემოკრატიული განვითარების და განმტკიცების პროცესში და ასევე, დაეხმაროს ქართულ მხარეს გაერთიანებულ სამეფოში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაშიც“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ.