Erasmus-ის სტიპენდიების რაოდენობით საქართველო ათეულში მოხვდა
ევროკავშირის Erasmus+ გაცვლითი პროგრამების მონაწილე 131 ქვეყანას შორის საქართველო სტიპენდიების რაოდენობით 2015–2016 წლებში მე–8 ადგილზე აღმოჩნდა.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოზე 2444 ბენეფიციარი მოდის, აქედან 1684 ევროპაში გაემგზავრა, ხოლო 760 შემოვიდა. ჩვენს ქვეყანას Erasmus-ის სტიპენდიების რაოდენობით წინ უსწრებს მხოლოდ რუსეთი (6913), სერბია (5073), უკრაინა (4522), ისრაელი (3835), ჩინეთი (2915), ბოსნია და ჰერცოგოვინა (2521) და მაროკო (2480).
როგორც eugeorgia.info-ს Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენელმა, ლიკა ღლონტმა განუცხადა, პროგრამაში მონაწილეთა რიცხვმა საქართველოში ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვნად მოიმატა.
„2007-2014 წლებში მხოლოდ 847 სტიპენდია იყო გაცემული საქართველოზე, 2015-2016 წლებში კი, პრაქტიკულად, გაორმაგდა. დღეს 30-ზე მეტ ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ. ევროპის ქვეყნებში მიდიან როგორც სტუდენტები სასწავლებლად, ასევე ჩვენი პროფესორ-მასწავლებლებიც, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში კვალიფიკაციას იმაღლებენ, ან ასწავლიან. მათი თანაფარდობა სტუდენტებთან 50/50-ზეა. რაც შეეხება საზღვარგარეთიდან ჩამოსულებს, მათი დიდი ნაწილი პროფესორები არიან“, - აღნიშნა ლიკა ღლონტმა.
მისი თქმით, ყველაზე ხშირად გაცვლითი პროგრამებით ქართველი სტუდენტები გერმანიაში, ლიტვაში, პოლონეთში, იტალიასა და ესპანეთში მიდიან. 33 ევროპული ქვეყნიდან ურთიერთობები დღეისთვის მხოლოდ სამ ქვეყანასთან არ გვაქვს - მალტასთან, ლუქსემბურგსა და მაკედონიასთან.
ლიკა ღლონტი მიიჩნევს, რომ გაცვლით პროგრამებში მონაწილეთა დიდ რაოდენობას ქართული უნივერისტეტების აქტიურობა განაპირობებს, გარდა ამისა, თავად ქვეყნის ტურისტული პოტენციალიც:
„ჩვენი უნივერსიტეტები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში, თუმცა, არა მარტო ქართული უნივერსიტეტები, არამედ ქვეყანაა მიმზიდველი, ერასმუსით ჩამოდიან და ასწავლიან თუ სწავლობენ, თან მოგზაურობენ კიდეც, ეს ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს“, - აღნიშნა ლიკა ღლონტმა.
მისი თქმით, სტიპენდიტების მისაპოვებლად დიდი კონკურენციაა, რადგან პროგრამის ფარგლებში ქვეყნების მიხედვით ქვოტები გამოყოფილი არ არის.
„ჩვენს რეგიონზე, ანუ, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაზე 34 მილიონ 886 ათასი ევროა გამოყოფილი. რეალურად, ჩვენი კონკურენტები არიან უკრაინა, მოლდავეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, მეტმა მოსწავლემ თუ მასწავლებელმა შეძლოს ევროპაში სტიპენდიის მოპოვება“ - განაცხადა ლიკა ღლონტმა.
ERASMUS+ ევროკავშირის პროგრამაა განათლების, ტრეინინგების, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშესაწყობად. 2014-2020 წლების პროგრამის ბიუჯეტის მოცულობა 14,7 მილიარდი ევროა, აქედან, ორი მესამედი სასწავლო სტიპენდიებისთვისაა გამოყოფილი, დანარჩენი კი - განათლების სექტორის რეფორმირებისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში მობილური გაცვლის შესაძლებლობით უმაღლესი სასწავლებლების 2 მილიონმა სტუდენტმა ისარგებლა, მათ შორის, 450 ათასმა სტაჟიორმა. პროგრამა განკუთვნილია პროფსასწავლებლების სტუდენტებისთვისაც. ამასთანავე, ERASMUS -ის მხარდაჭერით, მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ხელსაყრელი პირობებით სესხი აიღონ, აღნიშნული პროექტი უკვე მოქმედებს ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და ლუქსემბურგში.