"ქართული რესტორანი, მოგეხსენებათ არის ჩვენი ტრადიციების პროპაგანდა, სწორედ ამ სახით ხდება ჩვენი პოზიციონირება"

გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს სურსათის ეროვნული სააგენტოს ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან, ზურაბ ჩეკურიშვილთან
”სპუტნიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში არ მითქვამს, რომ რუსული ბაზარი სჯობს ევროპულს” - აცხადებს თანამდებობაზე 8 აპრილს სკანდალურად დაბრუნებული სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი დღეს გამართულ ”სამოქალაქო დარბაზის” მე-6 სხდომაზე,- ევროკავშირის ბაზარი რა თქმა უნდა, უფრო კარგია. ვიცი ეს, რადგან ვიყავი საქართველოს მხრიდან სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი, ვისაც მიჰყავდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ნაწილში.
ევროკავშირის ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მე პირადად, მიმაჩნია, რომ ჩინეთის ბაზარი გაცილებით მნიშვნელოვანია. ევროკავშირში არის 506 მილიონი მაცხოვრებელი და რუსეთში არის 146 მილიონი, ხოლო ჩინეთში არის რამოდენიმე მილიარდი, ანუ ეს უკანასკნელი უფრო მიმზიდველია.
რაც შეეხება იმას, რომ რუსული ბაზარი ტრადიციულია ჩვენთვის, მე-19 საუკუნიდან, ჯერ კიდევ იმპერატორის კარზე ქართული პროდუქცია წარმოდგენილი იყო პრემიუმ სეგმენტში, სარაჯიშვილი, ლაღიძის წყლები, მინერალური წყლები. ქართული პროდუქციის, საქართველოს კულტურის და ტრადიციების პროპაგანდა მიდიოდა ამ შემთხვევაში. ჩვენი ღვინოც რუსულ ბაზარზე უფრო ცნობადია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ამიტომაც არის ეს ბაზარი ტრადიციული. იმას, რომ სხვა ბაზრებზე ცნობადობა ამაღლდეს, დრო უნდა, მუშაობა უნდა.
ევროპაში ახლა ჭარბწარმოებაა. მათ თავისი პროდუქცია აქვთ მრავლად. ამიტომ ამ ეტაპზე ევროკავშირის ბაზარზე შესვლა ცოტა რთული იქნება, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ ამისთვის..
რაც შეეხება რუსულ ბაზარს, 8 წლის განმავლობაში იქ არ ვიყავით წარმოდგენილი. ფაქტობრივად, ცალ კარში მიდიოდა თამაში. ემბარგოს გამოცხადების მიუხედავად, ჩვენ რუსეთიდან ვიღებდით სურსათს. იცით რამხელა ციფრებზეა საუბარი? იმ პერიოდში რუსეთიდან შემოვიტანეთ მილიარდ 50 მილიონი დოლარის სურსათი, როცა საქართველოდან ექსპორტი ნულის ტოლი იყო. ხოლო ბოლო 3 წელწადში საქართველოდან რუსეთში ნახევარი მილიარდი დოლარის პროდუქცია გავიდა, რამაც ბევრ პირველად მწარმოებელს, გადამამუშავებელს შვება მოუტანა.
მეკითხებით, რატომ რუსეთის ბაზარი?
აი, მაგალითად. როცა მე ჩავდივარ ევროპაში, ყველა ქვეყანაში ვკითხულობ, არის თუ არა ქართული რესტორანი. ქართული რესტორანი, მოგეხსენებათ არის ჩვენი ტრადიციების პროპაგანდა, სწორედ ამ სახით ხდება ჩვენი პოზიციონერება. მაგრამ ყველგან მეუბნებიან, რომ იყო 1-2 რესტორანი, მაგრამ ვერ იმუშავა და დაიხურა. სადაც მუშაობს, იქ ხდება სხვა ეროვნების კერძების შეტანა, მაგალითად, რუსულთან, უკრაინულთან შერეულია. ხოლო რუსეთში სულ 452 ქართული რესტორანი მუშაობს. წარმოგიდგენიათ რამდელა ციფრია? რატომ უნდა იყიდებოდეს ამ რესტორნებში არგენტინიდან ან მოლდოვადან ჩატანილი ღვინო და არა ქართული?
-ვთქვათ რუსეთმა ისევ გამოგვიცხადა ემბაგო, ხელისუფლება შეიცვალა და რუსეთის მიმართ პოლიტიკაც გამოიცვალა. რას ფიქრობთ, რუსეთის ბაზარზე მიბმულ ბიზნესებს რა ბედი ეწევათ?
-ბიზნესი ყოველთვის შეიცავს რისკებს. ყველა ბაზარს აქვს რისკები. ეხლა დიდი მოლაპარაკებები გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის არაბულ ქვეყნებთან, მათთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას ვცდილობთ. სარისკოა, მაგრამ მაინც მიდის ეკონომიკური ურთიერთობები. ჩემი აზრით, რისკების გათვლა ბიზნესებს უნდა დავუტოვოთ. ეს მათი პასუხისმგებლობაა. მათ გადაწყვიტონ თუ დღეისთვის ისინი ამ რისკებს საკუთარ თავზე იღებენ, ესე იგი, უღირთ მათი პროდუქციის გატანა, ეს დავუთმოთ ბიზნესს.
-ბატონო ზურაბ, თქვენ სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან რამდენიმე წლის წინ გაგათავისუფლეს. 8 აპრილს მინისტრის პირველი მოადგილე კერესელიძე დაინიშნა სააგენტოს ხელმძღვანელად, რომელიც იმ დღესვე მოხსნეს და თქვენ დაგნიშნეს. რას ფიქრობთ, რა გახდა თქვენი ჯერ სააგენტოდან გათავისუფლების, ახლა კი ხელახლა დანიშვნის მიზეზი?
- ეგ არ ვიცი. არამგონია ტექნიკურ შეცდომასთან იყოს დაკავშირებული. იმ მომენტში მინისტრმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და მეც დავემორჩილე. ეს რატომ მოხდა, არ ვიცი. მაგრამ მინისტრს მე არ გავუთავისუფლებივარ, ამ სტრუქტურიდან არ წავსულვარ. ვიყავი სოფლის მეურნეობის მინისტრის მჩეველი და სხვათაშორის, გული დამწყდა, რომ მინისტრმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და დამაქვეითა სააგენტოს უფროსად, სადაც პასუხისმგებლობა უფრო დიდი მაქვს.
-სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ამბობდა, რომ თებერვლის თვიდან შესაძლებელი იქნებოდა თაფლის ევროპაში ექსპორტზე გატანა. პროცესმა დაიგვიანა. შეგიძლიათ გვითხრათ, ქართული თაფლი როდიდან გავა ევროკავშირის ბაზარზე?
- ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რადგან უნდა დავიხვეწოთ ლაბორატორიულად. შესაძლებელია ძალიან ბევრი ტესტი იყოს, რომელიც ჩვენმა ლაბორატორიამ უნდა აითვისოს. ამ საკითხზე უმჯობესია ლაბორატორიის ხელმძღვანელს გაესაუბროთ.
ნონა ქვლივიძე