ევროპული ფინანსური დახმარებით „საქინვესტსმა“ ელ.ენერგიის ხარჯი 30%-ით დაზოგა
2016 წლის მაისის თვეში ხელი მოეწერა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზს, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის და EBRD-ის მხარდაჭერით. პროექტის მიზანი საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა, რომლებსაც სურთ საკუთარი პროდუქცია ევროპულ ბაზრებზე გაიტანონ და ასევე, გაზარდონ სამომხმარებლო პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება საქართველოში.
EU4Business-EBRD-ის ფინანსურმა მხარდაჭერამ ბიზნესს საშუალება უნდა მისცეს, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რაც საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აძლევს.
პროგრამის ფარგლებში ფინანსური რესურსი ორმა ქართულმა ბანკმა „საქართველოს ბანკმა" და „თიბისი”-მა უკვე მიიღეს. ამ თანხიდან „საქართველოს ბანკმა" 50 მილიონი დოლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე უკვე გაასესხა. „თიბისი”-სთვის 60 მილიონი დოლარია გამოყოფილი და პროექტის ფარგლებში ბანკი ბიზნესს ერთი წელი კიდევ დააფინანსებს. პროგრამაში მაისიდან ჩაერთვება „პროკრედიტბანკი”, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესზე 10 მილიონ ევრომდე თანხას გაასესხებს.
პროექტის პირობა ასეთია: ადგილობრივი ბიზნესები ბანკიდან აღებული კრედიტის თანხის 10-დან 15%-მდე ევროკავშირისგან ე.წ. Cashback-ით დაიბრუნებენ გრანტის სახით. ეს ამ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა და ამას ემატება ისიც, რომ ევროპული ბიზნესსესხის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო ექსპერტების საკონსულტაციო მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ და მიიღონ მხარდაჭერა ახალ ტექნოლოგიებსა და დანადგარებში ინვესტიციის განსახორციელებლად, რათა უფრო მარტივი გახადოს ევროდირექტივებთან ბიზნესის შესაბამისობა.
ამ პროექტის ერთ-ერთ ბენეფიციარს, შ.პ.ს საქინვესტის დირექტორს, ალექსანდრე ნარსიას ესაუბრა Eugeorgia.info. შ.პ.ს საქინვესტი განთავსებულია თბილისში,
რ.აგლაძის ქუჩაზე. მაცივრების საწარმო მოიცავს თანამედროვე ენერგოეფექტური (ინვერტორული) დანადგარებით და აღჭურვილობით (ტენიანობა და ვენტილაცია). დაკომპლექტებულ სამაცივრე მეურნეობას, ტემპერატურული დიაპაზონით -25C +10C, სადაც განთავსებულია 22 ერთეული ინდივიდუალური სამაცივრე საკანი (თითოეული 60 კვ.მ.) და 600 კვ.მ.-ნი -16C -25C საკანი. დამატებით სამაცივრე საკნებს გააჩნიათ ტუმბური (12კვ.მ.) და საოფისე ფართი (5კვ.მ.). 600კვ.მ-ან მაცივარს აქვს მშრალი საწყობი 120კვ. მეტრი, ოფისი 30კვ.მ, სველი წერტილი და ასევე ემსახურება ელექტრო დამტვირთველი.
1. როდის, რა მოცულობით და როგორი პირობებით მიიღეთ EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზიდან დაფინანსება?
EBRD-ის საკრედიტო ხაზიდან შპს „საქინვესტის“ დაფინანსება მოხდა 2018 წლის 14 თებერვალს 96 561 ევროს ოდენობით. დაფინანსების პირობებში შედიოდა კომპანიის მიერ ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გაუმჯობესება.
2. დაფინანსების მისაღებად რა პროცედურები გაიარეთ? როგორ შეაფასებდით ამ პროცედურების სურთულეს?
EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზიდან დაფინანსების მისაღებად შპს „საქინვესტმა“ განცხადებით მიმართა ბანკს, რის შემდეგაც კომპანიამ გაიარა რამდენიმე ეტაპი. გაიცა ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის, პარტნიორების, ხარისხის მართვის სისტემების შესახებ. ასევე მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მდგომარეობისა და კომპანიის მიერ გარემოსდაცვით ღონისძიებებთან შესაბამისობის შესახებ. შემდგომ ეტაპზე, კომპანიამ იზრუნა ზემოაღნიშნულ საკითხებზე არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე, რაც დაფინანსების მიღების წინაპირობას წარმოადგენდა. EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზიდან დაფინანსების მიღება პროცედურული თვალსაზრისით საშუალო სირთულეს განეკუთვნებოდა.
3. როგორ მონაწილეობს ბანკი ამ კრედიტის მთლიან მოცულობაში ?
შპს „საქინვესტმა“ აიღო კრედიტი 643,740 ევროს ოდენობით, აქედან გადახდილი თანხის 15 პროცენტის (96,561 ევრო) უკან დაბრუნება მოხდა EBRD-ის მიერ.
4. რაში გამოიყენეთ მიღებული დაფინანსება?
მიღებული დაფინანსება სრულად მოხმარდა სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, დანადგარების და აღჭურვილობის შეძენას.
5. როგორ გააუმჯობესეთ წარმოების ეფექტურობა მიღებული დაფინანსების ინვესტირების შედეგად ?
მიღებული დაფინანსების მეშვეობით შესაძლებელი გახდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი დანადგარებისა და აღჭურვილობის შეძენა, რომელიც საშუალებას გვაძლევს 30%- ით შევამციროთ ელ.ენერგიის მოხმარება სხვა არსებულ დანადგარებთან შედარებით.
6. თქვენი საწარმოს მაგალითის მიხედვით, მოგვიყევით რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს სამაცივრე-შემნახველ რგოლში მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური გაუმჯობესება?
საქართველოს სამაცივრე შემნახველ რგოლში მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური სიახლეები უაღრესად მნიშვნელოვანია. მოცემული დანადგარები განაპირობებს მაღალ ენერგოეფექტურობას, გარემოს ნაკლებად დაბინძურებას და შესაძლებლობას გვაძლევს უფრო ეფექტურად ვმართოთ სამაცივრე წარმოება.
7. სხვა სამაცივრე-შემნახველ საწარმოებთან შედარებით, რა კონკურენტული უპირატესობის მოპოვება შეძელით EU4Business-EBRD-ისგან მიღებული დაფინანსებით?
შევქმენით კომფორტული გარემო კლიენტებისთვის, ისინი მეტად დაცულად გრძნობენ თავს ვინაიდან შეიქმნა პროდუქციის სამმაგი დაცვის სისტემა, რომელიც გულისხმობს სამაცივრე დანადგარების დისტანციურად კონტროლსა და მართვას. ჩვენს კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ 24 საათის მანძილზე ისარგებლონ თავისი სამაცივრე საკნით. ძალზედ მნიშვნელოვანია კომპანიის მიერ ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების მიზნით შექმნილი გარემო და ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული მომსახურე პერსონალი.