მსოფლიო ბაზარზე კენკრაზე მოთხოვნაც იზრდება და კონკურენციაც
რა უნდა გააკეთონ ქართველმა ფერმერებმა, რომ უცხოეთიოს ბაზარზე შეღწევა შეძლონ
კენკრის მსოფლიო ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად მზარდი ხილის ბაზარია. როგორც ან სფეროს სპეციალისტები ამბობენ, დასავლეთ ევროპაში კენკრის მოხმარება მომდევნო წლებში სწრაფად გაიზრდება და გაიმეორებს აშშ-ს მაგალითს, სადაც კენკრის გაყიდვები წლიურად 5,6 მილიარდ დოლარს აღწევს. დასავლეთ ევროპაში კენკრის მოხმარება წლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდება. იმ დროს, როცა მთლიანად ხილის ბაზრის წლიური ზრდა 1-2%-ს არ აღემატება.
გასულ წელს კენკრის წარმოებამ დიდ მასშტაბებს მიაღწია, გადააჭარბა მოთხოვნას და გამოიწვია ის, რომ ფასებიც რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. თუმცა, გაიაფების პირობებში მოთხოვნამ სწრაფადვე მოიმატა(ეკონომიკური კანონზომიერების შესაბამისად). ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ 2018 წელს მომხდარი ფასების ვარდნა 2019 წლისთვის ბევრი სახეობის კენკრის წარმოების შემცირებას გამოიწვევს და მოხმარების ზრდის პარალელურად ფასები კვლავ მოიმატებს. ნავარაუდევია, რომ მსოფლიო მასშტაბით კვლავ გაიზრდება მოცვის წარმოება, ხოლო მოწეული მარწყვის ოდენობა შესაძლოა შემცირდეს, რადგან მოცვის მოხმარება მარწყვთან შედარებით 3-4-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება. მაგალითად, მოცვის წარმოება 2000 წლის შემდეგ 2,5-ჯერ არის გაზრდილი. ხოლო ექსპორტი 5,6-ჯერ. მოცვი მოსახერხებელია მისართმევად და გემრიელია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროპელი მომხმარებლისთვის. თუმცა, ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ წარმოების მასშტაბური ზრდის გამო მოცვის ფასმა 4-5 წლის შემდეგ შესაძლოა, კლება დაიწყოს.
FAO-ს ეკონომისტი ანდრეი იარმაკი ამბობს, რომ მოცვის გარდა ასევე მზარდია ჟოლოს და მაყვლის სეგმენტიც. ჟოლო ზრდის ტემპით უსწრებს მაყვალს. ახალი ჟოლოს გაყიდვებმა ევროპაში ბოლო ხუთ წელიწადში 30%-ით მოიმატა. აშშ-ში იზრდება მაყვლის რეალიზაცია. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კენკრაზე მოთხოვნა და იმპორტი უახლოეს მომავალში ყველაზე მეტად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთსა და ინდოეთში მოიმატებს. მაგალითად, ჩინეთში მოცვს და მარწყვს ხშირად ისევე ჩუქნიან ერთმანეთს, როგორც ჩვენთან შოკოლადს. ასევე, დიდი რაოდენობით იყენებენ კენკრას ჯემის და ტკბილეულის წარმოებაში.
ბოლო წლების განმავლობაში მარწყვი ბაზარზე წილს კარგავს კენკრის სხვა სახეობების ზრდის გამო, მაგრამ ჯერჯერობით პირველ პოზიციას კვლავაც ინარჩუნებს. 2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით, კენკრის მსოფლიო ბაზარი 13 მილიონ ტონას შეადგენს. აქედან 9 მილიონი ტონა მარწყვია. შარშან მსოფლიო ბაზარზე შავი მოცხარის ფასიც დაეცა, წითელმა მოცხარმა ღირებულება უფრო მეტად შეინარჩუნა, თუმცა, ფერმერები გაყიდვებით მაინც უკმაყოფილოები არიან.
ლოჯისტიკის განვითარება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, სპეციალისტების პროგნოზირებენ, რომ კენკრის მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა 2020 წლისთვის 2,1 მილიონ ტონას მიაღწევს. მხოლოდ ურუგვაი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, აპირებს, რომ ექსპორტი წელს 65%-ით გაზარდოს.
ქვეყნების პოზიციები კენკრის მსოფლიო ბაზარზე
მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების ანალიზი გვაჩვენებს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ნაკლებად მოსალოდნელია კენკრის წარმოებამ მოთხოვნის დონეს გადააჭარბოს. თუმცა, როგორც FAO-ს ექსპერტები ამბობენ, კენკრის მსოფლიო ბაზრის ტენდენციები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ 3 წელზე გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება, შეუძლებელია. ისიც ფაქტია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება მოსავლის ზრდის საშუალებას იძლევა და ბაზარზეც კონკურენცია თანდათან მატულობს.
მოცვი
მოცვის ბაზარი კენკრის სხვა სახეობებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდია მსოფლიოში. მოცვის მოხმარება მსოფლიოში 2016 წელს 2015-თან შედარებით 45%-ით გაიზარდა, ხოლო წარმოებამ 40%-იანი ზრდა აჩვენა და ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება. მოცვის მთლიანი წარმოების ⅔ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის(დაახლოებით 650 000 ტონა). ჩილე მსოფლიოში მოცვის უმსხვილესი მწარმოებელია. მეორე პოზიციას პერუ იკავებს, შემდეგ მოდიან არგენტინა და სამხრეთ აფრიკა.
2017 წელს პერუდან მოცვის ექსპორტი თითქმის 60%-ით გაიზარდა. ამ ქვეყანაში წარმოებული მოცვის ძირითადი მომხმარებელი აშშ-ია. ექსპორტის 11% დიდ ბრიტანეთზე, 10%- კი ჩინეთზე მოდის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2021 წლისთვის პირველ ადგილზე პერუ გადაინაცვლებს და აზიისთვის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. პერუში მოცვის წარმოება მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ და კონკურენტებს კარგი სერვისით უგებენ. მოცვის წარმოებას ზრდიან მექსიკა და კოლუმბიაც. მოცვის პლანტაციების გაშენება აქტიურად მიმდინარეობს ევროპაშიც.
აშშ-ში მოცვი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად იქცა. შედეგად, მოცვზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. შესაბამისად, სავაჭრო ქსელში მოცვის ფასი მაღალია. ქვეყანას ძირითადად სამხრეთ ამერიკა ამარაგებს.
ესპანეთში, რომელიც ცოცხალი მოცვის უმსხვილესი მწარმოებელია ევროპაში, მოსავალის აღების სეზონი ადრე იწყება და პიკს მარტ-აპრილში აღწევს. წარმოების დიდი მასშტაბის მიუხედავად მოცვის ფასი საკმაოდ მაღალია. არასეზონზე ესპანეთში მოცვი პერუდან და ჩილედან შეაქვთ. შარშან მოცვის სიჭარბის გამო ესპანეთში ფასები დაეცა, ამიტომ ფერმერების ნაწილი მარწყვის მოყვანაზე გადაერთო. ამის მიუხედავად ესპანეთში მოცვის ფართობები მაინც იზრდება. ასევე დიდი ინვესტიციები იდება პროდუქციის შესაფუთი ხაზებისა და ოპტიკური დახარისხების სისტემების დამონტაჟებაში.
მოცვის პლანტაციებს პოლონეთშიც აქტიურად აშენებენ. მწარმოებლების მთავრი პრობლემას მოსავლის მოკრეფის პერიოდში სამუშაო ძალის დეფიციტი წარმოედგენს. მოცვი 2-ჯერ მეტ მუსახელს მოითხოვს ვაშლის მოკრეფასთან შედარებით. ამიტომ მწარმოებლები ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე უფრო მეტად მუსაობენ, ვიდრე ფართობების გაზრდაზე. შარშან მწარმოებლები ბრიტანეთის ბაზარზე ფასების მერყეობამ დააზარალა.
გერმანიაში მოცვი ჩილედან, პერუდან და ურუგვაიდან შედის. კილოგრამი მოცვი გერმანიაში 2,5-3,5 ევრო ღირს. გაყინული სახით შედის კანადიდან, სულ უფრი იზრდება გაყიდვები 250 გრამიან პლასტიკატის ყუთებში. გერმანიაში კილოგრამი მოცვის ფასი საშუალოდ 6-7 ევროა. დეკემბერში ის 8 ევრომდე იზრდება. ჩილე, პერუ და მაროკო გერმანიისთვის მთავარი მიმწოდებლები არიან. გერმანიაში გაყიდვებს ზრდის მექსიკაც. ამის მიუხედავად გერმანიაში კენკრაზე, მათ შორის მოცვზეც, მოთხოვნა დიდია, განსაკუთრებით 125 გრამიან ყუთებში დაფასოვებულ კენკრაზე.
სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საფრანგეთში მოცვზე ნაკლები მოთხოვნაა. თუმცა, ტრეიდერები ამბობენ, რომ სიტუაცია იცვლება და მოცვის პოპულარობა მცირე ტემპით, მაგრამ მაინც მატულობს.
ჰოლანდიისთვის ძირითადი მიმწოდებელი ჩილეა. კილოგრამი მოცვის ფასი ჰოლანდიის ბაზარზე 10,5-დან 11 ევროს ფარგლებში მერყეობს. მოთხოვნა აქაც 125 გრამიან შეფუთვაზეა.
უკრაინა ბოლო წლებში მოცვის წარმოებაში დიდ ინვესტიციებს დებს. ფართობების ზრდის გარდა, აუმჯობესებს ხარისხსაც. აქტიურად ინერგება მოსავლის მოყინვისგან დაცვის სისტემები, მიმდინარეობს ახალი ჯიშების კვლევა. მოცვზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება ადგილობრივ ბაზარზეც. ექსპორტი უმეტესად ორიენტირებულია ევროპის ბაზარზე, სადაც მთავარი იმპორტიორი დიდი ბრიტანეთია.
მაღალია მოცვზე მოთხოვნა ისრაელშიც. ბოლო სამი წელია ფასი მაღალია. ერთი კოლოგრამი მოცვი 20 დოლარს აღწევს. კლიმატი ისრაელში არაა ხელსაყრელი მოცვის მოსაყვანად, ამიტომ მისი წარმოება ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მარალი ფასის მიუხედავად ნაკლებად მომგებიანია. ისინი ცდილობენ ადგილობრივი კლიმატის შესაბამისი ჯიშების გამოყვანას, რამაც შედეგი რამდენიმე წლის შემდეგ უნდა მოიტანოს.
ჩინეთში მოცვის პოპულარობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. ჩინეთი თვადაც დიდი რაოდენობით აწარმოებს მოცვს, მაგრამ ის მთელი წლის მანძილზე მაინც არაა საკმარისი. ხილის ონლაინ გაყიდვები პირველ ადგილზეა და მოცულობით ყველა სხვა პროდუქტს უსწრებს. ფასები განსაკუთრებით ჩინური ახალი წლის პერიოდში მატულობს. ფასის ზრდის პარალელურად იზრდება იმპორტიც. იანვარ-მარტში ჩინეთში მოცვი შეაქვთ პერუდან, ჩილედან და მექსიკიდან. ჩინეთში იმპორტი დაიწყო არგენტინამაც. ივნისიდან იმპორტს იწყებს კოლუმბიაც.
მარწყვი
მსოფლიოში წარმოებული მარწყვის 86% აშშ-ზე მოდის. 2017 წლის მონაცემებით აშშ სიდიდით მეორე ექსპორტიორია მსოფლიოში ესპანეთის შემდეგ. ესპანეთზე მოდის მსოფლიოში ექსპორტის ⅓. მესამე ადგილი ექსპორტის მიხედვით მექსიკას უკავია. ევროპას მარწყვით დეფიციტის პერიოში ძირითადად მაროკო, ეგვიპზე და თურქეთი ამარაგებენ.
ჟოლო
ჟოლოს მსოფლიო წარმოების 20% რუსეთზე მოდის(2016 წლის მონაცემებით). მეორე ადგილს აშშ(17%) იკავებს, შემდეგ მოდიან- პოლონეთი(16%), მექსიკა(14%), სერბეთი(8%) და უკრაინა(4%). ზამთრის პერიოდში, არა სეზონზე, ევროპულ ბაზარს ცოცხალი ჟოლოთი მაროკო ამარაგებს, მოსავლიანობის პერიოდში კი - პოლონეთი, სერბეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები. ევროპის ქვეყნებისთვის მსხვილი მიმწოდებლები ასევე მექსიკა და სამხრეთ აფრიკა არიან.
მაყვლის ევროპული ბაზარი ამერიკულთან შედარებით, მცირეა. ზამთრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებს, ამ კენკრით ლათინური ამერიკა, უმეტესად მექსიკა ამარაგებს.
რა უნდა გააკეთონ ქართველმა ფერმერებმა, რომ კენკრის ბაზარზე, სადაც კონკურენცია ძალიან დიდია, შეღწევა შეძლონ? ამ კითხვას FAO-ს ექსპერტი ანდრეი იარმაკი პასუხობს:
„საქმე ისაა, რომ დღეს მსოფლიოში ვაშლისა და კენკრის დეფიციტი არ არის. ხილი საკმარისი რაოდენობით იწარმოება. ამიტომ ქართველ მწარმოებლებს თუ უნდათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, სხვაზე უკეთესი პროდუქტი უნდა აწარმოონ. ეს მათ თავიდანვე, ინვესტირების დაწყებისთანავე უნდა გაითვალისწინონ. ევროპაში, აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კენკრამ შეიძლება იპოვოს ადგილი. დეფიციტი არც მომავალში არაა მოსალოდნელი, რადგან კენკრის წარმოება უფრო სწარაფად იზრდება ვიდრე მოსახლეობის რაოდენობა. თუმცა, მსოფლიოში ძალიან ბევრია დაბალი ხარისხის პროდუქცია. ეს იმის სტიმული უნდა გახდეს, რომ ფერმერებმა ხარისხიანი კენკრა თუ სხვა ხილი აწარმოონ, რადგან ხარისხიანი ხილი შეიძლება კარგ ფასად გაიყიდოს.
კენკრამ წარმოების ტემპით უკვე გადაუსწრო ვაშლს. დღეს ასეთი ტენდენციაა მსოფლიოში. კენკრის წარმოება უკვე გახდა მასშტაბური ბიზნესი, რამაც ფასების ვარდნა გამოიწვია. მაგალითად, კილოგრამი საბითუმო ჟოლო 1,5-1,7 ევრო უკვე აღარ ღირს. მაგალითად, უკრაინაში წელს საბითუმოდ კოლოგრამი ჟოლო 25 ცენტი ღირდა, რაც დაახლოებით 60 თეთრი გამოდის, როცა წინა წლებში 2 დოლარი იყო. ბევრი მსოფლიო ლიდერი ქვეყანა, რომლებიც ძირითადი მწარმოებლები არიან, მძიმე პერიოდს გადიან. ამიტომ საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები, ახალი მიდგომები. საჭიროა გაყინული კენკრის გატანა იმ ქვეყნებში, სადაც არ მოდის ეს ხილი და ასევე იმ სახეობის კენკრის ექსპორტი, რომლის მოხმარება იზრდება.
გაივლის რამდენიმე წელი და მჯერა, რომ მთავარი კენკრა მოცვი გახდება. საკვებ ინდუსტრიაში ამ კატეგორიის ხილზე მოთხოვნა ყველგან იზრდება და კვლავაც მოიმატებს. მოცვის პერსპექტივას ისიც განაპირობებს, რომ მისი გადაზიდვა ზღვითაც შეიძლება. იზრდება ინტერესი წითელი მოცხარის მიმართ. ამიტომ საჭიროა ბიზნესის ზუსტი და სწორი დაგეგმვა.
რადგან კენკრის სავაჭრო ბალანსი საქართველოსთვის მკვეთრად უარყოფითია, ეს იმპორტის ჩანაცვლების პერსპექტივას აჩენს. შიდა ბაზარზე ადგილობრივ პროდუქტს იმპორტი კონკურენციას ვერ გაუწევს. ადგილობრივ ბაზარზე მოსავლის გაყიდვა რა თქმა უნდა უფრო იოლია, ვიდრე უცხოეთში ფეხის მოკიდება. საქართველოში გაიზარდა გაყინული პროდუქტის იმპორტიც. ეს იმას მიუთითებს, რომ საქართველოს მომხმარებელი უფრო ჯანსაღ პროდუქტზე ორიენტირებული ხდება. თუმცა, შიდა ბაზარი საკმაოდ პატარაა, ამიტომ ვისაც დიდ მოცულობაზე აქვს გათვლა, ორიენტირება ექსპორტზე უნდა გააკეთონ. ამისთვის კი მათ კენკრის გაყინვაზე უნდა იფიქრონ.
ევროპასა და აშშ-ში, რომლებიც ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან, ხილის წვენების მოხმარება შემცირდა. მომხმარებელი აღარ თვლის ხილის წვენებს ჯანმრთელ პროდუქტად. სამაგიეროდ იზრდება მოთხოვნა გაყინულ კენკრაზე. მომხმარებლის დამოკიდებულება პრუქტის მიმართ იცვლება. საბაზისო მოთხოვნების გარდა, როგორიცაა ხილის გემო, კვებითი ღირებულება, მომხმარებელი ითხოვს კარგ და მოხერხებულ შეფუთვას, უსაფრთხოებას და სხვა. საქართველოს მწარმოებლებმა თუ მათ უცხოეთის ბაზარზე უნდათ გასვლა, ეს გარემოებაც უნდა გაითვალისწინონ. წარმატება გარკვეულწილად დამოკიდებულია ცოცხალი კენკრის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ასევე გემური თვისებების შენარჩუნებაზე.
მათ არა სეზონზე უნდა მიაწოდონ ბაზარს კენკრა, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში ჯერ ის ჯერ არ არის შემოსული ან უკვე მოკრეფილია. მაგალითად, საქართველოში მოყვანილი ლურჯი მოცვისთვის საექსპორტოდ ხელსაყრელი დრო ივნისის ბოლო სამი კვირაა, როცა მიწოდება ევროპაში მინიმუმამდე ეცემა. ავტოტრანსპორტით მოცვის დაუზიანებლად გადაზიდვა 3 ათას კილომეტრზეც არის შესაძლებელი. ტრანსპორტირების მიმართ მოცვის გამძლეობა მის სარეალიზაციო ფასს ზრდის.
გაყინული ხილის ექსპორტს კარგი პერსპექტივა აქვს, თუმცა, ეს დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. სამაცივრე მეურნეობაში კენკრის გაყინვის გარეშე საქართველოსთვის მასშტაბური წარმოებისა და ექსპორტის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ვისაც უნდა ექსპორტის სერიოზულ მასშტაბებს მიაღწიოს, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ გაყინვის გარეშე ამას ვერ მოახერხებს. ერთი გზა, მწარმოებლებიც გაერთაინებააა, კოოპერირება. მათ სჭირდებათ მოცულობის გაზრდა, რომ შექმნან კოოპერატიული, ერთობლივი საწარმო პროდუქციის გასაყინად და ასევე, კენკრის გადასამუშავებლად. ხელსაყრელ ფასად პროდუქტის რეალიზაციისთვის მწარმოებლებმა კენკრის ჯიშები და ტექნოლოგია სწორად უნდა შეარჩიონ, ამავე დროს, ლოჯისტიკა სწორად და კარგად უნდა დაალაგონ, საჰაერო გზით გადაზიდონ თუ საზღვაო მარშრუტით და რა თქმა უნდა, მათ სწორად უნდა აირჩიონ მიზნობრივი მომმარებელი”,- ამბობს ანდრეი იარმაკი.
საგულისხმო ტენდენცია- მსოფლიო კენკრის სათბურებში მოყვანაზე გადადის. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს სოფლის მეურნეობის მომავალია, რასაც შეუძლია უზრუნველყოს პროდუქციის ხარისხი და მოსავალი უფრო დიდი პერიოდის განმავლობაში. სათბურში ფრინველების, ასევე სხვადასხვა დაავადებებისგან მოსავალი დაცულია. გარდა ამისა, არასეზონზე მოსავლის მაღალ ფასად რეალიზაციის საშუალებას იძლევა. დაბალი რისკები თავის მხრივ, ფერმერის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობას ზრდის. სათბურში მაღალია კენკრის მოსავლიანობა, განსაკუთრებით ლედ-განათების გამოყენების შემთხვევაში.
ავტორი: ნონა ქვლივიძესტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.