აზერბაიჯანის ამბიციური გეგმები - სავაჭრო ჰაბი, რომელიც ევრაზიის რეგიონს განვითარებისკენ უბიძგებს
აზერბაიჯანი უზარმაზარი სავაჭრო ჰაბის მშენებლობას გეგმავს. როგორც ბაქოში აცხადებენ, ის რეგიონის ქვეყნებისთვის მისაბაძი გახდება და მთლიანად, ევრაზიის განვითარებას ბიძგს მისცემს. რა იქნება აზერბაიჯანული ჰაბი ქართული თავისუფალი ეკონომიკური ზონებისთვის - კონკურენტი, თუ პარტნიორი? ამის საკითხისა და, ზოგადად, მეზობელი ქვეყნის ამბიციური გეგმების შესახებ ევროპულ მედიასაშუალება euractiv.com -ს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალური დირექტორი, თალე ზიადოვი, ესაუბრა.
თუ აბრეშუმის გზის ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ იგი არა მხოლოდ გზებს, არამედ ჰაბებსაც მოიცავდა. ანტიკური ქარვასლები და ქარავნები დღეში, დაახლოებით, 40 კილომეტრს გადიოდნენ. 40-კილომეტრიანი მოგზაურობის შემდეგ, ბუნებრივია, მოსასვენებელი პუნქტების, როგორიც 1-ვარსკვლავიანი სასტუმროებია, არსებობა იყო საჭირო. ყოველი 200 კმ-ის დაშორებით პატარა, 3-ვარსკვლავიანი, დასახლებები იყო, 1000 კმ-ის კი - 5-ვარსკვლავიანი ჰაბები.
მთავარი სამოქმედო ადგილი სწორედ ეს 5–ვარსკვლავიანი ჰაბები გახლდათ. ბუხარა, სამარყანდი, ბაღდადი, ალეპო, სტამბული, იერუსალიმი, ეს 5–ვარსკვლავიანი ჰაბები, თავისი დროის Silicon Valley-ს წარმოადგენდნენ. აქ არაბები, რუსები, ჩინელები და თურქები ვაჭრობდნენ. ჩინელებს, თითქმის, არასდროს ესაჭიროებოდათ ევროპაში ჩასვლა - ბუხარა მათთვის ყველაზე შორეული დანიშნულების პუნქტს წარმოადგენდა. ევროპელები კი, თავის მხრივ, ვენეციას, სტამბულსა და იერუსალიმს არ სცდებოდნენ (მარკო პოლო გამონაკლისი იყო). აბრეშუმის გზაზე 5–ვარსკვლავიანი ჰაბების აშენება რეგიონის წარმატების მთავარი სტრატეგიაა.
თქვენი მიზანი მსგავსი ჰაბის აშენებაა?
ჩვენ 21-ე საუკუნის ჰაბების აღმასვლას ვხედავთ. თუ რუკას დავაკვირდებით, დავინახავთ ჰაბების აღმოცენებას ფოთში (საქართველო), თურქმენბაში (თურქმენეთი), აქტაუ (ყაზახეთი), ხორგასი (ჩინეთი), ბანდარ აბასი (ირანი), მერსინი (თურქეთი), მეორე მხარეს კი ვარნა (ბულგარეთი), კონსტანტა (რუმინეთი) და ილიჩევსკი (უკრაინია). ბაქო ჰაბების განვითარების ცენტში ექცევა. ეს ჰაბები კი ერთმანეთსა და ბაქოსაც დაუკავშირდებიან. შესაბამისად, ის ჰაბთა ჰაბი გახდება.
ჰაბის კონცეფცია ძალიან საინტერესოა, რადგან ის ე.წ. win-win კონცეფციას ემყარება, ანუ, ყველა მხარისთვის მომგებიანია. რადგან ზღვაზე გასასვლელი არ გვაქვს, მე დაინტერესებული ვარ. რომ თურქმენბანში და აქტაუ გაიზარდოს, რომ მათ მე გამომკვებონ. ყველა ეს ახალი ჰაბი ერთმანეთს დაუკავშირდება. წარსულში ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ, დღეს კი ისინი უკვე სპეციალიზებული არიან გარკვეულ ნიშაზე, მაგალითად. ბუხარა, ბაღდადი, სტამბული და ერთმანეთსაც კვებავენ. იგივე მოვლენა შეინიშნება დღეს ევრაზიაში ჰაბების განვითარების პროცესში.
როგორ აპირებთ თქვენი გეგმის განხორციელებას?
ჩვენ მას ნავთობის სექტორის მსგავსად განვავითარებთ. ბოლო 25 წლის განმავლიბაში ყველაზე წარმატებული მაგალითი ნავთობის ინდუსტრიაში აზერბაიჯანის ნავთობის სექტორია. ის, ფაქტობრივად, თავისუფალი ეკონომიკური ზონაა. პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დროს 1994 წელს ძალაში წილობრივი განაწილების კანონი შევიდა. იმ რთულ გარემოში, სომხეთთან კონფლიქტისა და საბჭოთა კავშირის კოლაფსის ფონზე, ამას დიდი პოლიტიკური ნება სჭირდებოდა.
ნავთობის სექტორის წარმატება ოთხმა ფაქტორმა განაპირობა: გაქვს პროდუქტი, ან პროექტი, რომელიც მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებს აინტერესებს; დიდი კომპანიები დაინტერესებულნი არიან, გაგიზიარონ თავიანთი ტექნოლოგია და ნოუ-ჰაუ, ასევე მზად არიან ინვესტირებისთვის; და ბოლოს - ჩვენი მსგავსი განვითარებადი ქვეყნებისთვის ძირითადი ამოსავალი წერტილი - პატრონაჟი.
პატრონაჟში რას გულისხმობთ?
ეს პოლიტიკური პატრონაჟია - ყველა ტიპის დაინტერესებული ჯგუფების აღრევის თავის ასაცილებლად და ინვესტორებში ნდობის მოსაპოვებლად ნავთობის სექტორი პირდაპირ პრეზიდენტის ზედამხედველობის ქვეშ მოექცა. შეიქმნა გარემო, სადაც ინვესტორები თავს კომფორტულად გრძნობდნენ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მეოთხე ფაქტორი იყო - პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, რომელიც სამართლებრივად გარანტიას აძლევს შენს მულტიმილიარდიან ინვესტიციას, ხვალ თუ რაღაც საკითხზე ვერ შევთანხმდით, ბაქოს რაიონულ სასამართლოს კი არ მივმართავთ, არამედ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს, ან კიდევ სხვას.
და თქვენ გინდათ, ეს მოდელი ბაქოს ჰაბში გადმოიტანოთ?
სავსებით. რადგან ჩვენ არ ვთავაზობთ მხოლოდ პორტს. ჩვენი პორტი არ უკავშირდება მხოლოდ ღია ზღვებს, კასპიის ზღვა ხმელეთითაა გარშემორტყმული, შესაბამისად, ჩვენი პორტი არაა მხოლოდ პორტი. თუ გსურთ, რომ შექმნათ 5–ვარსკვლავიანი ჰაბი, საჭიროა დამატებითი ღირებულების კომპონენტები, როგორიცაა , თავისუფალი ვაჭრობის ზონა. ჩვენი პორტი მდებარეობს ბაქოს ცენტრიდან 65 კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთ–დასავლეთისა და ჩრდილოეთ–სამხრეთის მთავარ გზაგასაყარზე, რკინიგზის, ავტობანის და პოტენციურად კარგოს აეროპორტის მახლობლად. ამ ყველაფრის გაერთიანებით, პორტის, თავისუფალი და ურბანული ზონებისა და აეროპორტის განვითარებით, არანავთობური ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტის მიღება შეიძლება. ჩინური, არაბული, რუსული, თურქული დიდი კომპანიები დაინტერესებულნი არიან თავისუფალი ვაჭრობის ზონაში ინვესტიციების ჩადებით, რომელსაც გრძელვადიანი მყარი გარანტიები გააჩნია. ეს პროექტი განხორციელდება პრეზიდენტის პატრონაჟით და გახდება არანავთობზე ორიენტირებული ეკონომიკის ბრენდი. ჩვენ ამჟაად ვმუშაობთ კანონზე რომელიც ამ ტერიტორიის მართვას დაარეგულირებს.
თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს…
თავისუფალი ვაჭრობის ზონას. არ იქნება გადასახადი და ეს გარანტირებული იქნება კანონით. განვითარებად ქვეყანაში, როგორიც ბულგარეთია, ძალიან რთულია ამის რეფორმირება, რადგან აქვს თავისებური პრობლემები,მაგალითად, ინსტიტუციონალური ტვირთი. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის დაუყოვნებლივ რეფორმირება? თქვენ უნდა შექმნათ კუნძული ეკონომიკაში. იმის მსგავსი, როგორიც ჩვენ შევქმენით ამ სექტორში. ეს გამართლებული მეთოდია.
მაგრამ უახლოესი ჰაბები,მაგალითად, თურქმენბაში, ფოთი - აგყვებიან?
დიახ ისინი აგვყვებიან. ამ პროექტით ყველა ისარგებლებს, რადგან წარმატებას მთლიანად ევრაზიის რეგიონს მოუტანს. ავღანეთის შეცვლა მომენტალურად შეუძლებელია, მაგრამ თუ მაზარ-ი- შარიფში ჰაბს შექმნი, შედეგი იოლად მისაღწევი გახდება.
მე ვიყავი მაზარ-ი-შარიფში და გეთანხმებით, ეს ქალაქი ყვავის ავღანეთის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, რომელსაც როგორც ჩანს, აქვს პოტენციალი.
თქვენ იქ იყავით და იცით, რომ უფრო იოლია, თურქმენბაშისგან ჰაბი შექმნა, ვიდრე მთელი ქვეყნისგან, ისევე როგორც აქტაუსგან, მთლიანი ყაზახეთისგან განსხვავებით. მაგრამ ყაზახეთი სწორ გზაზე დგას და აქტუას ჰაბად გადაქცევას ცდილობენ, თურქმენები მათ მაგალითს მიყვებიან, პორტის განვითარებითა და თავისუფალი ზონით. აზერები კი მართავენ ამ ტრანსფორმაციის პროცესს. მე შემიძლია ამაყად განვაცხადო, რომ ეს, უნიკალური ინიციატივა აზერბაიჯანს ეკუთვნის და მთელ რეგიონზე დადებით გავლენას მოახდენს.
რამდენად იცის მსოფლიომ ამ ინიციატივის შესახებ?
უკვე ვიწყებთ პროექტის მხარდაჭერას. 7 სექტემბერს DP World–თან, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი საპორტო ოპერატორია, ხელი მოვაწერეთ საკონსულტაციო შეთანხმებას. ისინი გვეხმარებიან როგორც კანონპროექტის, ასევე ეკონომიკური დასაბუთებისა და გენერალური გეგმის შემუშავებაში. ვიმედოვნებთ, მომავალი წლისთვის შევძლებთ რეზიდენტებისა და თავისუფალი ზონის მთლიანი პროცესების რეგისტრაციის დაწყებას.