"ატარე ქართული" – 53 წლის ქალი სტარტაპერის წარმატებული ბიზნესის ისტორია
53 წლის დიასახლისის, ნონა გოგაძის ისტორია – წარმატების თვალსაჩინო მაგალითია იმ ქალებისთვის, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ.
ნონა გოგაძეს ბიზნესსაქმიანობის მცირე გამოცდილება ჰქონდა, როცა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ახალ სფეროში გადაწყვიტა და რამდენიმე თვის წინ მეგობართან ერთად ქართული ქურთუკებისა და სათხილამურო აღჭურვილობის წარმოება დაიწყო.
სლოგანი “ატარე ქართული” განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას გულშემატკივრობს.
“თავადაც არ ელოდა, რომ მის წამოწყებას ასეთი პოზიტიური გამოხმაურება ექნებოდა. ახლა გაათმაგებულ პასუხისმგებლობას გრძნობს, რადგან ესმის, რომ ბევრი ადამიანისთვის შეიძლება მაგალითი გახდეს – თუ ხარ 45 წელს გადაცილებული ქალი, შეგიძლია მოზიდო რესურსი, განავითარო ბიზნესი და წარმატებას მიაღწიო”, - ამბობს EUGeorgia.info-სთან საუბარში ნონა გოგაძის ქალიშვილი, თეონა ბაღდავაძე.
ნონა ბრეგაძის და მისი მეგობრის მიერ დაფუძნებული კომპანია “ატა” 3-15 წლის ბავშვებისთვის ქურთუკებს და წყალგაუმტარ შარვლებს აწარმოებს. საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შეკერილი ტანსაცმელი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, პროდუქციის ფასი კი საშუალო მოხმარებლისთვის სრულიად მისაღებია, მაგალითად, ქურთუკების საცალო ფასი 39 ლარიდან იწყება.
პირველი საექსპერიმენტო მოდელები ნონა გოგაძემ “Carrefour”-ის ჰიპერმარკეტების ქსელში მიიტანა, სადაც პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართული ქურთუკებისა და სათხილამურო აღჭურვილობის შეძენა ამჟამად “Carrefour”-ის ჰიპერმარკეტებშია შესაძლებელი.
“დიდი ხანი ვფიქრობდით, რა პროდუქტი უნდა შეგვეთავაზებინა ბაზრისთვის”, - ყვება თეონა ბაღდავაძე, - წარმოების კუთხით ძალიან დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით, როდესაც იმპორტირებულ პროდუქციას ეხება საქმე. გვქონდა სურვილი, მაქსიმალურად პრაქტიკული, სადა, ამავდროულად მოდური პროდუქცია გვეწარმოებინა. გაგვიმართლა, რომ ზუსტად მივაგენით ნიშას ჩვენი პარტნიორის, “Carrefour”-ის მეშვეობით”.
ბიზნესის წამოსაწყებად ნონა გოგაძემ და მისმა პარტნიორმა რამდენიმე ათეული ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელეს. საწყის ეტაპზე მათ მიერ გახსნილ სამკერვალოში 600-მდე მოდელი შექმნეს.
“მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს, შეკვეთები დღითიდღე იზრდება. ამის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ეს პროდუქცია საქართველოშია ნაწარმოები. თუ ადრე არსებობდა მიდგომა, რომ საქართველოში ყველაფერი უხარისხოდ კეთდება, დღეს სამოქალაქო თვითშეგნება მივიდა იქამდე, რომ ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ. სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი გვეხმიანება და წარმატებებს გვისურვებს”, - ამბობს თეონა ბაღდავაძე.
მისი თქმით, საქართველოში დამწყები მეწარმეები ხშირად ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან, თუ როგორ უნდა დაამყარონ ურთიერთობა ბიზნეს პარტნიორებთან.
“ეს ეხება არა მხოლოდ კომპანიებს, რომლებსაც სურთ, გაარკვიონ, როგორ გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე, არამედ მცირე მეწარმეებსაც, რადგან ხშირად მწირე ინფორმაცია აქვთ, თუ როგორ უნდა იურთიერთონ დიდ შემსყიდველებთან”, - ამბობს თეონა ბაღდავაძე.
პროდუქციის დასამზადებლად “ატა” ჩინეთსა და თურქეთიდან ჩამოტანილ ნედლეულს იყენებს, თუმცა, უახლოეს პერიოდში აპირებს მანქანა-დანადგარების დამატებას, რაც მინიმუმამდე დაიყვანს პროდუქციის დამზადებისთვის საჭირო დეტალების იმპორტს.
“დღეს საქართველოში ბევრი საერთაშორისო ბრენდი კერავს საკუთარ პროდუქციას და შემდეგ ექსპორტზე გააქვს. ვფიქრობ, ამ ქვეყანას ნამდვილად აქვს ამბიცია, რომ შევქმნათ ჩვენი, სხვადასხვა ტიპის ბრენდული პროდუქცია, რომელიც ბაზრისთვის ფასითა და ხარისხით მისაღები იქნება. ჩვენი პროდუქცია საკმაოდ მაღალხარისხიანია და ამაზე ისიც მოწმობს, რომ მისი გამეორებითი გაყიდვები საკმაოდ მაღალია ”, - ამბობს თეონა ბაღდავაძე.
კომპანია “ატა”-ს საქმიანობას საზოგადოების და მედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა.
“გვინდა, ვიყოთ სტიმული სხვა ადამიანებისთვის, ვისაც უფიქრია საკუთარი ბიზნესის დაწყებასა, თუ გაფართოებაზე. სლოგანი, რომელიც საკმაოდ ამბიციურად ჟღერს - “ატარე ქართული” - გვაძლევს თქმის უფლებას, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ნაწარმისადმი მხარდაჭერა, ადამიანებს ესმით, რომ ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა მცირე და საშუალო ბიზნესია”, - ამბობს თეონა ბაღდავაძე.
ამჟამად მუშაობს ერთი სამკერვალო, სადაც 14 ადამიანია დასაქმებული. თეონა ბაღდავაძე ამბობს, რომ კომპანიას აქვს იდეა, მეორე სამკერვალო დევნილებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში გახსნას.
“ამ ადამიანებთან პირადად მქონდა ურთიერთობა, ქალები სამუშაოს აქტიურად ეძებენ. თუ ჩვენს ბრენდს, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ახალია, სახელმწიფო დაუდგება გვერდში, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი პროექტი იქნება და დევნილთა დასაქმებასაც შევძლებთ”, - ამბობს თეონა ბაღდავაძე.
მისი ინფორმაციით, გაზაფხულზე “ატა” მომხმარებელს ახალ, საინტერესო მოდელებს შესთავაზებს.