რით განსხვავდებიან ამერიკელი და რუსი ღარიბები
ყოველი მეშვიდე ადამიანი რუსეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს
რუსეთში ღარიბი მოქალაქეების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ახალი სტატისტიკური მონაცემებით, შარშან ღარიბების რიცხვმა რუსეთში 19,8 მილიონს მიაღწია. ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსეთში მოსახლეობა თითქმის 13%-ით გაღარიბდა, უთანასწორობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის კი უფრო გაიზარდა.
რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახურის,როსსტატ-ის ახალი მონაცემებით, რუსეთში ყოველი მეშვიდე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს – ეს მოსახლეობის 13,5% ან 19,8 მილიონი ადამიანია.
2012 წლიდან რუსეთში ღარიბების რაოდენობა განუხრელად იზრდება. 2012 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 15,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 2013-ში – 15,5 მილიონი, 2014 წელს - 16,1 მილიონი, 2015-ში კი - 19,5 მილიონი ადამიანი.
ღარიბების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა დაიძაბა, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდა, ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, რუსული რუბლი კი გაუფასურდა.
რუსეთის კვლევითი უნივერსიტეტის, “ეკონომიკის უმაღლესი სკოლის” გამოთვლებით, ნეგატიური დინამიკა ბოლო 26 თვეა გრძელდება და ამ პერიოდში, მოსახლეობა თითქმის 13%-ით გაღარიბდა.
პრობლემებს რუსეთის მთავრობაშიც აღიარებენ – ვიცე-პრემიერ ოლგა გოლოდეცის განცხადებით, სტატისტიკური მონაცემები რეალურ ვითარებას არ ასახავს და შესაძლოა, ღარიბების რაოდენობა გაცილებით მეტი იყოს.
სოციალური ანალიზისა და პროგნოზირების ინსტიტუტის, РАНХиГС-ის კვლევის თანახმად, რუსეთში ოჯახების 21% საკუთარ თავს ღარიბად მიიჩნევს, “ეკონომიკის უმაღლესი სკოლის” მონაცემებით კი, გასულ წელს რუსეთის მოსახლეობის 41%-ს სამოსისა და საკვები პროდუქტების შეძენის პრობლემა ჰქონდა.
მილიარდერების რაოდენობის ზრდა
სიღარიბის დონის მატების პარალელურად, იზრდება რუსი ოლიგარქების რაოდენობა - 2016 წელს რუსეთში 100 მილიარდერი და 132 000-მდე მილიონერი ცხოვრობდა.
საერთაშორისო ანალიტიკური ინსტიტუტების შეფასებით, რუსეთი მსოფლიოში ყველაზე უთანასწორო ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, სადაც სიმდიდრეების 88% მილიარდერთა და მილიონერთა ხელშია კონცენტრირებული.
Credit Suisse-ის ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთში კეთილდღეობის დონის დაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუბლის დევალვაციაა, რაც აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებითაა გამოწვეული.
“მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაზე მეტად რიგითი მოქალაქეები დააზარალა. ფაქტობრივად, კრიზისმა წაშალა ის ფენა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საშუალო კლასს უწოდებდნენ, ღარიბები კი გააღატაკა. ამასთან, უზრუნველყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ფულს ვალუტაში ინახავენ და აქვთ ინვესტირების შესაძლებლობა, ბოლო რამდენიმე წელიწადში თითქმის არ დაზარალდნენ, არამედ პირიქით, სიმდიდრე დააგროვეს”, - ამბობს ანალიტიკოსი გლებ ზადოი რუსულ გამოცემა “არგუმენტი ი ფაკტი”-სთან საუბარში.
მისი თქმით, რუსეთში სიღარიბის მიზეზებია მოსახლეობის რეალური დასაქმების და შრომის მწარმოებლურობის დაბალი დონე, პრობლემას ამწვავებს რუსეთში პენსიონერთა დიდი რაოდენობა (40 მილიონი ადამიანი), რომელთა უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
სიღარიბის მაჩვენებელი რუსეთში ბევრად არ აღემატება ამავე მაჩვენებელს განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა რუსეთისგან განსხვავებით, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, სიღარიბის დონე სრულიად სხვა კრიტერიუმებით ფასდება.
ოფიციალური სტატისტიკით, აშშ-ში ღარიბების რაოდენობა 43,6 მილიონია (მოსახლეობის 14,3%), აქედან 90%-ს საკუთარი ბინა და ავტომობილი, 50-ს კი – სამედიცინო დაზღვევა აქვს.
“ღარიბი ადამიანები რუსეთსა და აშშ-ში, ან მაგალითად, გერმანიაში – ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. აშშ-ში თითქმის ყველა ღარიბი უძრავ ქონებას ფლობს, აქვს შესაძლებლობა, ავტომობილიც კი შეიძინოს. სიღარიბის მსგავსი სტანდარტის გამოყენება რუსეთში რომ ვცადოთ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ შესაძლოა, მოსახლეობის სულ მცირე ნახევარი აღმოჩნდეს”, - ამბობს ექსპერტი რომან ბლინოვი რუსულ გამოცემა “არგუმენტი ი ფაქტი”-სთან საუბარში.
2017 წლის პროგნოზი
როგორც მოსალოდნელია, რუსეთში სიღარიბის დონის ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება. სოციალური ანალიზისა და პროგნოზირების ინსტიტუტის, РАНХиГС-ის მონაცემებით, უახლოეს მომავალში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ შესაძლოა, რუსეთის მოსახლეობის 28,8% აღმოჩნდეს.
ბოლო 3 წელიწადია, რუსეთში ოჯახების 70% საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯებს ზოგავს. РАНХиГС-ის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს რუსეთის მოქალაქეების 75,7% სამოსის შეძენაზე ხარჯებს ზოგავდა, 68% საკვებ პროდუქტებზე, 67,5% — გართობაზე, 57,7% — შვებულებაზე, 38,9% კი — მედიკამენტებზე.
2016 წელს ხარჯებს ყველაზე ხშირად 36-45 ასაკის მოქალაქეები ზოგავდნენ, რაც შეეხება ახალგაზრდებს, 18-25 ასაკის ადამიანებში ეს მაჩვენებელი 59%-ია.
რუსეთის კონტროლის პალატის პროგნოზით, 2019 წლის ბოლოს საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავალი 20,5 მილიონ მოქალაქეს ექნება.