ტურიზმის გააქტიურების კვალდაკვალ თუშეთის ინტერნეტიზაცია იწყება
“...იყო შემთხვევა სოფელში, ადამიანს გველმა უკბინა, მაგრამ არც მობილური იჭერს, არც ინტერნეტი , ამიტომ ცხენით მოუწია 20კილომეტრის გავლა, ვიდრე დახმარებას აღმოუჩენდნენ...”
თუშეთს ორიოდე თვეში ინტერნეტი ექნება. პროექტს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია თუშეთის განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს. ინტერნეტით, წოვათის გარდა, ადმინისტრაციაში შემავალი სამი ხეობა დაიფარება.
“ოპტიკური ქსელის ჩართვა თუშეთში ეკონომიკურად არამომგებიანი იქნებოდა, ამიტომ იქ მსხვილი ოპერატორები არ არიან წარმოდგენილნი. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ე.წ. „საჰაერო” (Air Fiber-ის) იგივე რადიოქსელის გამოყენებას. უკვე შევისყიდეთ საჭირო აპარატურა, სამანქანო გზის გახსნას ველოდებით. მაისის ბოლოს ტექნიკას თუშეთში ავიტანთ და მონტაჟს დავიწყებთ”, - განუცხადა eugeorgia.info-ს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა სეთურმა.
თუშეთში სულ 54 სოფელია, აქედან 48 - დასახლებული, ზოგიერთში მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. გარკვეულ სოფლებში, მაგალითად, შენაქოში არათუ ინტერნეტი, არამედ, მობილური კავშირიც არ არის, შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას გარესამყაროსთან დასაკავშირებლად რამდენიმე საათის გავლა ხშირად ფეხით უწევს, მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტორიც, რომ მაღალმთიან რეგიონში წელიწადში სულ მცირე - ექვს თვეს - სამანქანო გზა ჩაკეტილია და, შესაბამისად, რაიონული ცენტრიდან მოწყვეტილია.
“იყო შემთხვევა სოფელში, ადამიანს გველმა უკბინა, მაგრამ რადგან მობილური არ იჭერს, ამიტომ ცხენით მოუწია 20კილომეტრის გავლა, ვიდრე დახმარებას აღმოუჩენდნენ”, - აცხადებს გიორგი აბულაძე, რომელიც თუშეთში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის - “ალაზნისპირეთის” მარკეტინგი მენეჯერია. აღნიშნული კოოპერატივი 2015 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა. კოოპერატივი 11 წევრისგან შედგება და სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტებისა და ტრადიციული ტექნოლოგიების დაცვით გუდის ყველს აწარმოებს, აქედან ნახევარი - ექსპორტზე აშშ-ში გააქვს.
“ცხადია, ინტერნეტიზაცია ჩვენი ბიზნესისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ფერმა სოფლიდან 15 კმ-ით მოშორებულია, ტელეფონიც იქაც არ იჭერს, ინტერნეტქსელების - Skype, Facebook-ის მეშვეობით, ჩვეულებრივ შევძლებთ კომუნიკაციას”, - აღნიშნავენ კოოპერატივში.
თუშეთში გამოსაზამთრებლად 30-მდე ადგილობრივი მკვიდრი რჩება, ზაფხულში კი ბარიდან მთაში 3 მოსახლე ადის. თუმცა, პროექტი მხოლოდ ადგილობრივებზე არ არის გათვლილი - ბოლო პერიოდში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და მიუდგომელ მხარეში ტურისტები მომრავლდნენ.
“თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წელს ვიზიტორების რაოდენობა 8,5 ათასი იყო, შარშან კი - 13 ათასს მიაღწია. დიდი გააქტიურებაა გესთჰაუზებისა და სასტუმროების მშენებლობის კუთხით, ძალიან ბევრმა ადგილობრივმა შეიტანა განაცხადი ეკონომიკის სამინისტროს შეღავათიანი სესხის პროგრამაში, რომელიც სასტუმრო ინდუსტრიას აფინანსებს. თუშეთის 10 სოფელი მთავრობის მიერ გამოცხადებულ სივრცითი მოწყობის პროექტში მოხვდა, ეს იმედს გვაძლევს, რომ თუშეთის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის გააქტიურება დაიწყება, საუბარია ასევე ახალი - ალტერნატიული სამანქანო გზის გაყვანაზეც”, - აცხადებს გამგებლის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციაში, ლადო კახოიძე.
“ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო თუშეთის სასტუმროების წარმომადგენლებს ტრენინგებს უტარებს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ სასტუმროების დაჯავშნის საერთაშორისო ვებ-გვერდები ვიზიტორების მოსაზიდად, როგორც გავიგეთ, დაახლოებით , 50-მდე მსურველია დარეგისტრირებული, ესენი ჩვენი პოტენციური აბონენტები არიან ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვა ბიზნესოპერატორების გარდა”, - ვარაუდობენ, თავის მხრივ, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაში.
აღსანიშნავია, რომ მცირე გესთჰაუზების გარდა, თუშეთში წლის ბოლომდე ორი დიდი და თანამედროვე სასტუმროს მშენებლობაც იგეგმება.
თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტი არაკომერციულია, მისი განხორციელება 40 ათასი დოლარით ISOC Internet society -ის ევროპულმა ფილიალმა დააფინანსა. ISOC დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ინტერნეტის პოლიტიკის, ტექნოლოგიების, სტანდარტებისა და განვითარების სფეროში მსოფლიო ლიდერად არის აღიარებული, ითვლის 80 ათას წევრსა და მხარდამჭერს, აგრეთვე 113 ფილიალს მსოფლიოში. მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ISOC-თან შეთანხმების მიხედვით, ინტერნეტის ღირებულებაზე 10%-ზე მეტის მოგების დამატების უფლება არ აქვთ, ამასთანავე, შემოსავალი, ისევე როგორც მთლიანად პროექტი მენეჯმენტისთვის ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას - “თუშეთის განვითარების ფონდს” - გადაეცემა.
“საბაზისო პაკეტი 25-30 ლარამდე ეღირება, ანუ, იგივე ფასი, რაც თელავში ღირს. მისი სიიაფე მცირე მოგების გარდა განპირობებულია იმით, რომ თელავში ადგილობრივი ოპერატორი “ფრინეტი”, პრაქტიკულად, უსასყიდლოდ გვაძლევს ანძაზე ადგილს, ელექტროენერგიას, ლოკაციის ფართსა და ტექნოლოგიურ კონსულტაციას”, - აღნიშნა უჩა სეთურმა.
მისი თქმით, მომავალ აბონენტებს - ტრენინგში მონაწილე სასტუმროებსა თუ გესთჰაუზებს - ინოვაციების სააგენტო ინტენერტით სარგებლობისთვის 150-ლარიან ვაუჩერებს საჩუქრად დაურიგებს, რაც ნიშნავს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მათ უფასო ინტერნეტი ექნებათ.
“გესთჰაუზებისა და სასტუმროების გარდა, ინტერნეტის მომხმარებლების მოზიდვის თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ე.წ. “ჰაიკერები”, რომლებიც არა სასტუმროებში, არამედ, კემპინგებში რჩებიან. მათთვის, შეიძლება, ამოქმედდეს დაბალსიჩქარიანი ინტერნეტ-პაკეტი, რომელიც დღეში, მაგალითად, 2-3- ლარი დაუჯდებათ”, - მიიჩნევს უჩა სეთური.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუშეთის რთული რელიეფის გამო პროექტის განხორციელება, ტექნიკური თვალსაზრისით, იოლი არ იქნება.
“აპარატურას ომალომდე ტრანსპორტით ავიტანთ , იქიდან კი 400 კგ-იან ტვირთს ცხენებზე გადავანაწილებთ და მთებზე დავამონტაჟებთ, აქედან ერთს - აბანოს უღელტეხილზე, ხუთს კი - ხეობებში”, - აცხადებს პროექტის ტექნიკური დირექტორი, კონსტანტინე სტალინსკი. მისი თქმით, თუ პროექტი გაამართლებს, თუშეთის შემდეგ სხვა მაღალმთიანი რეგიონების - ხევსურეთის და რაჭის - ინტერნეტიზაციის ჯერიც დადგება.