ევროკავშირი - სიდიდით მეორე ბიო ბაზარი მსოფლიოში
ქართული ბიო პროდუქტების რეალიზაციის მოცულობა ევროპაში 2016 წელს 75%-ით გაზარდა და 405 ტონა შეადგინა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში ორგანული პროდუქტების საცალო გაყიდვების წლიური მაჩვენებელი 12,6%-ით გაიზარდა და 2015 წელს 27,1 მილიარდი ევრო შეადგინა.
ბიოპროდუქტი ეს არის სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქცია, რომელიც გამორიცხავს წარმოების პროცესში ქიმიური სასუქების და პესტიციდების გამოყენებას, ამასთანავე ბიოპროდუქტის წარმოების დროს აკრძალულია გენეტიკური ინჟინერიის მეშვეობით მიღებული ორგანიზნებისა და პროდუქტების გამოყენება. „ბიოწარმოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N 198 დადგენილების მიხედვით, აუცილებელია პროდუქტის წარმოების და შემდგომი გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, შეფუთვის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის დროს დაცული იყოს ბიოწარმოების სტანდარტები და მხოლოდ ამის შემდგომ მიეთითოს ეტიკეტზე მისი წარმომავლობა („ბიოპროდუქცია“ ან სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, რომელშიც გამოყენებულია „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“).
თუმცა მანამდე საწარმო ვალდებულია გაიაროს ბიოსერტიფიცირება, რაც თავის მხრივ არის გარანტი იმისა რომ საწარმომ პროდუქტის წარმოების ყველა ეტაპზე დაიცვა ბიო სტანდარტები. საქართველოში ბიოსერტიფიცირებას ახორციელებს შპს „კავკასსერტი“. მათ მიერ გაცემულ ბიოსერტიფიკატს კანონიერი ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და შვეიცარიაში. „კავკასსერტი“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით საქართველოდან 2016 წელს ექსპორტზე გავიდა დაახლოებით 405 ტონა ორგანული პროდუქტი. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქართული ბიო პროდუქტის ძირითადი ბაზარი არის გერმანია.
წყარო: შპს „კავკასსეტი“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია
„კავკასსერტი“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოში ბიო სერტიფიკატი აქვს 12 საწარმოს/მეწარმეს, ხოლო დანარჩენი 36 სერტიფიცირების პროცესშია (გარდამავალი პერიოდი). როგორც წესი, იმისთვის რომ მეურნეობა გახდეს ბიო აუცილებელია გარდამავალი პერიოდის გავლა, რომლის განმავლობაშიც მეწარმემ უნდა დაიცვას ბიოსტანდარტის მოთხოვნები. ერთწლიანი კულტურებისთვის ეს პერიოდი არის 2 წელიწადი, ორი წლის მერე მიღებული პროდუქტი იქნება სერტიფიცირებული. მრავალწლიანი კულტურებისათვის საჭიროა სამწლიანი გარდამავალი პერიოდი და მხოლოდ სამი წლის მერე მიღებული პირველი მოსავალი ჩაითვლება ბიოდ. ამასთანავე, რომ კავკასსერტის ინფორმაციით, წლების განმავლობაში ექსპორტირებულ ორგანულ პროდუქტთა სიაში პირველ ადგილს იკავებს ძირტკბილა. 2016 წელს ექსპორტირებულია 292 ტონა ძირტკბილა, 2015 წელს 171 ტონა, ხოლო 2014 წელს 47 ტონა. რაც შეეხება საქართველოში ორგანული პროდუქტის მიწის მოცულობას, ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) –ის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2013 წელს ბიო პროდუქციამ მოიცვა 1 999 ჰა, 2014 წელს - 1292 ჰა, ხოლო 2015 წელს 1452 ჰა.
რაც შეეხება ევროპის ბაზარს, აგრო პროდუქტებზე მოთხოვნა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) –ის მონაცემების მიხედვით 2015 წელს ორგანული პროდუქტების გაყიდვების მოცულობამ ევროკავშირის ქვეყნებში შეადგინა 27,1 მილიარდი ევრო. საცალო გაყიდვების წლიური ზრდის მაჩვენებელი არის 12,6%.
წყარო: Organic in Europe – prospects and developments 2016 - IFOAM
ბიო პროდუქტების ონლაინ ჯურნალის (http://organic-market.info) 2014 წლის მონაცემების მიხედვით ორგანული პროდუქტის ყველაზე დიდი მომხმარებელი ევროკავშირში არის გერმანია (30%), შემდეგ მოდის საფრანგეთი (18%), გაერთიანებული სამეფო 9% და იტალია 8%. მსოფლიო მასშტაბით ევროპა არის ნომერ მეორე ბიო პროდუქტების მომხმარებელი(38%-ით). პირველ ადგილს იკავებს აშშ (43%)-ით, ხოლო მესამე ადგილს - ჩინეთი.
წყარო: Organic in Europe – prospects and developments 2016 – IFOAM
(IFOAM) – ისმონაცემების მიხედვით, ევროპელი მომხმარებელი წლების განმავლობაში ორგანულ საკვებზე ხარჯავდა საშუალოდ €47.4 ერთ ადამიანზე. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს რიცხვი გაორმაგდა. მაგალითისთვის, 2014 წლის მონაცემების მიხედვით შვეიცარიელი მომხმარებელი, რომელიც ბიო პროდუქტების N1 მყიდველია ევროპაში, ბიო პროდუქტებზე ხარჯავს წელიწადში დაახლოებით €221 ერთ კაცზე, მაშინ როდესაც შეერთებულ შტატებში მომხარებელთა დანახარჯი ბიო პროდუქტებზე შეადგენს საშუალოდ 85 ევროს.
ბიო პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ ევროპაში არამედ მთელ მსოფლიოში. 2015 წლის მონაცემების მიხედვით აშშ-ში ბიო პროდუქტზე მოთხოვნამ შეადგინა 37 მილიარდი აშშ დოლარი, 12 %-ით მეტი წინა წელთან შედარებით. მსოფლიო ბიო ბაზარზე მოთხოვნის ზრდამ თავის მხრივ განაპირობა ორგანული პროდუქციის წარმოების ზრდა. ამ მხრივ საინტერესოა ინდოეთის ერთ-ერთი რეგიონის, სიკიმის, ბიოწარმოების განვითარების პროცესები.
2016 წლის იანვრიდან, სიკიმი, ოფიციალურად, არის პირველი 100 %-ით ორგანული პროდუქტის მწარმოებელი რეგიონი მსოფლიოში. პროცესები დაიწყო 2003 წლიდან, როდესაც ჰიმალაის რეგიონი სერიოზული ეკოლოგიური და ჯანმრთელობის პრობლემების (პესტიციდ-შემცვლელი საკვებით გამოწვეული დაავადებების მაღალი მაჩვენებელი) წინაშე აღმოჩნდა . შედეგად სიკიმის მთავარმა მინისტრმა, პავან ჩამლინგმა ამცნო საზოგადოებას თავისი ხედვა პრობლემის გადასაჭრელად: სიკიმი უნდა გახდეს პირველი ბიო რეგიონი მსოფლიოში.
შედეგად, შეიქმნა სიკიმის ბიო მეურნეობის განვითარების პროექტი, სადაც დეტალურად გაიწერა თუ როგორ აპირებდნენ პრობლემის გადაწყვეტას. რეგიონში თანდათანობით აიკრძალა ქიმიური პესტიციდები და სინთეზური სასუქები. შემუშავდა კანონი, სადაც ბიო წარმოების პროცესების დარღვევისთვის ფერმერებს ეკისრებოდათ ჯარიმები. მილიონობით ინდოელის ინფორმირება ხდებოდა პოპულარული თოქ შოუოების დახმარებით, რომელიც ეხებოდა ბიოწარმოებას. ფერმერები ესწრებოდნენ სპეციალურ ტრენინგებს, რომლებსაც ატარებდნენ ბიოწარმოების ექსპერტები და სპეციალისტები. ზოგიერთი ფერმერი გაიგზავნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რათა სრულყოფილად შეესწავლათ ბიოწარმოების პროცესები. ამასთანავე, ორგანული მეურნეობა როგორც საგანი, ისწავლებოდა სკოლებშიც.
ტრენინგების პარალელურად შეიქმნა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები, რომლის მთავარი მიზანი იყო ფერმერებისთვის ბიოთესლისა და ნატურალური სასუქების ხელმისაწვდომობა, რიგ შემთხვევებში მთავრობა ეხმარებოდა მეწარმეების ბაზრების მოძიებასა და პროდუქტის ექსპორტზე გატანაში.
2016 წლის იანვრისთვის, ბიო პროდუქტების ფესტივალზე ინდოეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონი მთლიანად ბიოპროდუქტებს აწარმოებს.
12 წლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგად, ინდოეთს ყავს ყველაზე მეტი ბიო მწარმოებელი მსოფლიოში (2015 წელს - 585 200 ფერმერი), ბიოსერტიფიკატი გაცემულია საერთაშორისო ორგანოების მიერ. ბიო პროდუქტების წარმოება ხორციელდება 1,18 მილიონ ჰექტარზე (მსოფლიოში მე-9 ადგილი), ამასთანავე ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) –ის ფილალების რაოდენობის მიხედვით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს (73 ფილიალი).
სიკიმიში დღესდღეობით იწარმოება დაახლოებით 45 მდე ბიო პროდუქტი, რომელიც ძირითადად ადგილობრივ ბაზრებზე იყიდება. foodrevolution.org -ის მიხედვით, ბოლო პერიოდში ბიო პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო სიკიმელ მეწარმეთა შემოსავალი 20 %-ით გაიზარდა. ამჟამად, ინდოეთი არის ბიო ბამბის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი მსოფლიოში (აწარმოებს მთლიანი წარმოების 2/3), რომელსაც მოჰყვება ჩინეთი, თურქეთი, ყირგიზეთი და აშშ.
სიკიმისთის ბიოპროდუქტების წარმოების მთავარი მიზანი იყო არა მხოლოდ ეკონომიკური მოგება (მზარდი მოთხოვნა ევროპის ბაზარზე, მაღალი ფასი) არამედ საზოგადოების კეთილდღეობა (ჯანმრთელობა) და გარემოს დაცვა. თუმცა ორგანულ რეგიონად გადაქცევამ დადებითად იმოქმედა ტურიზმის განვითარებაზეც, რაც თავის მხრივ დამატებითი შემოსავალია რეგიონისთვის. ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა დარჩნენ ბიო სოფლებში, სადაც შეუძლიათ დატკბნენ ბუნების სილამაზით და დააგემოვნონ ნატურალური ბიო პროდუქტები.
საბედნიეროდ, მხოლოდ სიკიმი არ არის ბიო რეგიონი მსოფლიოში. კუბაში ფერმერების უმრავლესობა აწარმოებს ბიო პროდუქტებს. დანიას აქვს ამბიციური გეგმა გახდეს პირველი ბიო ქვეყანა. ბიო ფერმერების რაოდენობა იმატებს აშშ-შიც.
როგორც ვხედავთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ორგანულ წარმოებასა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ, რადგან, რიგ შემთხვევებში, ეს არის გარანტი სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და რენტაბელობის ამაღლებისთვის.
წყარო:
- Organic in Europe – prospects and developments 2016 – IFOAM
- https://foodrevolution.org/blog/organic-food-sikkim/
- http://pib.nic.in/newsite/PrintRelease.aspx?relid=134579
- European organic market grew to more than 26 billion euros in 2014
- The world of organic agriculture statistics and emerging trends 2017 – FIBL & IFOAM organics international
- http://organic-market.info
- foodrevolution.org
- http://www.organic-world.net/country-info/asia/india.html
- http://www.elkana.org.ge/?action=page&page=136&lang=geo
- http://caucascert.ge/ge/home