გორში საკონსერვო ქარხანა იხსნება
კომპანია „ჯეო კონცენტრატი“ ახალ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საკონსერვო ქარხანას ხსნის.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ვანო გოგლიძემ, eugeorgia.info-ს განუცხადა, საწარმოს მშენებლობა, თითქმის, დასრულებულია, ერთ თვეში კი უკვე პროდუქციის გამოშვებისთვის მზად იქნება. კომპანია, ძირითადად, წვენებისა და კომპოტების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.
„დაახლოებით, ნახევარი მილიონი ქილის გამოშვებას ვგეგმავთ, რომლის ნაწილი ექსპორტზე გავა. უკვე ბრენდზეც ვმუშაობთ - პროდუქცია ქსელში „ბატონო“-ს სახელწოდებით ჩაეშვება“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
კომპანიას სახელმწიფოსგან გორის სოფელ კარალეთში 200 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი გადაეცა, ინვესტორმა ვალდებულება აიღო 330 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.
ვანო გოგლიძემ, რომელიც იმავდრულად, გორის საკონსერვო ქარხნის „კულას“ დამფუძნებელია, ახლო მომავალში თევზისა და ხორცის კონსერვების ხაზის დამატებასაც აპირებს, რაც საწარმოს 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაუჯდება.
„სავარაუდოდ, ადგილობრივი ნედლეულის ბაზა საკმარისი არ იქნება, საუკეთესო შემთხვევაში, მოთხოვნის 70%-ს დააკმაყოფილებს, დანარჩენს უცხოეთიდან შემოვიტანთ. გასაღების ბაზარი, ძირითადად, საქართველო იქნება, რადგან ეს სეგმენტი თითქმის ყველგან კარგად არის განვითარებული. საშუალება მოგვეცემა, მონაწილეობა მივიღოთ სახელმწიფო ტენდერებში“, - აღნიშნა ივანე გოგლიძემ.
ბელა ნოზაძე