ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს - რეფერენდუმის პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები
ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ისტორიული რეფერენდუმის შედეგები, რომელიც ქვეყანაში გუშინ გაიმართა, უკვე ცნობილია - ხმების 51,8% ბლოკიდან გასვლის მსურველებმა მიიღეს.
ინფორმაციამ მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე შოკი გამოიწვია, საპროცენტო განაკვეთები ნულს გაუტოლდა, ასეთი დიდი რყევები 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა.
სტერლინგმა არსებობის ისტორიაში ერთდღიანი გაუფასურების რეკორდი მოხსნა და დოლართან მიმართებაში 10%-ით დაეცა.
ექსპერტებისა და დასავლური მედიის მტკიცებით, რეფერენდუმმა ლონდონის, როგორც საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მომავალი ეჭვქვეშ დააყენა. ბრიტანეთისთვის „კატასტროფულ შედეგებს“ პროგნოზირებდა რეფერენდუმის გამართვამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონიც.
სტერლინგთან ერთად 3 %-ით ევროც გაუფასურდა - მოლოდინის გამო, რომ Brexit მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ბლოკს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ დანაკარგებს მოუტანს, დაეცა იაპონური იენიც. ინვესტორებმა საკუთარი ქონების დაბანდება გაცილებით უსაფრთხო აქტივებში, ოქროში დაიწყეს.
ინგლისის ბანკში, ჯერჯერობით, კომენტარისგან თავს იკავებენ, გლობალური პოლიტიკის წარმმართველებმა ბაზრების სტაბილიზაციისთვის სამოქმედო გეგმის ამოქმედება დაიწყეს, იაპონიის ფინანსთა მინისტრმა, ტარო ასომ, კი პირობა დადო, რომ სავალუტო ბაზარზე საჭირო ღონისძიებებს გაატარებს.
ბრიტანელ ევროსკეპტიკოსებს შორის ნამდვილი ეიფორია სუფევს - მათთვის ეს გამარჯვება პროტესტის ფორმაა ბრიტანელი პოლიტიკოსების, დიდი ბიზნესებისა და უცხოური ლიდერების, მათ შორის, ბარაკ ობამას წინააღმდეგ, რომლებიც დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
„ეს რეალური ადამიანების, ჩვეულებრივი ადამიანების, ღირსეული ადმიანების გამარჯვება იქნება, მოდი, 23 ივნისი ჩვენს ისტორიაში დამოუკიდებლობის დღედ ვაღიაროთ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა, ნაიჯელ ფარიჯმა, რომელმაც ევროკავშირს „განწირული პროექტი“ უწოდა.
დიდ ბრიტანეთს დაშლის საფრთხე ემუქრება - გაცილებით ადრე, რეფერენდუმი შოტლანდიაში ჩატარდა, სადაც მოსახლეობის 62% მხარი ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა. შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა, ნიკოლა სთარჯეონმა განაცხადა, რომ შოტლანდიის ხალხი თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს.
რეფერენდუმის შედეგებზე ევროპელ პოლიტიკოსებს შოკური რეაქცია ჰქონდათ: „მითხარით, რომ მძინავს და ეს ყველაფერი ღამის კოშმარია“, - დაწერა ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე სთაბმა, საკუთარ ტვიტერზე.
Brexit-მა მთელი კონტინენტის მასშტაბით პოპულისტები წაახალისა, მათ შორის, ნიდერლანდების ანტიმიგრაციული კამპანიის ლიდერი, გეერტ ვილდერსი. მან ჰოლანდიელებს უკვე მოუწოდა, ევრკავშირის დატოვებაზე რეფერენდუმი ჩაატარონ. „ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ფული, ჩვენი საზღვრები, ჩვენი საიმიგრაციო პოლიტიკა“, - განაცხადა ვილდერსმა.
ევროკავშირის დატოვება ბრიტანეთს ძვირად დაუჯდება, ის ხომ მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე ბარიერების გარეშე ვაჭრობდა. ინგლისს მოუწევს, მსოფლიოს ქვეყნებთან ახალი სავაჭრო ხელშეკრულებები გაფორმოს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის აშშ-ის პაქტთან ბოლო რიგში იქნება. .
ევროკავშირი, თავის მხრივ, ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასუსტდება, რადგან ბრიტანეთის წასვლით მას არა მხოლოდ თავისუფალი ბაზრის ყველაზე დიდი მომხრე დააკლდება, არამედ ქვეყანა, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს და ძლიერი არმია ჰყავს. ამავე დროს. ბლოკი ერთი ხელის მოსმით წარმოების მეექსვედს ჰკარგავს.
დევიდ კამერონი, როგორც მოსალოდნელია, ევროპელ კოლეგებს რეფერენდუმის ოფიციალურ შედეგებს რამდენიმე დღეში შეატყობინებს და დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის დატოვებაზე.
ბრიტანეთი, რომელიც ევროპის ეკონომიკურ საზოგადოებაში 1973 წელს შევიდა, ყოველთვის წინააღმდეგობრივი ხასიათით გამოირჩეოდა, ის მტკიცედ უჭერდა მხარს თავისუფალ ვაჭრობას, ბარიერების გაუქმებას ევროკავშირის შიგნით, ბლოკის გაფართოებას ექსკომუნისტური ქვეყნების ხარჯზე, თუმცა, თავად უარი თქვა ევროსა და შენგენის თავისუფალ ზონაზე.
იმისთვის, რომ დიდ ბრიტანეთს კვლავ ჰქონდეს ევროპის ერთიან ბაზართან წვდომა (ეს კი ქვეყნის გიგანტური ფინანსური სერვისისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია) მას მოუწვეს ევროკავშირის რეგულაციები აღიაროს და გადაიხადოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, როგორც თავის დროზე ეს ნორვეგიამ და შვეიცარიამ გააკეთა.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დიდ ბრიტანეთში გახსნილი ბანკები და ფინანსური კომპანიები ავტომატურად დაკარგავენ ნებართვას საკუთარი მომსახურების ევროკავშირში გაყიდვაზე, თუ დიდი ბრიტანეთი უარს იტყვის ევროკავშირის პრინციპზე საქონლის, სერვისისა და ადამიანების თავისუფალ გადაადგილების შესახებ.
ასევე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მილიონობით ბრიტანელის ბედი, რომლებიც აქამდე თავისუფლად ცხოვრობდნენ ევრიკავშირში და ჯანდაცვის სისტემითა თუ სხვა სიკეთეებით სარგებლობდნენ.