ბათუმში თანამედროვე სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა.
ბათუმში თანამედროვე სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა.
ობიექტი 1800 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და მისი ტევადობა 4 ათასი ტონაა. მაცივრის მშენებლობა კომპანია „იმპერიალს“ 2,5 მილიონი დოლარი დაუჯდა, აქედან 600 ათასი დოლარი სახელმწიფოსგან „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში მიიღო.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ზვიად მალაყმაძემ განაცხადა, მსგავსი მასშტაბის თანამედროვე სამაცივრე კომპლექსი რეგიონში არ არსებობს, თუმცა, ბიზნესი მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებელზე გათვლილი არ არის.
„კონკურენცია ბაზარზე საკმაოდ მაღალია, არის მაცივრები თბილისშიც, სხვა ქალაქებშიც, მაგრამ თავის დამკვიდრებას ხელსაყრელი ფასებით ვგეგმავთ. დასაწყობების ფასი კვადრატულ მეტრზე ჩვენთან 20 დოლარია, სხვაგან -25 დოლარამდე. მომხმარებელბს შევთავაზებთ როგორც ხილის, მათ შორის, ლიმნის, ატმისა და მარწყვის, ასევე თევზის შენახვის სერვისსაც“, - განაცხადა ზვიად მალაყმაძემ.
ბიზნესმენის თქმით, ფერმერებისთვის საკუთარი პროდუქციის განთავსება მაცივარში საკმაოდ რენტაბელური იქნება.
„1 კგ მარწყვის საბითუმო ფასი ზაფხულში 2 ლარია, მაშინ როცა ზამთარში 7 ლარამდე იზრდება. ხილის შენახვა მაცივარში ფერმერებს მხოლოდ 1 ლარი დაუჯდებათ. შეუძლიათ, გაყინული მარწყვი არასეზონურ პერიოდში სასტუმროებს, რესტორნებსა და საკონდიტროებს მიაწოდონ. მარწყვზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, პროდუქცია იმპორტზე თურქეთიდან შემოდის“, - განაცხადა ზვიად მალაყმაძემ.
მეწარმე საწყის ეტაპზე, ფიქრობს, ხილი ფერმერებისგან თავადაც შეისყიდოს, რათა პოტენციურ კლიენტებს მაგალითი მისცეს.