ქართული ლურჯი მოცვი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე პირველად გავიდა.
ქართული ლურჯი მოცვი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე პირველად გავიდა.
როგორც კენკრის მწარმოებელ კომპანია "VanrikAgroGroup“ -ში აცხადებენ, საცდელი პარტია - 3 ტონა მოცვი -თვითმფრინავით არაბეთში უკვე გადატვირთეს, დღეს დამატებით 1 ტონას აგზავნიან, მომავალში კი ამ მოცულობის გაზრდას ვარაუდობენ. ექსპორტი მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელდა.
„ჩვენი მოცვი არაბეთში ძალიან მოეწონათ, უფრო მეტიც, მან შეიძლება, ესპანური პროდუქცია ჩაანაცვლოს, რომელიც შედარებით ძვირია და ხარისხითაც ქართულს საკმაოდ ჩამოუვარდება. არაბეთი ჩვენთვის საინტერესო ბაზარია და ვფიქრობთ, მომავალში, ჰოლანდიას, რუსეთსა და ბრიტანეთთან ერთად ერთ-ერთი აქტიური მიმართულება იქნება. რამდენიმე დღეში საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, რა მოცულობის კონტრაქტს გავაფორმებთ“, - განუცხადა eugeorgia.info-ს კომპანიის რეგიონულმა დირექტორმა, ნოე მუჯირმა.
"Vanrik AgroGroup“ 2012 წელს აჭარაში დაფუძნდა და ამ ეტაპზე 200 ჰა მიწის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის, მაყვლისა და კივის პლანტაციებს ფლობს. კომპანია წელიწადში 120 ტონა კენკრას აწარმოებს და, ძირითადად, უცხოეთში ყიდის. "Vanrik AgroGroup“ მომავალში დამატებით 200 ჰა მიწის ათვისებას გეგმავს. კომპანიაში ვარუდობენ, რომ სრულ მსხმოიარობაში ლურჯი მოცვის წარმოება 1000 ტონამდე გაიზრდება. "VanrikAgroGroup“ -ის თანადამფუძნებელი საპარტნიორო ფონდია.
ბელა ნოზაძე