ევროკავშირმა Facebook-ში კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ახალი გვერდი შექმნა
ევროკავშირმა კრემლის საინფორმაციო პროპაგანდის წინააღმდეგ კამპანია სოციალურ მედიაშიც დაიწყო და, სახელწოდებით- "EU vs Disinformation", Facebook-ში ახალი გვერდი შექმნა.
გვერდზე განთავსებული ვიდეოები, სახალისო ფაქტები და საინფორმაციო სიუჟეტები კრემლის პროპაგანდის მხარდასაჭერი დეზინფორმაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. “EU vs Disinformation” ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურში უკვე არსებულ ჯგუფს East StratCom-ს დაეხმარება, რომელიც კრემლის პროპაგანდის შესახებ 2 კვირაში ერთხელ საინფორმაციო ბიულეტინებს გამოსცემს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ცნობით, Facebook-ის გვერდზე განთავსებული პოსტები იქნება მარტივი და ფართო აუდიტორიაზე გამიზნული, როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ ენაზე.
“აღმოსავლეთი პარტნიორობის” ქვეყნების მოსახლეობისთვის უკვე ხელმისაწვდომია 2 საინფორმაციო ბიულეტინი: დეზინფორმაციის მიმოხილვა, რომელიც ყოველ სამშაბათს გამოიცემა და დეზინფორმაციის დაიჯესტი, რომელიც ყოველ პარასკევს ქვეყნდება. ორივე მათგანი აანალიზებს როგორ განსხვავდება კრემლის მხარდამჭერი მედიასაშუალებების მიერ დანახული მსოფლიო რეალობისგან.
https://www.facebook.com/EUvsDisinfo/