TRACECA-ს საბერძნეთი უერთდება
საბერძნეთს სურს, ევრაზიის სატრანსპორტო კორიდორს, TRACECA -ს, დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდეს, -შესაბამისი ოფიციალური წერილი საბერძნეთის ელჩმა აზერბაიჯანში, დიმიტრის ტსუნგასმა, სამთავრობოთაშორისო კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალურ მდივანს, მირჩე ჩიოპრაგს გადასცა. ორგანიზაციის ოფისი ბაქოში მდებარეობს.
როგორც სამდივნოს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ტსუნგასმა ყურადღება გაამახვილა TRACECA-ს მნიშვნელობაზე შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის, ასევე მეზობელი რეგიონებისთვის, განსაკუთრებით, ტრანსპორტის სწრაფი გლობალური განვითარების ტენდენციის ფონზე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს TRACECA-ს ფარგლებში ბოლო დროს მიღებული გადაწყევეტილებები, მათ შორის, საინვესტიციო პროექტებიც.
TRACECA ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირის და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე სამხრეთ კავკასიისა ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამაა. TRACECA-ს წევრი-ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდავეთი, რუმინეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, თურქეთი, უზბეკეთი, უკრაინა და ირანი.