ერთ თვეში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 890 მილიონი დოლარით გაუარესდა
საქართველოს საგარეო სალდო, რომელიც უარყოფითია, 2016 წლის ივნისში გასულ წელთან შედარებით, 889 მილიონი დოლარით გაუარესდა და 1 მილიარდ 297 მილიონი დოლარი შეადგინა, ძირითადად, იმპორტის ზრდის ხარჯზე, რომელმაც 858 მილიონი დოლარით მოიმატა, 1 მილიარდ 465 მილიონი დოლარამდე. პარალელურ რეჟიმში, 31 მილიონი დოლარით შემცირდა ექსპორტი.
ექსპორტის კლებისა და იმპორტის მატების ტენდენცია მთლიანად 2016 წლის პირველ ნახევარში შეინიშნება: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექვს თვეში ექსპორტი 948 მილიონი დოლარით განისაზღვრა (წინა წელთან შედარებით, 12 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 4 მილიარდ 757 მილიონი დოლარით (30 %-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის პირველ ნახევარში 3 მილიარდ 809 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67% შეადგინა, ასეთი მაჩვენებელი 2009 წელს ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი არ დაფიქსირდებულა, როდესაც სავაჭრო ბალანსმა ბრუნვის 59% შეადგინა.