„რთველი 2016“ - ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.
„რთველი 2016“ - ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, მართალია, ღვინის ექსპორტი იზრდება, სამაგიეროდ, საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციაზე ფასების შემცირების ტენდენციაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ გლეხების ინტერესის გათვალისწინებით წლევანდელი რთველის სუბსიდირება გადაწყვიტა.
,,სახელმწიფოს მიერ სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე განისაზღვრა 45 თეთრით, 1 კგ საფერავზე - 20 თეთრით, 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 2 ლარით. ყურძენს 100-ზე მეტი ღვინის საწარმო ჩაიბარებს. სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახე გლეხებსა თუ ფერმერებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პროგნოზით, 2016 წელს ყურძნის მოსავალი 180 ათას ტონას შეადგენს."
"ჩვენი თვითმიზანია, საერთოდ გამოვიდეთ სუბსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს დარგს ხელშეწყობა კვლავ სჭირდება. მნიშვნელოვანია როგორც მევენახეების, ასევე მწარმოებელთა ინტერესების გათვალისწინება”, - განაცხადა მინისტრმა.
ოთარ დანელიას თქმით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მევენახებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომია იაფი ფინანსური რესურსი შეღავათიანი აგროკრედიტის სახით, ხორციელდება აგროდაზღვევა, ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ღონისძიებები, რომლის შედეგად გაზრდილია ღვინის ექსპორტი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 22 ახალი და გადაიარაღებულია 43 ღვინის საწარმო.
ოთარ დანელიამ ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკაზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,8 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 46,6 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 18%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
მინისტრის თქმით, ექსპორტის მატება შეინიშნება როგორც ევროკავშირის, ისე ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით. 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა.