საფრანგეთმა საერთაშორისო სტარტ-აფებისთვის პროგრამა დაიწყო
საფრანგეთმა საერთაშორისო სტარტ-აფებისთვის პროგრამა „French Tech Ticket“ გამოაცხადა.
დამწყებ მეწარმეებს განაცხადის წარდგენა პროექტში მონაწილეობის მისაღებად 24 აგვისტომდე შეუძლიათ, ვებ-გვერდზე: www.frenchtechticket.com.
გამარჯვებული პროექტი 45 000 ევროთი დაფინანსდება, აღნიშნულ თანხაში შედის როგორც მონაწილეთა პერსონალური, ასევე პროფესიული ხარჯები.
გამარჯვებულ გუნდს, რომლის წევრთა რაოდენობა სამს არ უნდა აჭარბებდეს, ფრანგული ბიზნესინკუბატორები ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ - ტრენინგებსა და მასტერკლასებს ჩაუტარებენ, საოფისე ფართს გამოუყოფენ, ასევე ადგილობრივ ინვესტორებსა და კორპორაციების აღმასრულებლებთან ორჯერ შეხვედრასაც მოუწყობენ.
პროგრამაში მონაწილე ჯგუფის წევრები უცხოელები უნდა იყვნენ (დასაშვებია საფრანგეთის მხოლოდ ერთი მოქალაქე), რომლებიც ინგლისურ ენას ფლობენ. ისინი საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში დარჩებიან, რისთვისაც ვიზის მიღება გაუმარტივდებათ.
პროგრამა სექტორების მიხედვით შეზღუდული არ არის, გამონაკლისია ექსპორტ-იმპორტი და საკონსულტაციო საქმიანობა.
გამარჯვებული პროექტები დეკემბერში გამოცხადდება, ხოლო პროგრამა 2017 წლის იანვარში დაიწყება.
French Tech Ticket საფრანგეთში წელს მეორედ ტარდება. შარშან კონკურსში მონაწილე 100 სხვადასხვა ქვეყნის 722 სტარტ-აფიდან 23-მა გაიმარჯვა. როგორც პროგრამის ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტი წარმატებული გამოდგა, შესაბამისად, ბენეფიციართა რაოდენობა 70-მდე, ბიზნესინკუბატორების კი - 10-დან 41 -მდე გაზარდეს.