ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფცია საქართველომ 2018 წლის ივნისამდე უნდა დანერგოს
ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ქართული საბაჟო პროცედურები ევროპულ რეგულაციებს დაუახლოვოს და საბაჟო სისტემაში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ( აეო) კონცეფცია დანერგოს.
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი თანამედროვე ევროპული საბაჟო კონცეფციაა, რომელიც კომპანიებს გამჭვირვალედ და კანონმორჩილად წარმართული საქმიანობის სანაცვლოდ მთელ რიგ საბაჟო შეღავათებს სთავაზობს. საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს პროგრამა - "ოქროს სია", რომელიც აეო-ს კონცეფციის საფუძველზეა შექმნილი, თუმცა, მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შეიძლება გახდეს როგორც მსხვილი, ისე საშუალო და წვრილი კომპანია, ვინაიდან შერჩევის კრიტერიუმებში ყურადღება არ ექცევა კომპანიის ბრუნვის მოცულობას. "ოქროს სიაში" გაწევრიანება კი შეუძლია მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლთა წლიური იპმორტიც აღემატება 5 მლნ ლარს აღემატება.
"ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომელსაც აქვს რაიმე სახის პროცედურული შეხება საბაჟოსთან. ეს შეიძლება იყოს: პორტის ოპერატორი, საზღვაო გადამზიდავი, სარკინიგზო ან საავტომობილო გადამზიდავი, ექსპედიტორი, სასაწყობე-ლოგისტიკური ან სხვა ნებისმიერი კომპანია. "ოქროს სია" კი მხოლოდ იმპორტიორებს ან ექსპორტიორებს აერთიანებს და მხოლოდ მათ სთავაზობს შეღავათებს.
საქართველოს საბაჟოს მიერ აღიარებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორები ისარგებლებენ მნიშვნელოვნად გამარტივებული საბაჟო კონტროლის პროცედურებით. საქართველოში განხორციელებულ საბაჟო პროცედურებთან ერთად გამარტივდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბაჟო პროცედურებიც იმ საქონლის მიმართ, რომელსაც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორები საქართველოდან ევროკავშირში შეიტანენ.
ავტორიზებული ეკონომიკური კომპანიები თითქმის სრულად თავისუფლდებიან საბაჟო ორგანოებთან პროცედურების შეთანხმებისგან, თუმცა მათ რჩებათ ინფორმირების ვალდებულება. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ თუ ავტორიზებული კომპანია გადაწყვეტს განახორციელოს საქონლის იმპორტი, მას არ სჭირდება საბაჟო დეკლარაციაზე ან სხვა საბაჟო დოკუმენტზე მებაჟე ოფიცრის ხელმოწერა ან სხვა სახის თანხმობა პროცედურების დასრულების მიზნით. ის უბრალოდ აცნობებს საბაჟო ორგანოებს მისი განზრახვის შესახებ და უგზავნის შესაბამისი ფორმის ინფორმაციას.
ევროკავშირის ქვეყნების ავტორიზებული კომპანიები საქართველოსგან განსხვავებით საბაჟო პროცედურების განხორციელების ყველა ეტაპზე სარგებლობენ ისეთი პროცედურული შეღავათებით, როგორიცაა: საქონლის ქვეყანაში შემოტანა, ლოგისტიკა, დასაწყობება, შიდა ტრანზიტი და სხვადახვა რეჟიმში მოქცევა," - აცხადებს Deloitte-ის მრჩეველი საბაჟო საკითხებში, ბონდო ბოლქვაძე.
საბაჟო სისტემაში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის დანერგგვისთვის საქართველომ გარკვეული სამუშაო უნდა გასწიოს. კერძოდ:უნდა შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კანონქვემდებრე ნორმატიული აქტები; შემოსავლების სამსახურმა უნდა წარმართს ცნობიერების ამაღლების კამპანია კერძო სექტორისთვის და მას აეო-ს უპირატესობები გააცნოს. უნდა მოხდეს საბაჟო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს აეო-ს უპირატესი მომსახურება ცალკე გამოყოფილ VIP სივრცეში. აუცილებელია საბაჟო ინსპექტორების ცოდნის და გამოცდილების ამაღლება, აეო-ს საკითხთან დაკავშირებული ტრენინგები და გამოცდილების გაზიარება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბაჟოებისგან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმება უნდა გაფორმდეს.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველოს საბაჟო პროცედურების ჰარმონიზება ევროპულ რეგულაციებთან2018 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.