რატომ შემოაქვს „მაკდონალდსს“ ფუნთუშები უკრაინიდან - ქართულ საწარმოთა პრობლემები
![http://eugeorgia.info/uploads/video_news/რატომ შემოაქვს „მაკდონალდსს“ ფუნთუშები უკრაინიდან - ქართულ საწარმოთა პრობლემები](http://eugeorgia.info/uploads/video_news/579625f805a43.jpg)
„მაკდონალდსს“ ფუნთუშები ბურგერებისთვის უკრაინიდან შემოაქვს, რადგან იმპორტი წარმოებასთან შედარებით 20%-ით იაფი უჯდება, -განუცხადა eugeorgia.info-ს კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა, სანდრო რატიშვილმა. კომპანია პურ-ფუნთუშეულის აწარმოებს, ის 1998 წელს „მაკდონალდსთან“ ერთად ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ, სპეციალურად სწრაფი კვების ქსელის მოსამარაგებლად დააფუძნა.
ორი თვის წინ „ემსიბიმ“ ლილოში პურ-ფუნთუშეულის ახალი ქარხანა გახსნა. ბიზნესპროექტი ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდა, აქედან 300 ათასი დოლარი სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ იაფი სესხის სახით მიიღო. კომპანია 12 სახეობის პროდუქციას, მათ შორის, სენდვიჩებს, კექსებსა და მაფინებს აწარმოებს და „ბეიქჰაუზის“ ბრენდით საცალო ქსელში ყიდის, თუმცა, კონკურენცია იმპორტთან საკმაოდ უჭირს.
დირექტორის განცხადებით, უკრაინული პროდუქციის თვითღირებულება იაფი ადგილობრივი ნედლეულის (ფქვილის, შაქრის, თუ მარილის) გამო დაბალია. თუმცა, ნედლეულის გარდა, ქართული წარმოების არაკონკურენტუნარიანობას სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, კომუნალური მომსახურების სიძვირეც განაპირობებს.
„საქართველო წყლის ქვეყანაა, ჩვენ კი ერთ კუბურ მეტრ წყალში 4,5 ლარს ვიხდით. ცხადია, ბუნებრივი რესურსების კომპანიები ბუნებრივი მონოპოლისტები არიან, მაგრამ მომხმარებლების დასაცავად მარეულირებელი კომისიები ხომ არსებობს? უფრო მეტსაც გეტყვით, ახალი ქარხანა რომ ავაშენეთ, თვეობით მოვუნდით ქსელის მიერთებაზე ნებართვების აღებას. არ აინტერესებს არც „ენერგოპროს“, არც „წყალკანალს“, შენ გეჩქარება თუ არა, ან რამდენად ზარალდები, თავისი ბიუროკრატიული სისტემა აქვთ... მათი მომსახურება კი ძალიან ძვირია, „ენერგოპრომ“ ქსელზე მიერთებისთვის 100 ათასი ლარი მოგვთხოვა! არავინ აკონტროლებთ“, - აღნიშნა კომპანიის მენეჯერმა.
სანდრო რატიშვილის თქმით, სერიოზული პრობლემებს ქართველ მეწარმეებს ლარის დევალვაციაც უქმნით, განსაკუთრებით მათ, ვისაც საბანკო ვალდებულებები გააჩნიათ.
„ჩვენ რომ იაფი კრედიტი მივიღეთ, მაშინ დოლარი 1,75 ლარი ღირდა, ახლა კი - 2,34 ლარია. რამხელა სხვაობაა?! კარგია, რომ სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელსაც ორწლიანი საშეღავათო პერიოდი აქვს, აქამდე ესეც არ იყო და მადლობლები ვართ, მაგრამ ორ წელიწადში როგორ წარმოგიდენიათ ქარხნის აშენება, დანადგარების ჩამოტანა,მონტაჟი, ტესტირება, პროდუქციის გამოშვება, დისტრიბუციის აწყობა ძლიერი კონკურენტების ფონზე და მოგების ნახვა, რომ სესხი გადავიხადოთ?! ვფიქრობ, კარგი იქნებოდა საშეღავათო პერიოდის გაზრდა, ამავე დროს სავალუტო რყევების თავიდან ასაცილებლად აქტიური სამთავრობო პოლიტიკის გატარება“, - აცხადებს სანდრო რატიშვილი.
მეწარმემ ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა ანტიდემპინგური კანონპროექტის განხილვა, რომლის საფუძველზე ადგილობრივი წარმოება იაფი იმპორტირებული პროდუქციისგან თავს დაიცავდა.
„საქართველოში ბოლო 25 წელია, ეკონომიკის ისეთი მოდელი მუშაობს, რომ „მაკდონალდსმაც“ კი ჩვენგან ფუნთუშების შესყიდვა შეწყვიტა და უკრაინიდან შემოტანა დაიწყო, ვინღა საუბრობს იაფფასიან ჩინურ ტანსაცმელსა და თურქულ პომიდორზე... საქართველო ზის იმპორტის ნემსზე, როგორც ნარკომანი, ეს არის კატასტროფა, რაც მოკლე პერიოდში აუცილებლად გამოიწვევს კოლაფსს. ჩვენ არ მოვითხოვთ იმპორტის აკრძალვაზე, არამედ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე“- აცხადებს მეწარმე.
ბელა ნოზაძე