ქართულმა კომპანიამ გერმანიაში ექსპორტზე ძირტკბილა გაიტანა
კომპანია „ჯორჯიან ჰერბსმა“ გამომშრალი სამკურნალო მცენარეები ექსპორტზე გერმანიაში გაიტანა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, სოსო კობახიძემ, eugeorgia.info-ს განუცხადა, ევროპაში საცდელად 12 ტონა ძირტკბილას ფესვები გაგზავნეს, უახლოეს პერიოდში კი, როგორც პროდუქციის მოცულობის, ასევე საექსპორტო არეალის გაზრდას გეგმავენ.
„ჩვენი კომპანია 2012 წელს დაფუძნდა, ძირტკბილას გლეხებისგან ვიბარებთ, ტონას - 350 ლარად და აქამდე მხოლოდ ეგვიპტესა და აშშ-ში ვყიდდით, წელიწადში, დაახლოებით, 300-500 ტონამდე. ამ ეტაპზე გერმანიის გარდა, ვგეგმავთ, პროდუქცია ევროპის სხვა ქვეყნებშიც შევიტანოთ. ვიმედოვნებთ, ჩვენი ბექსპორტი 700 ტონამდე გაიზარდება“, - იმედოვნებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ჯორჯიან ჰერბსი“ დღეისათვის 12 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, თუმცა, უცხოეთში მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, მხოლოდ ძირტკბილას ფესვები გააქვს - კომპანიას შესაბამისი წარმოების ხაზები არ აქვს. მენეჯმენტი საწარმოს გადაიარაღებასა და გაფართოებას გეგმავს, გარდა ამისა, საცალო ქსელში შესვლასაც აპირებს.
„ხარაგაულის რაიონში კომპანია „კავკაზანის“ საწარმო ვიყიდეთ. ეს გერმანული კომპანია ჯერ კიდევ 90-იან წლებში სამკურნალო მცენარეებს აწარმოებდა და ექსპორტზე სამშობლოში გაჰქონდა, თუმცა, შემდეგ წარმოება შეაჩერა. გვინდა, ბრენდი გამოვიყენოთ და გერმანიაში „კავკაზანის“ სახელით დაფასოებული მცენარეული ჩაის, ჩირებისა და ჯემების ასორტიმენტი მცირე მაღაზიებში შევიტანოთ“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
სოსო კობახიძის ვარაუდით, კომპანიას გადაიარაღება პირველ ეტაპზე 200-300 ათასი დოლარი დაუჯდება.
ბელა ნოზაძე