ახალი ხელისუფლება სტაბილურ მართვას მხოლოდ კონსენსუალური დემოკრატიის პირობებში შეძლებს
მსგავს ვითარებაში პარლამენტი იძენს ფორმალურ ფუნქციას, ის რეალურად არ გამოხატავს ხალხის აზრს, ამიტომ განსაკუთრებით ამ პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხი“, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლაშა ძებისაშვილმა eugeorgia.info -სთან საუბრისას. ახალგაზრდა დოქტორმა ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ნატოს გავლენა და ინსტიტუციონალური ცვლილებები სომხეთსა და საქართველოში“.
ანალიტიკოსის თქმით, მმართველმა ძალამ თითოეული გადაწყვეტილება კონსესუალურად უნდა მიიღოს, შესაბამისად, მჭიდრო კომუნიკაცია უნდა დაამყაროს სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციასთან, აწარმოოს კონსულტაციები და აქტიურად ითანამშრომლოს.
„ყველა ძალა, რომელიც აქამდე ხელისუფლებაში მოდიოდა, მაღალი ლეგიტიმაციით მოდიოდა, „ქართულ ოცნებას“ დღეს პირველად საქართველოს ისტორიაში აქვს შანსი, დაამკვიდროს კონსენსუალური დემოკრატიის მაგალითი“, - აღნიშნა ლაშა ძებისაშვილმა.
-ს კითხვაზე, რამდენად აქვს „ქართულ ოცნებას“ რესურსი, მსგავსი პოლიტიკით იხელმძღვანელოს, ანალიტიკოსმა ყურადღება პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის დღევანდელი განცხადებაზე გაამახვილა, რომელმაც პრეზიდენტის არჩევის წესის სავარაუდო ცვლილებაზე ისაუბრა.
„ეს გარკვეულწილად, პირდაპირი მინიშნებაა - რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. თუ მათ უნდათ გერმანული მოდელის დანერგვა - ანუ, პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ, პრობლემა არ არის. მაგრამ აქ უნდა ყურადღება უნდა გავამახვილოთ მთავარ ფაქტორზე - ბუნდესტაგი კი არ ირჩევს გერმანიის პრეზიდენტს, არამედ პარტიებს შორის კონსესუსი დგება, ისინი თანხმდებიან ერთ პიროვნებაზე, თუ მეორე პარტია უარს იტყვის წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერაზე, ვერ აირჩევენ. სრულიად მისაღები ვარიანტია, რადგან გამოხატავს პოლიტიკური სპექტრის აზრს. ჩვენთან ყველა პარტია გამოვარდა არჩევნებიდან, დარჩა მხოლოდ ორი რადიკალურად განწყობილი პარტია და მესამეც, ძალიან მცირედ წარმოდგენილი, რომლებიც, ერთად მოსახლეობის ნახევრის აზრსაც ვერ გამოხატავენ - „ქართულმა ოცნებამ“, ამომრჩეველთა ხმების 24% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ -12%, ანუ, მთლიანი მოსახლეობის 64%-ს არცერთი მოსწონს და არც მეორე“, - აღნიშნა ლაშა ძებისაშვილმა.
„ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება - აბსოლუტურად რყვნის. თუ „ქართული ოცნებამ“ იგივე მეთოდით დაიწყო მართვა, რითაც წინა ხელისუფლება ხელმძღვანელობდა - რასაც მინდა, იმას გავაკეთებ (მას კი, სხვათა შორის, მოსახლოების გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა), ხალხს გაუჩნდება პროტესტის გრძნობა, რომ პოლიტიკურ პროცესებს მის დაუკითხავად წარმართავენ. ეს კი, საერთო ჯამში, ძალიან ცუდ მოვლენებს გამოიწვევს. ხალხის გაღიზიანებას „ნაციონალური მოძრაობა“ სათავისოდ გამოიყენებს და განაცხადებს, რომ ერთადერთი ოპოზიციური ძალაა, რომელსაც პროტესტის ძალა შესწევს. ეს პარტია კი, ოთხ წელს, სავარაუდოდ, ლოდინს არ დაიწყებს. როგორც კი ნახავს, რომ იზრდება პროტესტის გრძნობა, ხელისუფლება კი თავისას არ იშლის, ყველა საშუალებას გამოიყენებს. გაიხსენეთ, ეს ის პარტიაა, რომელსაც უარი არ უთქვამს დესტრუქციული სცენარების გამოყენებაზე. შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როგორც ხშირად ხდება ხოლმე საქართველოში -ოღონდ არსებული ხელისუფლება არ იყოს და ვინც გინდა ის მოვიდეს სათავეში“, - აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, საქართველოში პროცესები უფრო მეტად, არა ბუნებრივი გზით, არამედ კატაკლიზმურად ვითარდება, ქვეყანაში კი სისტემური სტაბილურობა არ არის.
„სამოქალაქო საზოგადოება განვითარებულ ქვეყნებში გაცილებით მრავალფეროვანია. ის არ შედგება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, როგორც ჩვენთანაა წარმოდგენილი. საქართველოში არ არსებობენ ასოციაციები, ამხანაგობები, სამეზობლოები, არც თვითმმართველობაა განვითარებული, რაც ქვეყნის სტაბილურობის მდგრადობას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა ექსპერტმა.