ქართული "ფრი" ახალციხიდან რეალიზაციაში დეკემბრიდან ჩაეშვება
კომპანია „ფრეკომ“, რომელიც პირველი ქართული ფრის წარმოებას გეგმავს, გლეხებისგან 60 ტონა კარტოფილი ჩაიბარა.
როგორც კომპანიის ხელმღვანელმა, ირაკლი ქურდაძემ eugeorgia.info -ს განუცხადა, საწარმოს მშენებლობა ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში უკვე დასრულებულია, უახლოეს პერიოდში, საწარმოო ხაზების მონტაჟი, ხოლო პროდუქციის გამოშვება, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში დაიწყება. ამავე დროს, მენეჯმენტმა უკვე მოიძია გამოცდილი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ქართულ ფრის საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მიაწვდის.
„ფრეკომ“ 1400 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა სახელმწიფოსგან სიმბოლურ თანხად პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ მიიღო, ამავე დროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი ლიზინგის პროგრამით ისარგებლა და 100 ათასი ლარის აღჭურვილობა შეისყიდა. სულ, მთლიანობაში, საწარმოში 300 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
როგორც ირაკლი ქურდაძემ განაცხადა, საქართველოში გაყინული კარტოფილი ფრის წლიური მოხმარება 2 ათასი ტონაა და ის, ძირითადად, იმპორტით ევროპის ქვეყნებსა და მცირე რაოდენობით, თურქეთიდან შემოდის. კომპანია გეგმავს, პირველ ეტაპზე 100 ტონა პროდუქცია აწარმოოს, მომდევნო წლებში კი ეს მოცულობა სამჯერ გაზარდოს.
„ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს მთლიანად ნატურალურ პროდუქტს შევთავაზებთ, დანამატების გარეშე. გარდა ამისა, იმპორტულთან შედარებით, დაახლოებით, 15%-ით იაფი იქნება, რადგან გაყინული ფრის ტრანსპორტირება სპეციალური ტრაილერებით ხორციელდება და ორჯერ ძვირი ჯდება. თან ჩვენი საწარმო მაღალმთიან რეგიონშია და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს“, - აცხადებს ახალგაზრდა მეწარმე ახალციხიდან, რომელიც პროექტის განხორციელებაზე 2009 წლიდან მუშაობს.
კომპანიას უცხოელი დონორების, მათ შორის, აშშ-ის განვითარების სააგენტოსა და ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერის წყალობით, ამერიკელი და ჰოლანდიელი სპეციალისტები ეწვევიან, რომლებიც პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობენ.
„ჩვეულებრივ, ფრი ნახევარფაბრიკატია, რომელიც ზეთში სანახევროდ იწვება, შოკურად იყინება ამ სახით მიეწოდება მომხმარებელს. ჩვენ ვფიქრობთ, მასთან ერთად გამოვუშვათ ე.წ. „ფრეშ“ კარტოფილი, თერმული დამუშავების გარეშე, რომლის საგემოვნო თვისებები და ხარისხი გაცილებით მაღალია და რომელზეც მოთხოვნა ევროპაში სულ უფრო და უფრო იზრდება“, - განაცხადა მეწარმემ.
„ფრესკოში“ მომავალი წლიდან ქართული ჩიფსების წარმოებასაც გეგმავენ, რომელსაც მხოლოდ ბუნებრივი დანამატები ექნება და, შესაბამისად, შენახვის მოკლე ვადა.
ბელა ნოზაძე