ჩინეთის შემდეგ ღვინის სააგენტო გააქტიურებას იაპონურ ბაზარზე გეგმავს
ქართული ღვინის ექსპორტის სამიზნე ბაზრებს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიური მარკეტინგული კამპანიის ჩატარებას გეგმავს, გაისად იაპონია შეემატება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა eugeorgia.info-ს განუცხადა.
მისი თქმით, ქართული ღვინო იაპონიაში დღეისათვის მცირე რაოდენობით (წელიწადში, დაახლოებით, 100 ათასი ბოთლი) გადის, მაშინ, როცა საკმაოდ პერსპექტიული და მზარდი ბაზარია.
„წინა წლებში ცნობადობის ასამაღლებლად ჩვენი პროდუქცია იაპონიაში გამართულ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა, მაგრამ რეგულარული ხასიათი ამან მხოლოდ გასულ წელს მიიღო. ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო სპეციალიზებულ გამოფენებზე - Japan Food” და „Wine Gourman Show”. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, თუ ღვინის ცნობადობის ასამაღლებლად წმინდა კომუნიკაციურ პლატფორმას არ შევქმნით, მხოლოდ გამოფენა-გაყიდვები საკმარისი არ არის. ამიტომ გადაგვწყვიტეთ, იაპონიაში მარკეტინგული ღონისძიებების ბიუჯეტი გავზარდოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს იაპონიაში ღვინის ცნობილ განმანათლებელთან - ნესტასთან, რომელიც ძირითადი პარტნიორი გახდება და ადგილობრივ მომხმარებელთან ქართული ღვინის კომუნიკაციას კოორდინაციას გაუწევს.
„ჩვენ ვგეგმავთ მრავალი ღონისძიებისა და პრეზენტაციის ორგანიზებას, რათა გავლენა მოვახდინოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც, თავის მხრივ, ღვინის ბაზარზე საზოგადოებრივ აზრს ქმნიან. ასევე გავავრცელოთ მაქსიმალური ინფორმაცია და ავამაღლოთ ცნობიერება ქართული ღვინის ღირსებებზე. მოგეხსენებათ, ჩვენი ღვინო განსხვავებული პალეტისაა, უნიკალურია და ე.წ. ნატურალურ ღვინოებს მიეკუთვნება. ეკოლოგიურად სუფთაა, ხშირ შემთხვევაში, ორგანული, სავსეა კატეხინებითა და პოლიფენოლებით, ანუ, ანტიოქსიდანტებით. 1 ლიტრი ქართული ღვინო, დაახლოებით, 3 ათას მგ პოლიფენოლს შეიცავს, მაშინ როცა კომერციულ ღვინოებში - 200-300 მგ-ს არ აღემატება. იაპონელი მომხმარებელი კი ძალიან აფასებს ჯანმრთელ საკვებს, შესაბამისად, ქართული ღვინო სასიამოვნოც არის და სასარგებლოც“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ლევან დავითაშვილის თქმით, ქართული ღვინო იაპონელი მომხარებლისთვის საინტერესო და მისაღები იქნება არა მარტო შემადგენლობის, არამედ მისი ისტორიის გამო.
„იაპონია პატივს სცემს ტრადიციებს. ჩვენი ღვინის მთავარი ფასეულობებია მისი ღრმა კავშირი ქვეყნის ისტორიასთან, კულტურასა და ტრადიციებთან, რაც აზიელ მომხმარებელთან კომუნიკაციაში დაგვეხმარება. ამის გამოცდილება კი ჩინეთის ბაზარზე მივიღეთ, რომლის ათვისება წარმატებით მიმდინარეობს და რომელიც უკვე სიდიდით მეორეა ჩვენი ღვინისთვის. ქართულ ღვინოს ცნობენ და აფასებენ არა საერთო სოციალისტური წარსულის, არამედ ტრადიციული კულტურისა და ფასეულობების გამო, რაც დამახასიათებელია ჩინეთისთვისაც“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ აქტიური მარკეტინგული კამპანიის წყალობით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტი იაპონიაში 1 მილიონ ბოთლს მიაღწევს.
ბელა ნოზაძე