საქართველომ თურქეთთან დიაგონალურ კუმულაციაზე შეთანხმებას, ფაქტობრივად, მიაღწია
საქართველომ თურქეთთან დიაგონალურ კუმულაციაზე შეთანხმებას, ფაქტობრივად, მიაღწია, - განუცხადა ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მარიამ გაბუნიამ eugeorgia.info-ს.
მისი მონაწილეობით ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია მეზობელ ქვეყანაში გასულ კვირას იმყოფებოდადა თურქ კოლეგებთან მოლაპარაკებები გამართა.
„თურქეთში განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება იყო. ფაქტობრივად, უკვე შევათანხმეთ ის ცვლილებებიც, რომელიც შევა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში, ახლა შიდა პროცედურებზე დავატრიალეთ ეს ნაწილი, იანვრის დასაწყისში კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება, ამჯერად, თბილისში და მალე, ალბათ, ხელს მოვაწერთ. ორივე მხრიდან პარლამენტებში რატიფიცირების პროცედურაღა დარჩება შესასრულებელი“, - განაცხადა მარიამ გაბუნიამ.
დიაგონალურ კუმულაციაზე შეთანხმებას თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლენში ქართული მხარე უკვე, თითქმის, ორი წელია, ცდილობს. თურქეთი 1998 წლიდან ევროპულ ქვეყნებთან საბაჟო კავშირშია გაწევრიანებული, საქართველომ, თავის მხრივ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმა. დიაგონალური კუმულაციის მიღწევით, ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა მიეცემა, თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქცია ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანოს. დღეს მხოლოდ საკუთარი ნედლეულით დამზადებული პროდუქტების ექსპორტირების უფლება აქვს. ეს განსაკუთრებით აქტუალური ტექსტილის ბიზნესისთვისაა: საქართველოში სამკერვალო ინდუსტრია ასე თუ ისე, განვითარებულია, თუმცა, სანედლეულო ბაზა(ძაფი, ქსოვილი) არ გააჩნია და იმპორტზე შემოაქვს. თავის მხრივ, თურქული მხარე დაინტერესებული არ არის, ევროპულ ბაზარზე საქართველოს სახით ახალი კონკურენტი გაიჩინოს.
მარიამ გაბუნიას თქმით, თურქულ მხარესთან მოლაპარაკება დაიწყო მომსახურების ლიბერალიზაციაზეც, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. Eugeorgia.info დაინტერესდა, საქართველოში არსებული მომსახურების რომელი სახეობა შესაძლოა გახდეს პერსპექტიული და კონკურენტუნარიანი თურქულ ბაზარზე.
„სიმართლე რომ ვთქვათ, მომსახურების ლიბერალიზაციაზე ინიციატივა მათი მხრიდან მოდის, ჩვენ ვიწყებთ შესწავლას, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება, რა შესაძლებლობები აქვს და რა მიმართულებით შეიძლება გავხსნათ ბაზრები. არის საქმიანობის გარკვეული სფეროები, რომელიც საქართველოში ისედაც გახსნილია, ამ მხრივ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უფრო ლიბერალურები ვართ, ვიდრე თურქეთი“, - აღნიშნა მარიამ გაბუნიამ.
მისი თქმით, ანალოგიურად, ქართული მხარე ცდილობს გარკვეული პროდუქტების ექსპორტზე საბაჟო შეღავათების მოპოვებას, რომელსაც მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს, მაგრამ არსებული ხელშეკრულებით, ქვოტას ექვემდებარება.
თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას საქართველომ 2007 წელს მოაწერა. რვა წლის შემდეგ სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 600 მილიონი დოლარით, ანუ, 40%-ით გაიზარდა, თუმცა, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ძირითადად, თურქეთის სასარგებლოდ: 2007-2015 წლებში საქართველოდან ექსპორტის მოცულობამ მეზობელ ქვეყანაში მხოლოდ 8%-ით (14 მილიონი დოლარით) მოიმატა და 186 მილიონი დოლარი შეადგინა; რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა გაორმაგდა და 1 მილიარდ 331 მილიონ დოლარს მიაღწია. თურქეთის წილი 2007 წელს ქვეყნის მთლიან იმპორტში 14%-სშეადგენდა, გასულ წელს კი 17% -ით განისაზღვრა.
ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, 174 ტიპის პროდუქციის შემოტანაზე 12%-იანი საბაჟო გადასახადი მოქმედებდა, ხოლო 43 სახეობაზე - 5%-იანი. შეთანხმების შემდეგ ყველა ზემოხსენებული პროდუქტი, 15 პოზიციის გარდა, გათავისუფლდა გადასახადებისგან. რაც შეეხება თურქულ მხარეს, გადასახადებისგან არ გათავისუფლდა პროდუქტების 8 კატეგორია (თითოეულიკატეგორია 10 პოზიციისგან შედგება) და დამატებით - 22 პოზიცია. ამასთანავე, თურქეთმა სხვადასხვა პროდუქტებისთვის სატარიფო ქვოტები დააწესა და ადგილობრივი წარმოების დასაცავად ფუნქციური მექანიზმი ჩადო, რომელიც ავტომატურად, ქვეყანაში იმპორტს ზღუდავდა. ამის საწინააღმდეგოდ, ქართულ მხარეს სატარიფო ქვოტები თურქული მხარისთვის არ დაუწესებია.