ევროკავშირი სოფლის განვითარების პროექტის განხორციელებაზე აჭარაში კონკურსს აცხადებს
ევროკავშირი სოფლის განვითარების საპილოტე ღონისძიებებისათვის აჭარაში კონკურსს აცხადებს.
საგრანტე კონკურსის ფარგლებში ღონისძიებები გავრცელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, მათ შორის კონკურენტუნარიანი და კლიმატის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის მხარდაჭერა, ასევე სოფლად ეფექტური არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და გარემოს რესურსების მდგრადი მართვა და დაცვა.
პროექტის საერთო ღირებულებაა 10 მილიონი ლარი (4 მილიონი ევრო). არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში, კონცეფციების წარდგენა 2016 წლის 15 დეკემბრამდე შეუძლიათ.
კონკურსი გამოცხადებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, რომლითაც ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაში ეხმარება. ქვეყანაში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი სოფლად სიღარიბის შემცირებაა.
ამ ეტაპზე მსგავსი სოფლის განვითარების საპილოტე პროექტები ყაზბეგში, ლაგოდეხსა და ბორჯომში უკვე ხორციელდება, წელს დამატებით, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ახალქალაქის, თეთრიწყაროს, დედოფლისწყაროს, დუშეთის და მესტიის ტერიტორიული ერთეულებიდან სოფლის განვითარების სამი დამატებითი პროექტის შეირჩევა.
სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:
https://webgate.ec.europa.eu/europeaid/online-services/index.cfm?do=publi.welcome&nbPubliList=15&orderby=upd&orderbyad=Desc&searchtype=RS&apply=N&aofr=153881&userlanguage=EN